ეკონომიკა

პარლამენტში საბანკო ზედამხედველობაზე კანონპროექტის მეორე მოსმენა გადაიდო

10 ივლისი, 2015 •
პარლამენტში საბანკო ზედამხედველობაზე კანონპროექტის მეორე მოსმენა გადაიდო

„ყველა საკითხი გარკვეულია და პრინციპულ თემაზე ურთიერთგაგება მიღწეულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ყველას გვესმის, რომ საქართველოს სჭირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანადგომა და სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს ეს პროცესი. პროცესი გრძელდება. შეშფოთების საფუძველი არავის არ აქვს, ჩვენ ყველა კომენტარს, პოზიციას და მოსაზრებას დიდი ყურადღებით ვისმენთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა 10 ივლისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.


კოალიცია “ქართული ოცნების” ორი დეპუტატის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი (რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას გულისხმობს), საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, პრეზიდენტის, ბიზნესასოციაციების, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფის კრიტიკის სამიზნე გახდა.

 

პარლამენტმა კანონპროექტი  პირველი მოსმენით 27 ივნისს მიიღო. ახლა ეს ინიციატივა მეორე მოსმენის რეჟიმშია და საპარლამენტო კომიტეტებში იხილება.

 

„მინდა დავამშვიდო ყველა – ბიზნესწრეები, პოლიტიკური წრეები, საზოგადოება, ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ვინც ამ პროცესს უყურებენ და შესაძლოა ღელავენ, რომ რა ხდება – არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც დააზიანებს ჩვენ ქვეყანას, საბანკო სისტემას. პირიქით, რაც მოხდება, ის იქნება მიმართული ამ სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებისკენ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მომავალ კვირას შესაძლოა პარლამენტი უკვე მზად იყოს იმისთვის, რომ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გაიტანოს საკანონმდებლო ცვლილებები განსახილველად, რაც თავდაპირველად მიმდინარე კვირაში იგეგმებოდა.

 

საკანონმდებლო ინიცატივის თანაავტორი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ კანონპროექტის განხილვის გადადების მიუხედავად საუბარი არ არის პირველი მოსმენით უკვე მიღებული პრინციპული საკითხების უკან წაღებაზე:

 

“საქმე ეხება საფინანსო ზედამხედველობის ახალი სააგენტოს შესაქმნელად საკითხების დაზუსტებას”.

 

დავით უსუფაშვილმა თამაზ მეჭიაურის რეპლიკას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ასე უპასუხა:


„პარლამენტმა პირველი მოსმენით რაც მიიღო, თქვენ იმას ვერც უკან წაიღებთ და ვერც წინ. პირველი მოსმენით მიღებულია კანონპროექტი და ხდება მისი დახვეწა მეორე მოსმენის რეჟიმში. რა თქმა უნდა, ეს ასეა”.

 

საქართველოს პარლამენტმა 27 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტთა სადავო პაკეტი, რომელიც ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევას და ამ უფლების ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოსთვის გადაცემას ითვალისწინებს, რომლის შექმნაც პირველი აგვისტოდან იგეგმება

 

კანონპროექტის 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 1-ის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიანიშნა, რომ სამივე მოსმენით მიღების შემთხვევაში, საკანონმდებლო პაკეტს ვეტოს დაადებს. ქართული ოცნების 86-წევრიან უმრავლესობას მის დასაძლევად საკმარისი ხმები აქვს; ამისთვის სულ ცოტა 76 ხმა არის საჭირო.

 

რა იცვლება საბანკო ზედამხედველობაში

 

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ეროვნული ბანკის შემადგენლობაში მყოფ, თუმცა მისგან დამოუკიდებელ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს სრულად გადაეცემა კომერციული და არაკომერციული საფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის ფუნქციები, მათ შორის კომერციული ბანკების და სხვა საფინანსო ორგანიზაციების ლიცენზირების, შემოწმებისა და რეგულირების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების უფლება, რაც ამჟამად ეროვნული ბანკის მოვალეობებში შედის.

 

კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის გადამუშავების შედეგად, ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს მმართველ 7-კაციან საბჭოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ასევე შევა ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთი წევრი და მთავრობის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, რომელთაც პარლამენტი შვიდი წლის ვადით დაამტკიცებს.


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნის თანახმად კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია სრულად არ შეესაბამებოდა კონსტიტუციას. 26 ივნისს საპარლამენტო სესიაზე განხილვის დროს კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ პროექტი გადამუშავდა: “კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას ვერ ვხედავ” – განაცხადა ხმალაძემ. 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი