ეკონომიკა

მრეწველები გარემოს დაცვის ექსმინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის ბრძანების გასაჩივრებას აპირებენ

20 მაისი, 2015 • • 1427
მრეწველები გარემოს დაცვის ექსმინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის ბრძანების გასაჩივრებას აპირებენ
ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ 2015 წლის 24 აპრილს გამოცემული ბრძანება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების – კერძოდ კი, გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოს შემოტანას ხდის შესაძლებელს, პარლამენტის შესაბამისს კომიტეტში ცხარე კამათის და დაპირისპირების მიზეზი გახდა.


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ განმარტა, რომ “ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ” პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გენმოდიფიცირებული თესლის ცხოველთა საკვებად შემოტანას არ კრძალავს და მის ეტიკეტირებას ითვალისწინებს:

“მსოფლიოში სოის დიდი ნაწილი გენმოდიფიცირებულია. როდესაც საბაჟომ მისი შემოტანა დააფიქსირა, მოგვმართა ჩვენ და გვითხრა, რომ რაკი ევროკავშირის მიერ აღიარებული სია არსებობს, რას ვაკეთებთ – ვრთავთ თუ არა მათ მისი შემოტანის ნებას. ჩვენ შეზღუდვის არანაირი საფუძველი არ გვქონდა. ეს არის ევროკავშირის ნუსხით დაშვებული სოიოს თესლი”, – განაცხადა თემურ მურღულიამ.


სამინისტროს არგუმენტებს არ ეთანხმებიან დეპუტატები და კომიტეტის სხდომაში მონაწილე ექსპერტ-სპეციალისტები.  მათი შეფასებით, ეს არის მაღალი რისკის შემცველი პროდუქტი და არსებობს გენმოდიფიცირებული სოიოს თესლის გარემოში მოხვედრის რეალური საფრთხე.


ფრაქცია “მრეწველების” წარმომადგენელმა ზურაბ ტყემალაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ელგუჯა ხოკრიშვილის ბრძანებას გაასაჩივრებს, რადგან პროდუქციის შემოტანა ქვეყანაში პროცედურის დარღვევით მოხდა: 


“სოიოს ეს თესლი არავითარ შემთხვევაში მინდორში არ უნდა მოხვდეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მთავრობის იმ დადგენილებას ეყრდნობა, რომელიც მას შემდეგ უნდა ამუშავდეს, როცა გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების საბაჟოზე გადაკვეთა მოხდება. საბაჟოზე გადაკვეთა კი ვერ მოხდება, ვიდრე მეცნიერ-ექსპერტების მიერ არ იქნება შესწავლილი და არ იარსებებს დადებითი დასკვნა. მხოლოდ დადებითი დასკვნის შემთხვევაში შეეძლო მინისტრს ასეთი ბრძანების გამოცემა. აქ არაფერ შუაშია ევროკავშირის რეესტრი – ასოცირების ხელკშეკრულებაში ამდაგვარი არაფერი წერია. ევროკავშირი ვერ დაგვავალდებულებს და ასოცირების ხელშეკრულება ვერ მოგვთხოვს იმას, რომ სულ სხვა ქვეყანაში და არა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას კარი გავუხსნათ, მით უფრო, როცა საქმე ეკოლოგიურად არასუფთა გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს ეხება”, – აცხადებს ტყემელაძე.


25 ტონა სოიოს გენმოდიფიცირებული თესლი საქართველოში კომპანია “მონსანტომ” შემოიტანა. 

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, შესაბამისი ბრძანებით, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების ჩამონათვალი დაამტკიცა. ბრძანება ძალაში 24 აპრილიდან შევიდა. 

  

ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების ჩამონათვალში ძირითადად სოიოა. გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოს სახეობები, რომლებიც დაშვებულია ქვეყანაში, შეიცავენ სხვადასხვა ინსერტირებულ გენებს, რაც ამ სახეობებს ანიჭებთ ტოლერანტობას ჰერბიციდ გლიფოსატ-ამონიუმის მიმართ, ჰერბიციდ გლიპოსატის მიმართ, ასევე დაცვას გარკვეული ქერცლფრთიანი მავნებლების წინააღმდეგ და სხვა.

 

გენეტიკურად მოდიფიცირებულ სურსათზე სპეციალური ნიშნის დატანა მიმდინარე წლიდან სავალდებულოა. ხოლო შესაბამისი კანონის მიღების შემთხვევაში აიკრძალება გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოყვანა საქართველოში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი