ეკონომიკა

ბაჩიაშვილი: “პანორამა თბილისის” სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს

13 თებერვალი, 2015 • • 1205
ბაჩიაშვილი: “პანორამა თბილისის” სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს

ბაჩიაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ს განუცხადა, რომ “პანორამა თბილსის” პროექტის განხილვა თბილსის მერიაში ახლო მომავალში მოხდება: 

 

“პანორამა თბილისი რეალობაში ეს არ არის ერთი პროექტი, ეს არის რამდენიმე პროექტი. რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე ყოფილ ცეკავშირის შენობასთან დაკავშირებით, მის ნებართვაზე მალე იქნება საბუთები შეტანილი სრულად. რაღაც ეტაპზე შეტანილია და მერე უკვე მოეწყობა განხილვა მერიაში. დანარჩენ ორ პროექტს რაც შეეხევა, რომელთაგან ერთ-ერთი არის ერეკლეს მოედანზე, იქ არსებობს ძველი პროექტი,რომელიც წლების წინ იყო დამტკიცებული და ჩვენ ჯერჯერობით ამ პროექტს ვუყურებთ, თუმცა სამომავლოდ ის შეიძლება იყოს შეცვლილი. მაგრამ არანაირი სამშენებლო სამუშაოები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. რაც შეეხება სოლოლაკის მაღლობს, იქ გავრცელებული ინფორმაცია  რომ მიმდინარეობს მშენებლობა “პანორამა თბილსის” პროექტის ფარგლებში არ არის სწორი, იქ არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ ხორციელდება. რაღაც მცირე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ტელეკომპანია ჯიდიესის ტერიტორიაზე და ის სხვა პროექტია, ეს არ ეხება “პანორამას” პროექტს” –  განაცხადა ბაჩიაშვილმა.    

 

ოფიციალური ინფორმაციით, “პანორამა თბილსის” პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდი ლარია. თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, პროექტი “პანორამა თბილისი”, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია, მიზნად ისახავს თბილისში სასტუმროების ქსელის აშენების შემდეგ საერთაშორისო კონფერენციების მოწყობისთვის ხელის შეწყობასა და ტურისტების მოზიდვას. 

 

პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოქალაქეთა ჯგუფები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ეჭვქვეშ აყენებს. ამ საკითხზე ერთ-ერთი საპროტესტო აქცია მოქალაქეებმა 29 დეკემბერს გამართეს, როდესაც თბილისის საკრებულო რეაკრეაციული ზონის სტატუსის მოხნის საკითხს განიხილავდა. 

 

ამჟამად პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა განიხილოს და მხოლოდ მის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კომპანია შეძლებს “პანორამა თბილისის” პროექტი განახორციელოს. თავად ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პროექტს მხარს უჭერს. 

 

სანამ ეკონომიკის სამინისტრო გადაწყვეტილებას მიიღებს, მას 5 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მოუწოდა სამინისტროს, მხედველობაში მიიღოს „პანორამა თბილისის“ პროექტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გამოიყენოს.

 

ამას გარდა, 5 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში პანორამა თბილისის პროექტთან დაკავშირებით მოქალაქეებმა პეტიცია შეიტანეს, სადაც პროექტისთვის სხვა ტერიტორიების გამოყენებას ითხოვენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი