ბოლო სამ დღეში გაძვირდა შაქარი, წიწიბურა, იმპორტირებული ტომატები, ტკბილეული.
ერთ–ერთ სურსათის მაღაზიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ერთი ტომარა შაქარი სამი დღის წინ 60 ლარი ღირდა, დღეს კი ფასი 64 ლარია. 1 კილოგრამი წიწიბურა გასულ კვირას 1,60 ლარი ღირდა, დღეს 2,50 – 2,70 ლარია.
სუპერმარკეტების მფლობელები ამბობენ, რომ სამ დღეში დაახლოებით 10%–ით გაიზარდა ფასი ტკბილეულზე, 15%–ით ტომატებზე. 20 თეთრით გაძვირდა მაკარონი.
საბითუმო საწყობების თანამშრომლები ამბობენ, რომ თუ ლარის კურსი კიდევ დაეცა, გაძვირდება სარეცხი ფხვნილები და ჰიგიენური საშუალებები: “გვაქვს მოლოდინი, რომ ფასი სხვა პროდუქტებზეც აიწევს, თუ ლარის კურსი აშშ დოლართან კიდევ დაეცა. რადგან ბაზარი ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული.”
ჯერჯერობით ფასები შენარჩუნებულია მედიკამენტებზე და თამბაქოს ნაწარმზე.
2 დეკემბერს ეროვნული ბანკის კურსით 1 აშშ დოლართან ეროვნული ლარი 1,8421 ნიშნულზეა, 1 ევრო – 2,2965 ნიშნულზე. კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 1,87 ნიშნულზეა, სავალუტო ჯიხურებში კი, 1,8502–ზე. 1 ევრო სავალუტო ჯუხურებში 2.31 ლარი ღირს.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ლარის კურსის ვარდნაში საპანიკო არაფერია. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განმარტებით, კი მთავარია ბაზარზე პროდუქციის დეფიციტი არ შეიქმნას.
რამ განაპირობა ლარის კურსის ვარდნა აშშ დოლართან მიმართებაში ამ საკითხზე საქართველოს ეროვნულო ბანკში და ფინანსთა სამინისტროში არ პასუხობენ. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე კომენტარი არ კეთდება.


![რატომ [არ] მოჰყვება ივანიშვილის ქველმოქმედებას “ინტერესი”?](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/04/Untitled-design-10-3.jpg)





