ეკონომიკა

როგორ დახარჯავს თბილისის განვითარების ფონდი ბიუჯეტში დარჩენილ 9 მილიონ ლარს

6 ოქტომბერი, 2014 • • 2299
როგორ დახარჯავს თბილისის განვითარების ფონდი ბიუჯეტში დარჩენილ 9 მილიონ ლარს

შრომითი რესურსების კუთხით ფონდში არსებული მდგომარეობა, წინა მენეჯმენტის მიერ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, უკანონო მშენებლობები, უძრავი ქონების ინვენტარიზაციის პრობლემები და პროექტების განხორციელებისას ფინანსური დარღვევები, მიმდინარე პროექტები – ეს არის საკითხების ჩამონათვალი, რომელიც ფონდის თავმჯდომარემ თემურ ხომერიკმა საკრებულოს კომისიას წარუდგინა. 

 

“9 მილიონის ფარგლებშია ფარჩენილი ფონდის ბიუჯეტში, რაც გუდიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას მოხმარდება. სადღაც ახალი წლის შემდეგ უკვე იქნება მიღებული ახალი ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 49 მლნ ლარი. ამას დაემატება ის თანხა, რომელსაც კრედიტორებისაგან ამოვიღებთ” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხომერიკმა. 

 

მისი ინფორმაციით, “მიმდინარე წელს, ვალდებულებებით, ფირმებთან წინმსწრებად მეტია ავანსად გაცემული, ვიდრე ჩვენ დაგვრჩა და შესასარულებელია საქმე. თუ შევძლებთ, რომ ამ ფირმებმა იმუშავონ იმ პროექტებით, რასაც ჩვენ შევთავაზებთ, იმიტომ, რომ ამ უბნებში სამუშაოები უპროექტოდ და უნებართვოდ მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ ვთქვით, თუ შევძელით თანამშრომლობა წლის ბოლომდე, ძალიან ბევრს გავაკეთებთ. გუდიაშვილზეც წელს ბოლომდე ვერ მოვრჩებით ყველაფერს”.

 

2015 წელს თბილისის განვითარების ფონდი დედაქალაქში 7 პროექტის განხორცელებას გეგმავს: 

 

“რიყის პრობლემა გადაწყდება ქალაქთან ერთად. მაღალი ძაბვის კაბელები გარეთ არის გამოტანილი ამ ტერიტორიზე, რაც  არ არის უსაფრთხო. შემდგომაა გუდიშვილი. ასევე ბოტანიკურთან დასამთავრებელია რამდენიმე შენობა. მისახედია პუშკინის ქუჩა. კიდევ ერთი პროექტია- ფონდის საკუთრებაში არსებული სახლები, რომელიც საჭიროებს დამთავრებას. 365 სახლიდან მხოლოდ 147 არის მზად. მაგრამ ვერ ვაკანონებთ იმის გამო, რომ არის წითელი ხაზები დარღვეული. აგრეთვე თავისუფალი მიწები, რომელიც აქვს ფონდს ყველა უბანში, სადაც უნდა შევიყვანოთ ინვესტორები და მივცეთ საშუალება აკეთონ საქმე.” 

 

თბილისის განვითრების ფონდის პრეზენტაციას კრიტიკულად აფასებს საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი: 

 

“დღესაც იყო ძირითადად წარსულზე ლაპარაკი. თუ რამდენი სად გადაირიცხა და სად გაქრა. ამისთვის არის პროკურატურა, ფინანსური სამსახური. ცუდი იყო, საშინელება ხდებოდა, განვითარების მუნიციპალური ფონდი იყო კორუფციის ჭაობი და ბუდე. უნდა ვისაუბროთ, რა მისია უნდა ჰქონდეს ფონდს და სერიოზულად, მასშტაბურად უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ ვუშველოთ ძველ თბილისს. დღესც ძალიან ცოტა ვისუბრეთ იმაზე, თუ რა ხედვა და ფუნქცია უნდა ჰქონდეს ფონდს.”

 

ელისაშვილის ინფორმაციით, გუდიშვილის ქუჩის საკითხზე თბილისის მერიაში დავით ნარმანიასთან დახურული შეხვედრა შედგება, სადაც კონკრეტულად გადაწყდება, თუ რა ტიპის პროექტი განხორციელდება ამ ტერიტორიაზე.

 

“გუდიაშვილის მოედანი არის გამოწვევა ყველასთვის. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და სიძველეების შენარჩუნებით ძალიან მიმზიდველი გავხადოთ ბიზნესისთვის ძველი ქალაქი. არის მოცემულობა და ამისგან უნდა შევქმნათ საპილოტე მოდელი” –აცხადებს ელისაშვილი. 

 

ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პრეზენატაცია ზოგადი იყო: 

 

“ეს იყო პირველი მოსმენა. მეორე მოსმენაზე საუბარი იქნება, კონკრეტულად ვინ არის ინვესტორი, ვინ ჩადებს  ფულს. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა.” 

 

საკრებულოში კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, რასაც ფონდი პირველ რიგში გააეთებს, ეს არის გუდიშვილის ბაღის რეაბილიტაცია და მისი მიმდებარე შენობების და კომუნიაკციების მოწესრიგება.


“2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია უკვე რამოდენიმე რაიონის რეაბილიტაცია. ეს პროცესი დაიწყება ჩუღურეთში და, შესაბამისად, ეს მოხდება ლესელიძის მიმდებარე ტერიტორიზე, კალაუბანში.”


კომისიის სხდომას საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ ესწრებოდნენ.  

თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის პრეზენტაცია
თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის პრეზენტაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი