ეკონომიკა

ძვირი იპოთეკა და მოგებაზე გასული ბანკები

10 ივლისი, 2014 • • 2385
ძვირი იპოთეკა და მოგებაზე გასული ბანკები

ძვირი სესხების ფონზე ბანკების მოგება იზრდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2014 წლის 5 თვეში საბანკო სექტორის შემოსავლები გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. ბანკებმა 5 თვე 137 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს, რაც 2013 წლის  5 თვის მაჩვენებელზე 5 მილიონი ლარით მეტია.

 

ადგილობრივ ბაზარზე ბანკებს იპოთეკური სესხი 9–14%–ის ფარგლებში გამოაქვთ. ევროკავშირის ბაზარზე იპოთეკაზე განაკვეთი 2–4%–ია.

 

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა ამბობს, რომ საქართველოში იპოთეკა [უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი] ძვირია: “საპროცენტო განაკვეთი სესხებზე არის ძალიან მაღალი. იპოთეკაზე პროცენტი ოდნავ ჩამოვიდა. მოსახლეობა ვერ იხდიდა ვალებს და ბანკები იძულებულნი იყვნენ საპროცენტო განაკვეთი დაეწიათ. ეს არის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების საკითხი. თუმცა საპროცენტო განაკვეთის ეს ნიშნულიც ძალიან მაღალია.”

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის მაისში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 283.994 მლნ ლარია. აპრილში ეს მაჩვენებელი 291.53 მლნ ლარი იყო, ხოლო  2013 წლის ივლისში 265.97 მილიონ ლარს შეადგენდა.

 

რა ტენდენციებია საბანკო ბაზარზე და რის ხარჯზე იზრდება ბანკების მოგება?

 

“საქართველოს ბანკს” იპოთეკური სესხი ბაზარზე 9%-დან (ეფექტური: 10.27%-დან) გამოაქვს. სესხის თანხა 3 000-175 000 აშშ დოლარია (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში), ხოლო ვადა 15 წლამდე განისაზღვრა. მსესხებელს პირველადი შენატანი არ მოეთხოვება, რადგან  სესხის უზრუნველყოფა უძრავი ქონებაა. სესხის გაცემის საკომისიო: 0.2%–ია.

 

“თიბისი ბანკი” იპოთეკას მომხმარებელს 10,25%–დან (ეფექტური 12,13%) სთავაზობს. სესხის თანხა მაქსიმალური – 400 000 აშშ დოლარია, ვადა კი 180 თვეა.

 

“ბაზის ბანკის” საპროცენტო განაკვეთი იპოთეკაზე 9,13%–დან იწყება (ეფექტური განაკვეთია 9,80–დან). სესხის თნხა 10 000 ლარიდან 400 000 ლარამდეა. სესხის ვადა 15 წელია, უზრუნველყოფა – უძრავი ქონება. შემოსავალი 600 ლარი.

 

ბანკი „რესპუბლიკა” მომხმარებელს იპოთეკურ სესხს აშშ დოლარის ან ევროს შემთხვევაში ასეთი პირობებით სთავაზობს: სესხის მოცულობა- 2 000 აშშ დოლარიდან; წლიური საპროცენტო განაკვეთი- 12%-დან (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 13,6%-დან), სესხის მაქსიმალური ვადა- 15 წელი. მინიმალური შემოსავალი- 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.


ლარით გაცემული სესხის პირობები ასეთია: სესხის მოცულობა- 3 000 ლარიდან; წლიური საპროცენტო განაკვეთი- 16%-დან; (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი- 19,7%-დან); სესხის მაქსიმალური ვადა- 3 წელი, მინიმალური შემოსავალი- 700 ლარი.

 

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა ამბობს, რომ ბანკები სესხებს დეკლარირებულ საპროცენტო განაკვეთებზე ძვირად გასცემენ და მათი მოგება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ხარჯზე კიდევ უფრო იზრდება:

 

“ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება მსესხებლის ყველა ხარჯების შეკრების გზით. დათვლის მეთოდიკა მარტივია. იკრიბება ყველა ხარჯი: სესხის დამტკიცების, გაცემის, სასესხო განცხადების განხილვის საკომისიო, დაზღვევა, სიცოცხლის, ქონების. ყველა ამ ხარჯის შეკრებით გამოიყვანება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, ვიდრე ნომინალური, რაშიც გაიცემა სესხი და იპოთეკა ძვირდება.”

 

ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2014 წლის იანვარ-მაისში კომერციული ბანკების ჯამურმა შემოსავალმა 988 მილიონი ლარი შეადგინა, რომლის 70% – 690 მილიონი ლარი საპროცენტო შემოსავლებია. 300 მილიონ ლარს აღწევს არაპროცენტული შემოსავლები, რომლის მესამედს საკომისიოები და მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენს.

 

ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის შეფასებით, ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რომ არ ოპერირებდნენ, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი იქნება:  

 

“მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო დაბანდება დღეს 700 მილიონი დოლარია. ეს არის დაახლოებით იმდენი, რამდენიც ამ 20 წლის წინ ჰქონდა საბანკო სისტემას. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დიდი კომერციული ბანკების კონკურენტები არიან მცირე კლიენტების მოზიდვის კუთხით. ამიტომ ბანკები ცდილობენ ამ სეგმენტზე გასვლას და მომხმარებელს უფრო იაფად ემსახურებიან.”

 

მინიმალური ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე ევროზონის ქვეყნებში 2–დან 5 პროცენტამდე იცვლება: საფრანგეთში იპოთეკაზე წლიური განაკვეთი 3%–ია, იტალიაში 4,5%–ი,  ესპანეთში 4,3%–ი, შვეიცარიაში 2,3%–ი, პორტუგალიაში 3,7%–ი, საბერძნეთში 4,9%–ი, გერმანიაში 4,2%–ი, ავსტრიაში 4,8%–ი.  

 

რუსეთში იპოთეკის ფასი რუბლში გაცემულ სესხებზე წლიური 10%-ია , აშშ დოლარში კი, 14%–ი. სომხეთში იპოთეკაზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 12%–ია, აზერბაიჯანში – 8%–ი.   

 

“საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი  ირაკლი გილაური ამბობს, რომ საპროცენტო განაკვეთები არ შემცირდება:   

 

“საპროცენტო განაკვეთები საქართველოს ბანკებში ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ძალიან რთულია იმის თქმა, საპროცენტო განაკვეთი დაიკლებს, გაიზრდება თუ დასტაბილურდება. კავკასიის რეგიონს თუ შევხედავთ, საქართველოში საბანკო პროცენტი სესხებზე ყველაზე დაბალია”.

 

ეკონომიკის ცენტრის  ხელმძღვანელი  რომან  გოცირიძე  საპროცენტო განაკვეთების შემცირების რეზერვს უცხოურ ინვესტიციებში ხედავს:

 

“პროცენტის ცვლილება დამოკიდებულია ფულის შემოსვლაზე, რაც უფრო მეტი იქნება თავისუფალი ფული, გარე ინვესტიციები და  მაღალი  შიდა კონკურენცია, რა საპროცენტო განაკვეთსაც ბაზარი დადგენს, სამართლიანი იქნება”.

 

2014 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. 18 ბანკი – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, ხოლო 2 – უცხოური ბანკის ფილიალით.  მაისის თვის წმინდა მოგებამ საბანკო სექტორში 17.7 მლნ ლარი შეადგინა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი