ეკონომიკა

რატომ გაძვირდა კარტოფილი

16 დეკემბერი, 2013 •
რატომ გაძვირდა კარტოფილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერ არ აქვთ ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ტონა იყო 2013 წელს კარტოფილის მოსავალი:


“რაც შეეხება იმპორტის შეზღუდვას, ეს არ მომხდარა, უბრალოდ, სურსათის უვნებლობის კუთხით გაძლიერებულია მუშაობა და ხდება საზღვრების მაქსიმალური კონტროლი. რაც შეეხება კარტოფილის ფასს, ამ საკითხში სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ერევა. კარტოფილის ფასს  ბაზარზე პროდუქტის მოთხოვნა–მიწოდება არეგულირებს,“ – განმარტავენ სამინისტროში. 

 

ახალციხეში ფერმერთა საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ ადგილობრივი კარტოფილის გაძვირება ჭარბმა ექსპორტმა განაპირობა:

 

„ქართული კარტოფილი ექსპორტზე დიდი რაოდენობით გაიტანეს აზერბაიჯანში. კარტოფილი აზერბაიჯანულ ბაზარზე ხვდებოდა, თუ რეექსპორტი ხდებოდა შემდეგ, ზუსტად არ ვიცი. ადრე შემოდგომიდანვე, როგორც ქვემო ქართლის რეგიონებიდან, ისე სამცხე–ჯავახეთიდან აზერბაიჯანში გადიოდა კარტოფილი. ის რაოდენობა, რაც უნდა დასაწყობებულიყო, მაშინვე კარგ ფასად გაიყიდა. 1 კილოგრამი-  60–65 თეთრის ფარგლებში.“ 

 

გურამ ჯინჭველაძის ინფორმაციით, ერთი თვის წინ ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის რეალური დეფიციტი გაჩნდა:


„არ გვაქვს საკუთარი რესურსი, რომ ბაზარს იმ რაოდენობის კარტოფილი მივაწოდოთ, რაც სჭირდება. ამას დაემატა გამკაცრებული ფიტოსანიტარული კონტროლი, რაც კარგია. სომხეთიდან იმპორტი არ ხორციელდება იმ მასშტაბებით, რაც ხდებოდა. თურქეთშიც შიდა ბაზრის დეფიციტია.“

 

ახალციხეში ფერმერთა საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი ამბობს, რომ კარტოფილის დეფიციტი იმანაც განაპირობა, რომ 2012 წელთან შედარებით ფერმერებმა ნაკლები დათესეს:

 

„2012 წელთან შედარებით კარტოფილი ნაკლები დაითესა 20%–ით, ვიდრე შარშან. 2012 წელს დაბალი ფასი ჰქონდა და უკვე ბიზნეს-ორიენტაციაზე მყოფმა ფერმერებმა კარტოფილის მოყვანა ნაკლებად მომგებიანად ჩათავალეს“ . 

 

ვალეს მკვიდრი ფერმერი მარეხ ლომიძე ამბობს, რომ 2013 წელს კარტოფილის დაბალი მოსავალი მიიღო:

 

„მოსავალი დაბალია. გვალვები იყო და მორწყვა ჭირდა. ერთი ყანის მორწყვის ფასი 50-დან 150 ლარამდეა. ჰექტარზე თუ უნდა მოსულიყო 40 ტონა კარტოფილი, 20 ტონა მოსავალი მივიღეთ. ვალეში ადგილზე 1 კილოგრამის ფასი 1 – 1,20 ლარია. გადამყიდველები ძნელად შოულობენ კარტოფილს. გლეხობას უჭირდა, ბანკებში ჰქონდათ ვალები. მიღებული მოსავალი გლეხების 80%–მა უკვე გაყიდა. თანაც აზერბაიჯანიდან ჩამოსული ვაჭრები კილოგრამზე 10–15 თეთრით მეტს იხდიდნენ.“ 

 

თესლის მწარმოებელ ფერმერთა ასოციცია „ჯავახეთის“ ხელმძღვანელი  ვართი ჰოვანესიანი ამბობს, რომ კარტოფილის ფასი ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის ადეკვატურია:

 

„კარტოფილის ფასი მარნეულშიც 1,20 თეთრია. იღებენ აზერბაიჯანიდან ჩამოსული გადამყიდველები და გააქვთ წითელი ხიდის გავლით ექსპორტზე .“ 

 

ვართი ჰოვანესიანის პროგნოზით, კარტოფილზე ფასი აღარ უნდა გაიზარდოს: „თუ კარტოფილზე ფასი აიწევს, ხალხი სხვა სუროგატ პროდუქტებზე გადავა. ფასის ზრდა მოთხოვნას შეამცირებს. 1,30 – 1,75 ლარი, ეს არის ზღვრული ფასი.“ 

 

კარ­ტო­ფი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გაზაფხულზე მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სოფლებში მოდის და ზაფხულ­ში ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე გა­სა­ყი­დად  შე­მო­დის.

 

სექ­ტემ­ბერ­ში კარ­ტო­ფი­ლის აღე­ბას ახალ­ცი­ხის რა­ი­ონ­ში იწყე­ბენ და თვე-თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გი­ლობ­რივ მოთხოვ­ნას სწო­რედ ახალ­ცი­ხის კარ­ტო­ფი­ლი აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ყვე­ლა­ზე გვი­ან კი, ოქ­ტომ­ბ­რის შუა რიცხ­ვებ­ში, კარტო­ფი­ლის მო­სა­ვალს ახალ­ქა­ლაქ­ში იღე­ბენ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი მო­სა­ვა­ლი ჯა­ვა­ხე­თში მოჰ­ყავთ. ახალ­ცი­ხის, ახალ­ქა­ლა­ქი­სა და სვა­ნე­თის გარ­და, კარ­ტო­ფი­ლი წალ­კის, დმა­ნი­სის, თეთ­რიწყა­როს, ხუ­ლო­სა და შუახე­ვის რა­ი­ო­ნებ­შიც ითე­სე­ბა. 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის სამომხმარებლო კალათში  კარტოფილი მოთხოვნის მი­ხედ­ვით მეშ­ვი­დე პო­ზი­ცი­ა­ზეა. სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო კა­ლათ­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი წო­ნა აქვს პურს.

 

სტატისტიკის თანახმად, 2007 წელს საქართველოში კარტოფილის მოსავალმა 229,2 ათასი ტონა შეადგინა. 2008 წელს 193,4 ათასი ტონა, 2009 წელს – 216,8 ტონა, 2010 წელს –228,8 ტონა. კარტოფილის მოსავალი გაიზარდა 2011 წელს და 273,9 ათასი ტონა შეადგინა. 2012 წელს მოსავალი შემცირდა და 267 ტონა შეადგინა. 2013 წლის სტატისტიკური მონაცემები კარტოფილის მოსავლის და ექსპორტ–იმპორტის შესახებ მუშავდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი