ეკონომიკა

გაყინული მანდარინი და დაზარალებული მეციტრუსეები

16 დეკემბერი, 2013 • • 2974
გაყინული მანდარინი და დაზარალებული მეციტრუსეები

მეციტრუსეები ამბობენ, რომ წელს განსაკუთრებულად კარგი მოსავალი იყო, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა მანდარინის დაუკრეფლობის, რადგან უხვ მოსავალს სწრაფად ვერ იღებდნენ. თუმცა ყაზბეგ ქათამაძის თქმით, რომელიც ბუკნარში, ქვედა ულიანოვკაში ცხოვრობს, მანდარინის დაკრეფის სეზონი მათ სოფელში 10 დეკემბერს იწყება. წელს კი უხვი ნალექი სწორედ ამ დროს მოვიდა:

 

“5 ტონამდე მანდარინი გამეყინა, ჩემს დას- 10 ტონამდე. ჩემს ძმასაც არა აქვს მოკრეფილი. მარტო 3 ყუთი მოვკრიფე. მასიური კრეფა 10 დეკემბერს უნდა დაგვეწყო, ყოველთვის ასე ვიწყებთ, რადგან მანამდე მანდარინი კარგად არაა მოსული, მაგრამ გაავდრდა. სოფელში მანდარინი წლიური შემოსავალია. იმედი აღარ აქვს ადამიანს”.

 

ყაზბეგ ქათამაძე ამბობს, რომ ბუნებისგან მიყენებული ზარალი აუნაზღაურდა მის ერთ-ერთ თანასოფლელს, რადგან მას დაზღვეული ჰქონია ბაღი:

 

“ჩვენთან ერთ მეზობელს ბაღი ჰქონდა დაზღვეული. ზარალი აუნაზღაურეს. მე არ მიმიმართავს დაზღვევისთვის, რადგან არ ვიცოდი, არც სოფლის მოსახლეობამ იცოდა. პირველად გავიგეთ ახლა. ასეთი ინფორმაცია არ შემოსულა. არ ყოფილა შემთხვევა ან გამგებელს ეთქვას, ან ვინმეს. სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა რომ გვქონდა, არც ზაურ ფუტკარაძეს უთქვამს დაზღვევის შესახებ.”

 

მეციტრუსეები მიიჩნევენ, რომ მანდარინის ასე დიდი ოდენობით გაყინვა არა გლეხის დაუდევრობის, არამედ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მოხდა. მათი თქმით, მანდარინის დაკრეფის სეზონი, განსხვავებით საბჭოთა კავშირის დროს არსებული სისტემისგან, როცა 8 ნოემბერს იწყებოდა მოსავლის აღება, დეკემბერში იწყება, როცა ნაყოფი სიმწიფეს აღწევს.

 

მაია ვარშანიძე, რომელიც ურეხში მდებარე მანდარინის ბაღიდან ყოველწლიურად 3-4 ტონა მანდარინის მოსავალს იღებს, ამბობს, რომ დიდი განსხვავება არაა, მანდარინი გაიყინება თუ ურეალიზაციოდ დარჩენილი დაკრეფილი დალპება.

 

“წელს ციტრუსის სეზონი ჩავარდა. რაც ყინვას გადაურჩა და მოვკრიფეთ, ისიც არ გაგვიყიდია, მყიდველი არ არის. მე მაქვს ბაღში დაახლოებით ორი ტონა დაუკრეფავი ციტრუსის ნაყოფი, დაითოვლა, ხეზე დარჩა. სამტონანახევარი მოვკრიფე, საუკეთესო ნაყოფი რაც ამოვიღე, 40 თეთრში, ნისიად გავყიდე, დანარჩენს პირუტყვს ვაჭმევ. მეზობლებსაც სახლში ულაგიათ. კაციშვილი მომკითხავი არ არის. მანდარინის მოსავლის აღება არ არის მარტივი პროცესი. აქ ხალხმა თითო დღეში ერთ მუშახელს 25 ლარი გადაუხადა და იმის ხარჯებს ვერ ამოდის. ბაზრებთან ურთიერთობა რომ
ვერ გაარკვია ხელისუფლებამ, ეს გლეხის პრობლემა არ არის”, – ამბობს მაია ვარშანიძე.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ამბობს, რომ კომპენსაციაზე საუბარიც ზედმეტია:

 

“იმ ადამიანებს, ვისაც დეკემბერში ხეზე აქვთ მანდარინი, ესე იგი მანდარინი არ აინტერესებთ. ვერც ერთი კომისია ვერ აიღებს პასუხისმგებლობას და ვერ შეაფასებს, რამდენი მანდარინია გაფუჭებული ხეზე. თუ კახეთში იყო გაცემული კომპენსაცია ყურძნის დასეტყვის დროს, ამ მაგალითს ამ შემთხვევაში ვერ გამოვიყენებთ, რადგან კომპენსაციაზე იმ შემთხვევაში იქნებოდა საუბარი, სეტყვა რომ მოსულიყო 20-30 ნოემბრამდე. ადამიანს, რომელიც დეკემბრის თვეში მანდარინს ტოვებს ხეზე, პრეტენზია აღარ უნდა ჰქონდეს. მათი მხრიდან პოზიცია არის ასეთი, – “გვიშველეთ, მთავრობავ!” კი, სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ უნდა დაეხმაროს, ამიტომ შპს “მექანიზატორის” ტრაქტორები უკვე დგას, მიმღებ პუნქტამდე მიტანა სადღაც 20 ლარი დაუჯდებათ. მეტი რა ვქნათ,” – ამბობს მინისტრი. მისი თქმით, სამინისტრომ ყველა სოფელში მიიტანა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადაზღვევო კომპანიები მოსავალს აზღვევდნენ, მაგრამ გლეხების მხრიდან დაინტერესება არ ყოფილა.

 

გამოდარების შემდეგ დაზარალებულ გლეხებს ახალი საზრუნავი აქვთ, ხე რომ არ დაზიანდეს, მათ გაყინული, გაფუჭებული მანდარინი აუცილებლად უნდა დაკრიფონ.

 

საგანგებო შტაბის შექმნასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია მანდარინის რეალიზიციის კუთხით არსებული ვითარების თაობაზე. სამინისტროს ცნობით, წელს საქართველოში ციტრუსის უხვი მოსავალია. თუ შარშან მანდარინის მოსავალმა 55 ათასი ტონა შეადგენდა, წელს რაოდენობა  100 – 110 ათას ტონამდეა. ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს გარდა, ციტრუსის უხვი მოსავალია მანდარინის ექსპორტიორ  ქვეყნებშიც – ესპანეთი, მოროკო და თურქეთი, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასზე და ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ციტრუსის ღირებულებაც შემცირდა. ჭარბი მოსავლისა და, შესაბამისად, მაღალი კონკურენციის გამო საქართველოში მანდარინის საბაზრო ფასმა 35-45 თეთრი შეადგინა.

 

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ხელისუფლებამ წელს უპრეცედენტო რაოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო ციტრუსის სუბსიდირებისთვის:

 

“კერძოდ, სახელმწიფომ 13 მილიონ 800 ათასი ლარს გახარჯავს, აქედან 12 მილიონი ლარით სტანდარტული მანდარინის სუბსიდირება ხორციელდება. სახელმწიფო ერთ კილოგრამ სტანდარტულ მანდარინში 15 თეთრს, ხოლო არასტანდარტულში 10 თეთრს იხდის.

 

სახელმწიფოს ხელშეწყობით,  ციტრუსის ჩამბარებელი და დამამზადებლი პუნქტების შექმნისათვის მსურველებს  პავილიონები და მიწის ფართობები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცათ. დღეს მანდარინის ჩამბარებელი 36 პავილიონი (შარშან ფუნქციონირებდა 18) ფუნქციონირებს. ქობულეთის გადამამუშავებელ ქარხანასთან მოლაპარაკებებით გადაწყდა, რომ წელს ქარხანა გლეხებისგან 2-ჯერ მეტ არასტანდარტულ მანდარინს (20 000 ტონამდე) ჩაიბარებს.”

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან ბაზარზე მანდარინის დაშვებასთან დაკავშირებით და წელს, 7- წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გავიდა რუსულ ბაზარზე ქართული მანდარინი. 

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მკვეთრად გაუარესებულმა კლიმატურმა პირობებმა დაუკრეფავი ციტრუსი დააზიანა და  ექსპორტის პროცესიც შეაფერხა:

 

“უამინდობის გამო პორტში ვერ შემოდიოდნენ გემები, რომლებზეც საექსპორტოდ გამზადებული მანდარინი უნდა დატვირთულიყო. დიდთოვლობის გამო ასევე გაჩერებულია მანდარინით დატვირთული 200-მდე ავტომანქანა. ამინდის გაუმჯობესებისთანავე მანდრინის ექსპორტის პროცესი განახლდება- როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გზებით.”

 

პრემიერ-მინისტრის ინიციატვით შექმნილ საგანგებო შტაბს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი უხელმძღვანელებს. შტაბის შემადგენლობაში ასევე შედიან ფინანსთა, შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები, აჭარის მთავრობისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი