ეკონომიკა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 10 პუნქტით გაუფასურდა

28 ნოემბერი, 2013 •
ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 10 პუნქტით გაუფასურდა

27 ნოემბრის მონაცემებით, ეროვნული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1,6868 ნიშნულზე იყო. 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის გაუფასურებას სეზონურ ფაქტორებს უკავშირებს, ამის შესახებ კომანტარი მედიასთან ქადაგიძემ დღეს, “თბილისი მერიოტში” მიმდინარე კონფერენციის დასრულებისას გააკეთა:  

“ეს არის ჩვეულებრივი მოკლევადიანი რყევები, რომელიც ლარის კურსს ყოველთვის ახასიათებდა.ამ ეტაპზე, ეს არის დაკავშირებული წმინდა წყლის სეზონურ ფაქტორებთან. რაც შეეხება მოკლევადიან, საშუალოვადიან ან ნებისმიერი ტიპის ფინანსურ სტაბილურობას, ფინანსური სტაბილურობის გარანტი არის ეროვნული ბანკი. ჩვენ გაგვაჩნია ფინანსური, ინფრასტრუქტურული, ადამიანური რესური ამისთვის.”


2013 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.6865 შეადგინა. ამ ღონისძიებით სებ–მა ბრუნვიდან ლარის მასა ამოიღო, თუმცა ეროვნული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მაინც განაგრძობს გაუგასურებას. 


ეროვნულმა ლარმა გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში 2013 წლის ნოემბერში დაიწყო. 7 ნოემბერს ლარის კურსმა ორწლიანი რეკორდი მოხსნა და 1.6792 ნიშნულს მიაღწია.

 

 
ეროვნულ ბანკში პრესკონფერენცია გაიმართა. სებ–ის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერიოდში საფრთხე არ ემუქრება. რის შემდეგაც სებმა გასაყიდად 20 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა და ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. 

 

“ლარის კურსის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით ბაზარზე განსაკუთრებული არაფერი ხდება. მოსაზრებაც კურსის ხელოვნურ შენარჩუნებაზე კატეგორიულად გამოირიცხება, ეს ტექნიკურად გამორიცხულია” –განაცხადა მესტვირიშვილმა.  

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თავის მხრივ განაცხადა, რომ სამინისტროს ლარის კურსის პულსი უჭირავს და ეროვნული ვალუტა არ გაუფასურდება.  

 

საგულისხმოა, რომ 2013 წლის ბიუჯეტი აშშ დოლართან მიმართებაში ლარის 1,70 ნიშნულზეა დათვლილი. 

 

სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო დაბალია და 1,70 ლარს შეადგენს. 



მასალების გადაბეჭდვის წესი