ეკონომიკა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

25 ნოემბერი, 2013 • • 1463
ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. ეს ბოლო ორი წლის და 6 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეროვნული ვალუტის კურსი 1.68 ნიშნულზე ბოლოს 2011 წლის ივლისში დაფიქსირდა.

 

ეროვნული ბანკის გასული კვირის მონაცემებით, 2013 წლის 21 ნოემბერს 1 აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 1,6751 –ს შეადგენდა, 22 ნოემბერს – 1,6758 ლარს. 23 და 24 ნოემბერს კურსი არ შეცვლილა. 25 ნოემბრის მონაცემებით, 1 აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 1,6821 ნიშნულზე დაფიქსირდა.

 

ეროვნულმა ლარმა გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში 2013 წლის ნოემბერში დაიწყო. 7 ნოემბერს ლარის კურსმა ორწლიანი რეკორდი მოხსნა და 1.6792 ნიშნულს მიაღწია.

 
ეროვნულ ბანკში პრესკონფერენცია გაიმართა. სებ–ის ვიცე–პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერიოდში საფრთხე არ ემუქრება. რის შემდეგაც სებმა გასაყიდად 20 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა და ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. 


“ლარის კურსის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით ბაზარზე განსაკუთრებული არაფერი ხდება. მოსაზრებაც კურსის ხელოვნურ შენარჩუნებაზე კატეგორიულად გამოირიცხება, ეს ტექნიკურად გამორიცხულია” –განაცხადა მესტვირიშვილმა.  

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ სამინისტროს ლარის კურსის პულსი უჭირავს და ეროვნული ვალუტა არ გაუფასურდება.  

 

საგულისხმოა, რომ 2013 წლის ბიუჯეტი 1 აშშ დოლართან მიმართებაში ლარის 1,70 ნიშნულზეა დათვლილი. 

 

სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო დაბალია და 1,69 ლარს შეადგენს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი