ეკონომიკა

ხურმის ექსპორტი განბაჟების გაზრდილი ტარიფით

23 ოქტომბერი, 2013 • • 4259
ხურმის ექსპორტი განბაჟების გაზრდილი ტარიფით

საქართველოდან სუბტროპიკული ხურმა ბელორუსის, მოლდოვას და უკრაინის ბაზარზე გააქვთ. უკრაინა სუბტროპიკული ხურმის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ წელს, ოქტომბერში, საქართველოდან სულ 1400 ტონამდე ხურმა გადაზიდეს, ძირითადად, უკრაინაში, ბელორუსში ჯერ მხოლოდ 20 ტონა ხურმა შეიტანეს.

 

ადგილობრივ ბაზარზე სუბტროპიკული ხურმის ფასი, ხარისხის მიხედვით, 50-70 თეთრია.

 

მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, სუბტროპიკული ნედლი ხურმის გადაზიდვა საქართველოდან საზღვაო გზით ხორციელდება:

 

„სუბტროპიკული ხურმა ნედლი სახით გადის უკრაინის რესპუბლიკაში. ხილი ჩვეულებრივ ტექნიკურ სიმწიფეში იკრიფება. როცა გადის ექსპორტზე, ხდება მისი დასაწყობება და შემდგომ სრულ სიმწიფეში შესვლა, რის შემდეგაც
უკვე სარეალიზაციო ქსელში ხვდება.“

 

თურმანიძე ამბობს, რომ სუბტროპიკულ ნედლ ხურმას აჭარის მოსახლეობისაგან ის ბიზნესმენები ყიდულობენ, ვისაც ამ ქვეყნებში გადაზიდვის ქსელი აქვთ:

 

„მალე ალბათ ხურმა რუსეთის ბაზარზეც შევა. მთავარია, იქ გაყიდვების ქსელი მოიძებნოს. ეს არის პერსპექტიული კულტურა, რადგან უკრაინაში მასზე წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა და, შესაბამისად, მზარდი საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია.”

 

სუბტროპიკული ხურმა აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში, აჭარაში ძირითადად დაბალ ზონაში ხარობს. ხურმას დამწიფებამდე კრეფენ, ყუთებში აწყობენ და გასაყიდად საზღვარგარეთ გააქვთ. კრეფა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში იწყება და რამდენიმე დღეს გრძელდება.

 

წელს ხურმა ადრე დამწიფდა და კრეფაც დაიწყო. მრავალწლოვანი კულტურის ეს სახეობა აჭარაში სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა.

 

ხურმას კერძო პირები ადგილზე იბარებენ. რეალიზატორები მზადებას მანამ იწყებენ, ვიდრე კრეფა დაიწყება. ხურმის გადატანისთვის საჭირო ყუთებს ამზადებენ და წინასწარ შეთანხმებით მოსახლეობას უტოვებენ. სტანდარტულ ყუთში 8 კილოგრამი ხურმა ჩადის და ფასსაც შესაბამისად ითვლიან.

 

ხურმა ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნამლისევში მცხოვრებ მიქაილ ნინიძის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. წელს იგი 5 ტონა მოსავალს ელოდება:

 

“ყუთები შემოიტანეს და კრეფა დავიწყე. აქ საუკეთესო ხურმა მოდის და რეალიზების პრობლემა არც არასოდეს ყოფილა. ხარისხიანია ნაყოფი და მყიდველები წინასწარ იხდიან ფულს. 5 ტონას ვკრეფ, მყავს მეზობელი, რომელიც 10 ტონას კრეფს. მთლიანად სოფელში 50 ტონა ხურმა მოდის, როცა ხურმა მაქვს, მთელი ზამთრის მარაგზე აღარ ვფიქრობ“.

 

“გასულ წელთან შედარებით წელს ადრე მოვიდა, ხურმა თითქმის ყველა ოჯახმა მოაშენა, ბოლო სამი წელია, რაც ჩაბარება 50 თეთრი ღირს”, – ამბობს მალხაზ საფარიძე.

 

“ორ ტონამდე ხურმას ვკრეფ. 50 ძირი ხურმა დავრგე, ერთ ძირზე 400-500 კილოგრამი იკრიფება. ჩვენს პირობებში ხურმა საუკეთესოა. არც აზოტი სჭირდება და არც გასხვლა. დიდ შრომას არ მოითხოვს და ფასიც ნორმალურია,” – ამბობს სოფელ დოლოგანში მცხოვრები რამაზ მიქელაძე.

 

დოლოგანში დაკრეფილ ხურმას რეალიზებას ადგილობრივი მანუჩარ კოჩალიძე უწევს. რეალიზატორი ამბობს, რომ მას პრობლემას გაძვირებული საბაჟო გადასახადი უქმნის:

 

“ხურმას ადგილზე ვიბარებთ და საზღვარგარეთ, უკრაინაში ვუგზავნით გასაყიდად. პირველ ეტაპზე 200 000 ტონა გავაგზავნეთ. 1 კილოგრამს 50 თეთრად ვიბარებ. 1 ყუთის ფასი 8 კილოგრამით იანგარიშება. სტანდარტული ყუთებია. საკმაოდ სარისკოა ხურმის საზღვარგარეთ გატანა, მალფუჭებადია. ხურმის 2-3 დღე გემზე გაჩერებამ შეიძლება დაგაზარალოს. პრობლემას გაძვირებული საბაჟო გადასახადი გვიქმნის, გასულ წელთან შედარებით 1 ტონა ხურმის განბაჟება 100 დოლარით გაძვირდა. გასულ წელს 600 დოლარი ღირდა, წელს 700 დოლარი გახდა. ყველა რეალიზატორის სახელით მოვითხოვთ, განბაჟების ფასმა დაიწიოს, ნუ გვიძვირებენ”, – ამბობს მანუჩარ კოჩალიძე.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ კვოტებსა და საბაჟო გადასახადის საკითხებზე რამდენიმე დღის წინ უკრაინაში საქართველოს სოფლის მეურნეობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი იმყოფებოდა:

 

„მინისტრები შეხვდნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს და სოფლის მეურნეობის მინისტრს. მიმდინარეობს მოლაპარაკება საექსპორტო პირობების გაუმჯობესების საკითხზე.”

 

მოლაპარაკებების შემდეგ საბაჟო ტარიფის დაწევაზე ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქართული ხურმის ექსპორტი ბელორუსში, მოლდოვასა და უკრაინაში ხორციელდება. 2010 წელს საქართველოდან ამ სამ ქვეყანაში 7 145 500 ტონა ხურმა გადაზიდეს, 2011 წელს – 5 190 000, 2012 წელს კი – 5 266 500 ტონა.

მასალების გადაბეჭდვის წესი