ეკონომიკა

დაიკანონებენ თუ არა მოქალაქეები მამაპაპისეულ მიწებს

11 ოქტომბერი, 2013 • 3998
დაიკანონებენ თუ არა მოქალაქეები მამაპაპისეულ მიწებს

„თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ უარი გეთქვათ თქვენ მიერ სოფელ გომარდულში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე,“ – შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ამ შინაარსის წერილი იმ მოქალაქეს მისწერა, რომელსაც მიწის დაკანონება სურდა.

 

წერილში განმარტებულია მიზეზი, რის გამოც მოქალაქე მიწას მოქმედი კანონმდებლობით ვერ დაირეგისტრირებს:

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (თუკი არ არსებობს მისი კანონიერად ფლობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი), მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაირეგისტრიროს მოქალაქემ, თუ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი (შენობა-ნაგებობა) არის განთავსებული.”

 

თვითმმართველობებში არსებული “მიწის საკუთრების აღიარების კომისია“ მოქალაქეებს თვითნებურად დაკავებულ მხოლოდ იმ მიწის ფართობს უკანონებს, რომელზეც შენობა-ნაგებობა 2007 წლამდე განთავსდა. იმ მამაპაპისეულ სახნავ-სათეს მიწებს, მცირე საძოვრებს, რომლებსაც აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები მოსახლეობა წლების მანძილზე ფლობდა, მოქმედი კანონმდებლობით ვეღარ დაირეგისტრირებს. არსებობს თუ არა გამოსავალი? იურისტი ჟანა ჩიქოვანი ამბობს, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება.

 

„ე.წ. ტრადიციული მესაკუთრეები ანუ ისინი, რომლებიც ფლობენ მიწებს მამა-პაპისეულად, თუმცა ამის შესახებ არსად არ ფიქსირდება არაფერი, დოკუმენტაცია მათ არ გააჩნიათ. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ვერ შეძლებენ სამწუხაროდ ვერასდროს საკუთრების უფლების რეგისტრაციას, თუ ამ მიწებზე არ უდგათ შენობა. მე ვფიქრობ, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება, გამოინახოს გამოსავალი, კონკრეტულად ჩამოიწეროს ის ცვლილებები, რაღაც დაემატოს, რაღაც გამოაკლდეს, როგორ შეეძლება ამ ხალხს საკუთრების უფლების რეგისტრაცია ასეთ მიწებზე,“ – ამბობს ჟანა ჩიქოვანი.

 

ქედის მუნიციპალიტეტის მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ჯემალ შარაძე ამბობს, რომ კომისიამ ბოლო სამ წელიწადში 132 მიწის საკუთრების უფლების მოწმობა გასცა.

 

„დაახლოებით სამი თვის წინ აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის აგრარულ კომიტეტში შეხვედრა გვქონდა. ხუთივე მუნიციპალიტეტის კომისიის თავმჯდომარე ვესწრებოდით. საკანონმდებლო ინიციატივის საკითხი დავსვით იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრი ნაკვეთია, რომელსაც ვერ ვაღიარებთ, იმის გამო რომ შენობა-ნაგებობები არ აქვს ზედ ხალხს,“ – ამბობს ჯემალ შარაძე.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონულ და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი მელაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია:

 

„გუშინ მქონდა შეხვედრა ბატონ არჩილ ხაბაძესთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ბათუმში. შეიძლება ითქვას, პროცესი დაიწყო. შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ შემდეგ კვირაში ამ საკითხზე მუშაობას აქტიურად დავიწყებთ. ისინი გადმოაგზავნიან მასალებს, ჩვენ ვიმუშავებთ თბილისში, აჭარის უმაღლესი საბჭოც იმუშავებს, მთავრობაც და საქართველოს პარლამენტშიც მექნება ამ თემაზე საუბარი. ჩამოვყალიბდებით გადაწყვეტილებაზე, რა და როგორი გზით წავიდეთ,“ – ამბობს ირაკლი მელაშვილი.

 

მისივე თქმით იქნება თუ არა საკანონმდებლო ცვლილება საჭირო, ამას მუშა პროცესი გამოარკვევს.

 

„ჩვენ უნდა ვნახოთ რა ზომები არის საჭირო, თუ საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო, საკანონმდებლო ცვლილება უნდა მომზადდეს. თუ მთავრობის აქტი არის საჭირო, მთავრობის – აქტი. მთელი კომპლექსი უნდა შემუშავდეს ღონისძიებების,“ – აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

 

მოქალაქეებმა, ვინც მიწას მართლზომიერად ფლობს და მისი რეგისტრაცია სურს, მუნიციპალიტეტებში მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა მიმართონ.

 

“იმისთვის, რომ კომისიამ მიწა საკუთრებაში გადასცეს მოქალაქეს, მან განცხადებით უნდა მოგვმართოს და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინოს: საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საჯარო რეესტრიდან ცნობა არის თუ არ არის რეგისტრირებული ნაკვეთი, თვითნებურად დაკავებული მიწის სანოტარო აქტები, არანაკლებ 2-3 მოწმე, თემის რწმუნებულის ცნობა და პირადობის მოწმობა, ვისზეც უნდა დარეგისტრირდა ეს მიწა,“ – ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტში მოქმედი მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე მევლუდ ჭურკვეიძე.

 

მისივე თქმით, შუახევის მუნიციპალიტეტში მიწა მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ს აქვს დარეგისტრირებული.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე ამბობს, რომ მოქალაქეები ძირითადად კურორტ ბეშუმში აშენებული სეზონური საცხოვრებელი სახლების დარეგისტრირებას ითხოვენ.

 

„ბოლო პერიოდამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დარეგისტრირებაზე ცოტა განცხადება შემოდიოდა, თუმცა ბოლო პერიოდში როცა გაჟღერდა, რომ იწყება გზის მშენებლობა, შენდება ჰესები, მოსახლეობამ დაიწყო განცხადებების შემოტანა,“ – ამბობს ნოდარ თავართქილაძე.

 

მისივე თქმით, მიწაზე საკუთრების აღიარება იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუკი მოქალაქე საჭირო დოკუმენტაციას ფლობს და კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა მხოლოდ 8%-ს აქვს თვითნებურად დაკავებული მიწები რეგისტრირებული.

 

გარდა კანონმდებლობისა, მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციაში ხელს მაღალი გადასახადიც უშლის. მიწებს ის მოქალაქეებიც ვერ ირეგისტრირებენ, ვისაც მიწის მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი საბუთები აქვს. ერთი ჰექტარი მიწის დარეგისტრირების ღირებულება 600 ლარია. ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 10 000-ზე მეტს არ აღემატება, გადასახადისგან თავისუფლდებიან. გადასახადისგან თავისუფლდება, ასევე მოქალაქე, თუ მას მოეპოვება 1994 წლამდე საარქივო მონაცემები.

მასალების გადაბეჭდვის წესი