ეკონომიკა

თანაინვესტირების ფონდის ინვესტორები და პრიორიტეტები

30 სექტემბერი, 2013 • • 5930
თანაინვესტირების ფონდის ინვესტორები და პრიორიტეტები

ფონდის პრეზენტაცია დღეს “შერატონ მეტეხი პალასში” შედგა, რომელსაც ბიზნესწრეების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

 

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდი შექმნილია ქართველი და უცხოელი ინვესტორების სახსრებით, კომერციულად მიმზიდველ პროექტებში ინვესტირებისათვის.

 

„ეს არის კერძო, პირდაპირი ინვესტირების ფონდი, რომელიც დასავლური სტანდარეტებით არის ჩამოყალიბებული. ფონდი დარეგისტრირებულია შპს-ს ფორმით, ბრიტანული სამართლის შესაბამისად. მსგავსი ფონდებისათვის ეს არის ყველაზე მისაღები ფორმა, რაც უზრუნველყოფს მის რეგულირებას და დაცულობის დონეს, რომელიც უცხოელი ინვესტორებისათვის არის მისაღები.“

 

თანაინვესტირების ფონდს უხელმძღვანელებს საქართველოში შექმნილი სპეციალური მმართველი კომპანია. ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინფორმაციით, ის ამ კომპანიის ერთ–ერთი დამფუძნებელია და, ამავდროულად, თანადაფინანსების ფონდის კონსულტანტია.

 

საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია კომპანია “ჯი სი ეფ პარტნიორები”, რომლის მიზანია ფონდების და ინვესტიციების მართვა და საკონსულტაციო მომსახურება. ამ კომპანიაში 16%-იან წილს ფლობს კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ბიზნესმენი ლევან ვასაძე; 42%-ს – უჩა მამაცაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი და პრემიერის ყოფილი კუთვნილი კომპანიის “სტოილენსკაია ნივას” ყოფილი გენერალური დირექტორი. “ჯი სი ეფ პარტნიორების” 42% წილს ფლობს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი. 

თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია
თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია

რა გეგმები აქვს თანაინვესტირების ფონდს

 

ხუთწლიან პერიოდში ფონდი გეგმავს 10 მილიარდის ღირებულების პროექტებში ინვესტირებას. გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდი ღიაა ქართველი და უცხოელი ინვესტორებისათვის. თუმცა ინვესტორები ფონდის მართვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

 

ფონდს მართავს აღმასრულებელი დირექტორი და სამი მმართველი დირექტორი, რომლებიც ფონდის სტრატეგიულ მიმართულებებს ხელმძღვანელობენ.  

 

ცოტნე ებრალიძე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველი დირექტორია ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში. გიორგი კიკვაძე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველი დირექტორია სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკის სექტორში. ირაკლი მენაბდე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველი დირექტორია ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის სექტორში. ფონდში ფუნქციონირებს  ფინანასური, იურიდიული და რისკების მართვის დეპარტამენტი.

 

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამბობს, რომ თანაინვესტირების ფონდის მმართველ გუნდს აქვს  დასავლეთში მიღებული განათლება და მოწინავე ორგანიზაციებში საქმიანობის გამოცდილება. ვასაძე ამბობს, რომ ფონდის ერთ–ერთი მმართველი დირექტორი გიორგი კიკვაძე მასთან ერთად სწავლობდა.   

 

გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ფონდის მთავარი ამოცანაა ქვეყნისათვის მნიშვნელოანი კომერციული პროექტების დაფინანსება:

 

„ინვესტორებზე მაღალი უკუგების უზრუნველყოფა, საერთაშორის მასშტაბით მოღვაწე მსხვილი კომპანიების მოზიდვა და საქართველოში შემოყვანა, საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი კაპიტალის მიწოდების უზრუნველყოფა, 7–9 წლის განმავლობაში წარმატებული პროექტებიდან გამოსვლა, რაც გულისხმობს წილის რომელიმე პარტნიორზე ან სხვა სტარატეგიულ თუ ფინანასურ ინვესტორზე გასხვისებას.“

 

ფონდის პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ საინვესტიციო პროექტების ზომა 5 მილიონ დოლარს უნდა შეადგენდეს. ფონდის მონაწილეობა პროექტებში  25–75 პროცენტი იქნება. ფონდი მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ კაპიტალში, ხოლო მობილიზებული თანხების ინვესტირება მოხდება ეტაპობრივად, 5 წლის განმავლობაში. ინვესტიციების 80 პროცენტის განთავსება მოხდება საქართველოში. დანარჩენი 20 პროცენტი კი შეიძლება განთავსდეს უცხოეთში საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტებში. 

 

ფონდის ძირითადი მიმართულებებია ენერგეტიკა, ტურიზმი, უძრავი ქონება, ლოჯისტიკა და სოფლის მეურნეობა.

 

„მიმართულებები უნდა ყოფილიყო ინვესტორებისათვის მიმზიდველი. დარგებში უნდა არსებობდეს მოთხოვნა კაპიტალზე. არ შევალთ იმ სექტორებში, რომლებიც საბანკო კაპიტალით არის გაჯერებული. ფონდი არ მიიღებს ისეთ სპეკულაციურ გარიგებებში მონაწილეობას, როგორიც არის ნედლეულით და უძრავი ქონებით ვაჭრობა.“

 

გიორგი ბაჩიაშვილი
გიორგი ბაჩიაშვილი

რატომ უნდა მივიდნენ ბიზნესმენები თანაინვესტირების ფონდში

 

ფონდში პროექტის მიღების შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში მოხდება მისი ანალიზი. მეორე ეტაპზე პროექტს განიხილავს ფონდში არსებული საინვესტიციო კომიტეტი, რომელიც წამოაყენებს წინაპირობებს თანაინვესტორებთან და ბანკებთან თანამშრომლობისთვის. თანამშრომლობაზე თანხმობის მიღწევის შემთხვეაში, პროექტის დეტალური გამოკვლევა დაიწყება.  ამ ეტაპზე პროექტის განხილვაში ჩართული იქნებიან საერთაშორისო კონსულტანტები და ექსპერტები. ამის შემდეგ ფონდი იღებს საინვესტიციო გადაწყვეტილებას და ხდება პროექტის გაფორმება, რასაც, ბაჩიაშვილის განცხადებით, 7–15 კვირამდე დასჭირდება:  

 

„პროექტში ფონდი შევა მხოლოდ კაპიტალში. ამ შემთხევვაში ფონდი ბანკებთან ითანამშრომლებს, რათა კომპანიებისათვის მოიზიდოს სასესხო კაპიტალი.“  

 

ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ფონდი კონცენტრირებულია გრძელვადიან სტრატეგიაზე:

 

“რაც იმას ნიშნავს, რომ პარტნიორებს უზრუნველვყოფთ გრძელვადიანი კაპიტალით. ჩვენი ფონდი ღია იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. პროექტები აუდიტირებული იქნება მსოფლიოში წამყვანი აუდიტორული კომპანიების მიერ. ჩვენ ვიქნებით შედეგეგბზე ორიენტირებიულნი და მიუკერძოებლები. კაპიტალში თანამონაწილეობის გარდა პროექტის განხორციელებაში უშუალოდ ვართ ჩართულები.“  

 

თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირეტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცახდებით, ფონდში ამ დროისათვის განიხილება 6 ჰიდროელექტროსადგურის, ახალი ნახშირსაბადოს, რძის გადამამუშავებელი საწარმოს და სასტუმროების პროექტები, რაშიც შესაძლოა ფონდის კაპიტალის 10 პროცენტი დაიხარჯოს.

 

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, თანაინვესტირების ფონდი მონაწილეობის პირობები ჩამოყალიბებული არ არის. ბაჩიაშვილის ინფორმაციით, პროექტს საპარტნიორო ფონდი ახორციელებს და გახდება თუ არა საჭირო მასში თანაინვესტირების ფონდის მონაწილეობა, მუშაობის პროცესში გაირკვევა. 

 

ვისი კაპიტალი განთავსდა ფონდში

 

ფონდში ინვესტიციების კუთხით, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თანამონაწილეობს “დაბი ჯგუფი”, რაკია (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელი კომპანია – ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგი (Milestone International Holdings Group Limited), ალექსანდრე მაშკევიჩი, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი. 

 

გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდში ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია ფონდის მთლიანი კაპიტალის  15 პროცენტია. რაც შეეხება დანარჩენ ინვესტორებს, მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა არ ხმაურდება.

 

თანაინვესტირების ფონდის ინვესტორების კომპანიები ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული. „დაბი ჯგუფი“ საქართველოში უკვე ფლობს KSB ბანკს, „იმელის“ შენობის ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროს და ასევე, სატელეკომუნიკაციო კომპანია „ვარიდ ტელეკომს“.

 

დაბი ჯგუფი ცნობილი ბიზნესჯგუფია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის ხელმძღვანელობით ჯგუფი მოიცავს მრავალფეროვან ბიზნეს- ინტერესებს, მათ შორის: ტურიზმის ინდუსტრია, მშენებლობა, უძრავი ქონება და დეველოპმენტი და მართვა, წარმოება, კომპანიების წარმომადგენლობა, საზღვაო ჭაბურღილები, საბანკო და ფინანსური მომსახურება. ჯგუფი თავისი საერთაშორისო ინვესტიციების გამოცდილების საფუძველზე აფართოებს ინვესტიციებს ფინანსურ საქმიანობაში აუთვისებელ, განვითარებად ბაზრებზე.

 

„დაბი ჯგუფი–საქართველოს“ ფინანსური ხელმძღვანელის,  ფადი ასლის თქმით, თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებაში მისი ჩართვა ეკონომიკის ზრდას გამოიწვევს, რაც შედეგად ათასობით სამუშაო ადგილის და საშუალო კლასის გაძლიერებას მოიტანს.

 

„რაკია“ (RAK Investment Authority) საქართველოში ფლობს სავაჭრო ცენტრ „თბილისის მოლს“, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასს“, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე კვირის წინ, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტებზე, შპს „რაკიინ დეველოპმენტის” და შპს “რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას’’ ყოფილი დირექტორი გელა მიქაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გამოძიების ინფორმაციით, გელა მიქაძემ, „რაკიინ დეველოპმენტის” დამფუძნებელი არაბი ინვესტორების თანხმობის გარეშე, მის მიერ რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომანდიტურ საზოგადოება ,,ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი’’-ზე, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადააფორმა „რაკიინ დეველოპმენტის” 16 940 000 ლარის ღირებულების 8.47%-იანი წილი.

 

“ჩალიკ ჰოლდინგი” ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა თურქულ ბაზარზე და მისი აქტივები 6,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ჰოლდინგი 15 ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, სამშენებლო, საფინანსო, ტექსტილის წარმოება, მედია და ტელეკომუნიკაცია.

 

ფონდის ინვესტორია კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელი კომპანია – ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holding Limited) საქართველოში ნავთობისა და გაზის სექტორში მთელი რიგი მსხვილი ყაზახური კომპანიები მუშაობს, როგორებიცაა: “რომპეტროლი” (მისი აქციების 100 პროცენტი ყაზახეთის მთავრობას ეკუთვნის); “ყაზტრანსგაზ-თბილისი”; “ყაზმუნაისერვისი” (რომელიც ლიკანში სანატორიუმ-სასტუმროს კომპლექსის მშენებლობას ასრულებს) და “ყაზტრანსოილი” (რომელიც ბათუმის საზღვაო ნავსადგურსა და ნავთობტერმინალს ფლობს).

ფონდის ინვესტორია ისრაელის მოქალაქე ალექსანდრე მაშკევიჩი, რომელიც “ფორბსის” მიხედვით 3,7 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. მაშკევიჩი საქმიანობს მძიმე მრეწველობის, სამთო–მომპოვებელი მრეწველობის და ენერგოსექტორში საქმიანობს. თანაინვესტირების ფონდში მაშკევიჩის შემოწირულობის რაოდენობა არ კონკრეტდება. ფონდში აცხადებენ, რომ მილარდერი ფონდის პრეზენტაციას არ ესწრებოდა.

 

ასევე უცნობია, რა კაპიტალით შევიდა თანაინვესტირების ფონდში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი. პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში ლონდონში გარდაიცვალა. ამ დროისათვის პატარკაციშვილების ოჯახი საქართველოში ფლობს მეტალურგიურ ქარხანას, თბილისის ცირკს, მთაწმინდის პარკს, ტელეკომპანია იმედს და ტაქსების კომპანიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი