ახალი ამბები

ნინა ხატისკაცმა ომბუდსმენობაზე ‘ოცნებიდან’ არაოფიციალური შეთავაზება მიიღო

21 ოქტომბერი, 2012 • 2375
ნინა ხატისკაცმა ომბუდსმენობაზე ‘ოცნებიდან’ არაოფიციალური შეთავაზება მიიღო

“დეტალური ლაპარაკი არ ყოფილა, რაღაც პირველადი დაინტერესება იყო, თუმცა ამაზე კონკრეტულად არ ყოფილა. “ქართული ოცნების” მხრიდან იყო საუბარი ამ თემაზე, თუმცა კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა. რამდენიმე ადამიანთან მქონდა საუბარი მეგობრულ დონეზე”, – დღეს, 21 ოქტომბერს განუცხადა ნინა ხატისკაცმა “ნეტგაზეთს”.

 

ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ ის პირადად სახალხო დამცველის პოსტზე თამარ გურჩიანს უჭერს მხარს, თუმცა სხვა კანდიდატურებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის, რადგან საქართველოში არ იმყოფება.

 

“თუ თამარ გურჩიანის კანდიდატურა განიხილება, მე მის კონკურენტად ჩემს თავს არ დავაყენებ. ვფიქრობ, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი საქმე გააკეთოს ამ თანამდებობაზე. ის არის მიუკერძოებელი, პრინციპული და მიზანდასახული ადამიანი. მე პირადად, როგორც “საზოგადოებრივი უფლებდამცველი” – ასეთი სტატუსი არ მქონია, მაგრამ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ზოგადად, ადამიანის უფლებების საკითხებზე მიმუშავია. ახლა პასუხს ვერ გეტყვით, ეს არ არის ის თემა, რომელზეც მე მიფიქრია და ჩამოყალიბებული ვარ, ან პოზიცია გამაჩნია. ვერ განვიხილავდი ჩემს თავს, რადგან ერთ–ერთი კანდიდატურა, რომელიც იყო დასახელებული, მას დავუჭერდი მხარს”, – განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

 

დღესვე ფეისბუქში გაჩნდა გვერდი “ნინა ხატისკაცი – საქართველოს სახალხო დამცველი”, რომლის შემქმნელებიც ომბუდსმენის პოსტზე ნინა ხატისკაცს მიიჩნევენ შესაფერის კანდიდატურად.

 

“ქართული ოცნება” განიხილავს თუ არა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინა ხატისკაცს, ეს კითხვა “ნეტგაზეთმა” პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილსაც დაუსვა.

 

“მგონი, რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი, ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატია, ჩვენ არ გვაქვს ჩამოყალიბებული

ნინა ხატისკაცი/ფოტო: რადიო თავისუფლება
ნინა ხატისკაცი/ფოტო: რადიო თავისუფლება

ჯერ პოზიცია. მე ერთი შემიძლია განვაცხადო, რომ ომბუდსმენი უნდა ვიყოთ ჩვენ ყველა და მე პირველი ომბუდსმენი უნდა ვიყო, მე ასეთი პრეტენზია მაქვს. ამ სამსახურს ხიბლი უნდა დავუკარგოთ, თუმცაღა მნიშვნელოვანiა, რომ ღირსეული ადამიანი ავირჩიოთ ამ ადგილზე და არიან კანდიდატურები, არ გვაქვს ჯერ გადაწყვეტილება მიღეული”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

პარლამენტარ ეკა ბესელიას თქმით კი, “ქართულ ოცნებაში” ყველა კანდიდატურაზე მსჯელობენ, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის: “წინასწარ არ არის არც ერთ კანდიდატზე ოფიციალურად ჩამოყალიბებული პოზიცია და გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთად, დისკუსიების შედეგად. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი უმრავლესობით ღირსეულ კანდიდატს აირჩევს. გულწრფელად გითხრათ, რთულია არჩევანის გაკეთება, იმდენად კარგი კანდიდატები არიან დასახელებული. ყველას ვიხილავთ, ძალიან დიდი ყურადღებით ვართ ამ თემის მიმართ. სახალხო დამცველის კანდიდატურა არის უმნიშვნელოვანესი და კარგი სახალხო დამცველი – ეს არის გარანტი, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა”.

სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებმა ამ დროისათვის სახალხო დამცველის პოსტზე “ქართულ ოცნებას” შესთავაზეს იურისტები – ლია მუხაშავრია და თამარ გურჩიანი, ასევე, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში მიხეილ სააკაშვილის შეთავაზების შემდეგ მიმდინარე წლის სექტემბერში სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი