ეკონომიკა

„შეღავათიანი აგროსესხი“ მსხვილი ბიზნესისთვის

19 სექტემბერი, 2013 • 2212
„შეღავათიანი აგროსესხი“ მსხვილი ბიზნესისთვის

სოფლის მეურნეობის ფონდის  მიერ  დაფინანსებული „შეღავათიანი აგროსესხების“ პროგრამის დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია აცხადებს, რომ პროექტი წარმატებულია.


პროგრამის ფარგლებში გაცემულია 5 400 სესხი, ხოლო დაკრედიტების საერთო პორტფელმა 95 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მინისტრი ამბობს, რომ ყველაზე მეტი აქტივობა „შეღავათიანი აგროსესხის“ მესამე კომპონენტშია:

 

„გაცემული გვაქვს 205 სესხი, აქედან 49 არის ახალი ბიზნესი [start up]. 10 სექტემბრის მდგომარეობით, გახსნილია 49 ახალი საწარმო. წლის ბოლომდე კიდევ 11 გაიხსნება.“

 

„მესამე კომპონენტის სესხი „სტარტ აფად“ ითვლება, მაგრამ თუ ქონება არ გაქვს, მაგ სესხს საერთოდ ვერ აიღებ. ძალიან ბევრი მსურველი ისე დარჩა, რადგან სესხის უზრუნველსაყოფად ქონება არ ჰქონდათ,“ – ამბობს  წალკის რაიონის სოფელ ხარებას მკვიდრი დავით ბუჩუკური.

 

თავად ბუჩუკურმა ყველის საწარმოს ასაშენებლად „საქართველოს ბანკიდან“ სახელმწიფოს სუბსიდირებით 75 ათასი დოლარი 7 წლით 3 პროცენტში ისესხა. სანაცვლოდ კი 100 ათას დოლარად შეფასებული ქონება იპოთეკით დატვირთა. მეწარმე ამბობს, რომ ყველის საწარმოს 2014 წლის გაზაფხულზე იმ შემთხვევაში გახსნის, თუ დამატებით კაპიტალს მოიზიდავს:

 

„გაზაფხულზე მანქანას გავყიდი, ან დარჩენილ ქონებას იპოთეკით დავტვირთავ. წარმოება უნდა გავხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქონებას დავკარგავ. სესხის დაფარვა უკვე დავიწყე და ბანკში ყოველ თვე 1 200 დოლარი შემაქვს.“

 

მარნეულის რაიონის სოფელ გოლთეთის მკვიდრმა, ფერმერმა სოსო სიგუამ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კონსტანტადან“ „შეღავათიანი აგროსესხის” მესამე კომპონენტის ფარგლებში სესხი მეცხოველეობის ფერმის ასაშენებლად მოითხოვა.

 

„დამიმტკიცდა 35 ათასი აშშ დოლარი. 18 ძროხა ვიყიდე. ახალი ბიზნესის დასაწყებად ყველაფერი ბანკში ჩავდე: ბინა თბილისში, სახლი მარნეულში და მანქანა. სესხის დაფარვა დაწყებული მაქვს. გრაფიკია შედგენილია და თვეში 500 დოლარს ვიხდი.“

 

სოსო სიგუა ამბობს, რომ ფერმის ასაშენებლად დამეტებითი თანხა მოითხოვა, მაგრამ  ქონებით უზრუნველყოფა ვერ შეძლო  და  „კონსტანტაში“ სესხი არ დაუმტკიცდა.

 

„იმედი მაქვს, წარმოება გაამართლებს. ბიზნესში მთელი ოჯახი ვართ ჩართული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქონებას დავკარგავ,“ – ამბობს სოსო სიგუა.

  

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში „სტარტაფის“ ქონებით უზრუნველყოფას ექსპერტები აგროსექტორში არსებულ მაღალ რისკებს უკავშირებენ.

 

ილიაუნის ბიზნეს რევიუს ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ  „სტარტ აფი“ კლასიკური გაგებით გულისხმობს ბიზნესის დაწყების დაფინანსებას:

 

„ქონებრივი უზრუნველყოფის მოთხოვნა აუცილებელი არ არის და დამოკიდებულია სესხის გამცემ ორგანიზაციაზე. თუმცა, გამომდინარე მაღალი რისკებიდან, საქართველოში  თითქმის ყველა შემთხვევაში ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ითხოვენ სესხის ქონებით უზრუნველყოფას. სოფლის მეურნეობის სექტორისთვის გაცემულ „სტარტ აფში“ რისკ–ფაქტორი ბევრია. უფრო მეტი, ვიდრე სხვა ბიზნესებში. სუბიექტური რისკებია – გამოუცდელობა, ბაზრის კარგად არცოდნა, წარმოების მაღალი ხარჯები და კლიმატური პირობები“.

 

„შეღავათიანი აგროსესხის“ პროექტის ფარგლებში მიღებული სესხის პირობებით კმაყოფილია მსხვილი ბიზნესი.

 

„ვაზიანი კომპანის“ გენერალური დირექტორი ლევან ფაღავა ამბობს, რომ ღვინის ქარხნის ასაშენებლად 600 ათასი აშშ დოლარი 3 მილონი დოლარის ქონების უზრუნველყოფით „ვითიბი“ ბანკიდან 1 პროცენტში ისესხა:

 

„ეს თანხა უკვე დავხარჯეთ. ავაშენეთ ქარხანა და დანადგარები შევიძინეთ. უკვე ვიბარებთ ყურძენს. სესხის დაფარვის ვადა 7 წელია და ძირის და პროცენტის გადახდა 2014 წლის იანვრიდან უნდა დავიწყო. ვფიქრობ, ეს ბიზნესი წარმატებული იქნება.“  

 

ზვიად ბიკაშვილმა კახეთში, დედოფლისწყაროში სასაწყობე მეურნეობის ასაშენებლად საქართველოს ბანკისგან 117 ათასი აშშ დოლარის სესხი მიიღო: „სესხის ქონებით უზრუნველყოფა მოვახდინეთ. მე მანამდეც მქონდა ბიზნესი. ამ ბიზნესს სჭირდებოდა დამხმარე სასაწყობე მეურნეობა. სესხი მაისში დამიმტკიცდა. დიდი ფართობი იყო გასაკეთებელი და პრობლემები შემექმნა. ვალის გადახდა უნდა დავიწყო 2013 წლის ნოემბრიდან. სესხის პირობებით კმაყოფილი ვარ.“

 

„შეღავათიანი აგროსესხის“ ფარგლებში მსხვილი ბიზნესის საქმიანობა უფრო წარმატებული იქნება, ხოლო წვრილი ფერმერები ბიზნესს იმ შემთხვევაში განავითარებენ, თუ გაერთიანდებიან,“ – ამბობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების ატაშე ხუან-ხოსე ეჩანოვე.

 

მისი თქმით, „შეღავათიანი აგროსესხის“ პროგრამა გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტს ვერ მოიტანს: „საქართველოს სოფლის მეურნეობა შეიძლება შევადაროთ ძალიან ავადმყოფ ადამიანს, რომელიც ეს-ეს არის შეიძლება მოკვდეს. ასეთ სიტუაციაში საჭიროა ე.წ. შოკური თერაპია. ამ როლს ასრულებს სახელმწიფო პროგრამა. ეს კარგია მცირე ვადით, მაგრამ ასეთი პროგრამა ვერ მოაგვარებს ყველა პრობლემას გრძელვადიან პერსპექტივაში“.

 

ხუან ხოსე ეჩანოვე ამბობს, რომ  სამომავლოდ საქართველოს სჭირდება კოოპერაციული ბანკების განვითარება, რომლებიც ფერმერებზე სესხს დაბალ პროცენტში გასცემენ.


„შეღავათიანი აგროსესხის” პროექტის განხორციელება სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის ფონდის დაფინანსებით 2013 წლის მარტში დაიწყო. პროექტის მესამე კომპონენტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნას და არსებული საწარმოების ტექნოლოგიურ გადაიარაღებას ითვალისწინებს. კრედიტის თანხა 30 000-დან 600 000 აშშ დოლარამდეა. საპროცენტო განაკვეთი – 3%-ია, სესხის მაქსიმალური ვადა – 7 წელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი