ეკონომიკა

თხილის ფასს თურქეთი განსაზღვრავს

24 ივლისი, 2013 • 3409
თხილის ფასს თურქეთი განსაზღვრავს

„თხილის საექსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი ბეგი სიორიძე ამბობს, რომ ვიდრე თურქეთი არ გაასაჯაროებს თხილის ფასს, მანამდე ადგილობრივი პროდუქტის ფასის პროგნოზირება რთულია:

 

“რა ფასში გამოიტანს თურქეთი ბაზარზე თხილს, 10 აგვისტოსთვის გაირკვევა. წინასწარი ინფორმაციით, თურქეთშიც და საქართველოშიც მოსავალი ჭარბია.”

  

“თხილის საექსპორტო კომპანია” ადგილობრივ ბაზარზე 7 წელია საქმიანობს და ქართული თხილი ექსპორტზე გერმანიასა და ჩეხეთში გააქვს. ბეგი სიორიძე ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარს თხილის ფასს თურქეთი კარნახობს:

 

“2012 წელს კარგ სეზონს ველოდით, მაგრამ თურქეთმა 2008 წლის მარაგი გამოიტანა გასაყიდად. თურქული გარჩეული თხილის ფასი 7 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ქართული თხილი ბაზარზე 6,70 დოლარად გავყიდეთ.”

 

კომპანია „აგრონათსის“ წარმომადგენელი მინდია გადაევი ამბობს, რომ 2013 წელს თხილის ბაზარზე ოპერირებას აღარ გეგმავს. მეწარმე ბაზრიდან გასვლის მიზეზად გადამამუშავებელი მრეწველობისთვის მოგების დაბალ მარჟას და თხილის ბაზარზე არსებულ არაპროგნოზირებად ფასს ასახელებს:  

 

“სამწუხაროდ, არ ვაპირებთ ოპერირებას. ქარხანას ვაქირავებთ დაინტერესებულ პირებზე და თხილის შესყიდვის პროცესში აღარ ვმონაწილეობთ. გადამამუშავებლისათვის დაბალი მარჟებია, რაც ჩვენთვის საინტერესო არ არის. ამ ბაზარზე იმან უნდა იმუშავოს, ვისაც ბიზნესში გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა აქვს.”

 

“აგრონათსის” წარმომადგენელი ამბობს, რომ თხილის ბაზარზე საქმიანობა მომგებიანი მაშინ გახდება, როცა ქართული თხილის  ექსპორტის მაჩვენებელი გაიზრდება:

 

“ექსპორტის ზრდა დამოკიდებულია პლანტაციების რაოდენობაზე. ბოლო წლებში პლანტაციები ნაკლებად არის გაკეთებული. ახალი პლანტაციის განვითარებას 5–6 წელი სჭირდება. ძირითად განაცხადს თხილის მსოფლიო ბაზარზე თურქეთი აკეთებს. საქართველოდან თხილი ამ ქვეყანაში გადის და შემდეგ ევროპის ბაზარზე ხვდება. საქართველოდან რომ თხილის სტაბილური მიწოდების მაჩვენებელი გაიზარდოს, ფასის პროგნოზირება არ იქნება რთული. ამ შემთხვევაში, გადამამუშავებელი საწარმოები სამომავლო სტრატეგიას ადვილად განსაზღვრავენ”.  

 

არაპროგნოზირებადი ფასის მიუხედავად, თხილის ექსპორტიორი კომპანია „ნატექსი“ ბაზარზე საქმიანობას აგრძელებს. კომპანიის ხელმძღვანელი  მამუკა ბერიშვილი ამბობს, რომ პოლონეთში ბიზნესპარტნიორები ჰყავს და თხილს უპრობლემოდ ჰყიდის:

 

“2012 წლის მოსავლის, გაუტეხავი თხილის ფასი დღეს 3 ლარია. ჯერ ძველი თხილის სეზონი არ დახურულა და ვაგრძელებთ მუშაობას. პარალელურად, ახალი სეზონი დაიწყო, რამდენიმე მცირე წარმოებამ ჩვენგან შეკვეთაც მიიღო.”

 

მამუკა ბერიშვილი ამბობს, რომ 2013 წლის თხილის მოსავლის ფასს რაოდენობასთან ერთად ხარისხიც განსაზღვრავს:

 

“გვაქვს მოლოდინი, რომ მოსავალი ხარისხიანი იქნება. ფასის პროგნოზის გაკეთება რთული იქნება, რადგან მოსავლის აღება ახლა დაიწყო. დღეს ახალი, გაუტეხავი თხილი 1 კილოგრამი 3 ლარად შევისყიდე. ვფიქრობ, ფასი კიდევ გაიზრდება.”

 

ქართული თხილის მწარმოებლებს და ექსპორტიორებს USAID-ი, პროექტის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ფარგლებში, პარტნიორების მოძიებაში ეხმარება. პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თამარ რაზმაძის ინფორმაციით, თხილის კულტურას  ყველაზე დიდი ფართობი თურქეთში უკავია.

 

“ეს ქვეყანა თხილზე მსოფლიო ბაზრის მოთხოვნის 75 პროცენტს აკმაყოფილებს. წამყვან პოზიციებზეა: იტალია, ესპანეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ჩინეთი და აშშ. შემდეგ მოდის საქართველო”.  

 

თამარ რაზმაძე ამბობს, რომ  2012  წლის მონაცემებით, საქართველო თხილის  ექსპორტის მოცულობით მესამე ქვეყანაა მსოფლიოში. პირველ ადგილზეა თურქეთი, მეორეზე – იტალია. არსებობს მოლოდინი, რომ საქართველომ, 2013 წელს მიღებული მოსავლიდან გამომდინარე, ექსპორტიორთა სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლოს.

 

“საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოდან 2012 წელს 15,625.6 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რამაც საერთო ღირებულებაში 83 588 300 დოლარი შეადგინა. 2011 წელს საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 21,654.5 ტონა თხილი გადაიზიდა, რამაც საერთო ღირებულებაში 129 920 300 დოლარი შეადგინა.

 

ექსპორტში დაწინაურების მიუხედავად, საქართველო მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასის ფორმირებაში ვერ მონაწილეობს. თამარ რაზმაძე ამბობს, რომ ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:   

 

“მსოფლიო ბაზრის 75 პროცენტი უკავია თურქეთს და საქართველოს ნიშა მხოლოდ 6 პროცენტია. ამ მონაცემებით, ძნელია იყო თხილის ბაზარზე გლობალური მოთამაშე ფასების დადგენის საკითხში. მეორე პრობლემაა ქართული თხილის ხარისხი. ბაზარს მუდმივად ის ხარისხი უნდა მიაწოდო, რასაც ითხოვს გერმანია. გერმანია არის უმსხვილესი იმპორტიორი, რომელიც შემდეგ თხილის რეექსპორტსაც აკეთებს. თუ მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილის წარმატება გვინდა, პროდუქტის ხარისხი და მიწოდება უნდა იყოს სტაბილური.”

 

კიდევ ერთი პრობლემა ქართული თხილის პლანტაციების ფრაგმენტულობა და ტექნოლოგიური პროცესის დაბალი დონეა:  

 

“საქართველოში თხილის მოყვანა ფრაგმენტირებულია. დიდი  პლანტაციები და მსხვილი მეურნეობები არ არის. ეს სეგმენტი, ძირითადად, წვრილ ფერმერებს უჭირავთ. ნიადაგის მოვლის და შეწამვლის მეთოდი არის ტრადიციული. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და შხამ–ქიმიკატების გამოყენება ძვირია“.

 

“ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა” გამოსავალს ფერმერული გაერთიანებების შექმნაში ხედავს:

“ფერმერები გადაწყვეტილებას ერთად მიიღებენ. შესაბამისად, ფერმერული გაერთანების არსებობის პირობებში ფინანსური რესურსები ხელმისაწვდომი ხდება. ეს კი მოსავლიანობას და ხარისხს გაზრდის. მაგალითად, შხამ–ქიმიკატების შესყიდვაზე, მსხვილი შეკვეთის შემთხვევაში, ფასდაკლების მიღება უფრო მარტივია და აგროკრედიტიც უფრო ხელმისაწვდომია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი