ეკონომიკა

რას მოუტანს ფერმერებს სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი

12 ივნისი, 2013 • • 3166
რას მოუტანს ფერმერებს სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი

კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას კერძო სამართლის არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც გაერთიანებულ ფერმერებს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს მიანიჭებს.

 

ასოციაციის დაფუძნებამდე სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაზღვრავს.

 

კანონპროექტის მეთორმეტე მუხლის თანახმად, სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივი წევრთა პაით იქმნება: (საპაიო ფონდში წევრის შეტანილი ფულის, ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით) სამეწარმეო საქმიანობით მიღებული მოგებით, გრანტით ან სხვა წყაროებით.

 

სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის საქმინობის სფეროა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა და რეალიზაცია.   

 

რატომ უნდა გაწევრიანდნენ ფერმერები სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივში და განავითარებს თუ არა ახალი ინიციატივა ფერმერულ მეურნეობებს საქართველოში?

 

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გელა სამხარაული ამბობს, რომ „სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივში“ გაწევრიანების შემთხვევაში წვრილი ფერმერები რიგი შეღავათებით ისარგებლებენ:

 

„ამ კანონპროექტის განხილვის პარალელურად ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსში და გრანტების შესახებ კანონში. მთელი ხიბლი ის არის, რომ ამ კოოპერატივში ჩართული ქონება 2017 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული იქნება ქონების გადასახადისაგან, ასევე, სასოფლო სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი მოგების გადასახადით არ დაიბეგრება. თუ  კოოპერატივი მიიღებს გრანტს, ამ შემთხვევაში არც ეს ფინანსური რესურსი დაიბეგრება.“

 

კანონპროექტის  თანახმად, მთიან რეგიონებში კოოპერატივის დაფუძნებას, ყველაზე მცირე, სამი წევრი, ხოლო ბარში 5 წევრი შეძლებს.  

 

სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის ყველაზე მთავარი პრინციპია დემოკრატიული მმართველობა:

 

“ერთი წევრი – ერთი ხმა. მნიშვნელობა არ აქვს, რა ზომის ნაკვეთით შევიდა ფერმერი კოოპერატივში. ახლა ფერმერმა იცის, რომ კოოპერატივში 100 ჰექტრის და ერთი ჰექტრის მფლობელი გადაწყვეტილებას ერთნაირად მიიღებს,“ –ამბობს სამხარაული.

 

რაც შეეხება უკვე დაფუძნებულ კოოპერატივებს, მათზე შეღავათები იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ მარეგისტრირებელ ორგანოს ერთი წლის განმავლობაში მიმართავენ და „სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის“ სტატუსს მიიღებენ.

 

რას ელიან ფერმერები სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივისაგან?

 

„ასპინძაში რომ შეიქმნას ასეთი კოოპერატივი, სოფლის მეურნეობა კარგად განვითარდება. დღეს პრობლემა არის მიწის მოხვნა-დამუშავება. ეს სამუშაოები ძვირი გვიჯდება,” – ამბობს მცირე ფერმერი გელა ზედგენიძე, რომელსაც ასპინძაში 3 ჰექტარ მიწაზე კარტოფილი, ხორბალი და ქერი მოჰყავს.

 

ფერმერი ამბობს, რომ მცდელობის მიუხედავად, ბიზნესს ვერ აფართოებს: “ასპინძაში არის ფერმერთა ასოციაცია, ამხელა რაიონს  მათი კუთვნილი 6–7 ტრაქტორი ემსახურება. 200 ლარი ღირს ერთ ჰექტარი მიწის მოხვნა. ბოლოს რომ ვითვლი, არაფერი მრჩება. კოოპერატივი რომ შეიქმნას და 10 კაცი გაწევრიანდეს, ხალხი ფულს  დადებს, თავის დროზე დაიქირავებს ტრაქტორს და მიწას დაამუშავებს. წელს, მაისში დავთესე კარტოფილი, რადგან მანამდე ტრაქტორს არ ეცალა.“

 

ფერმერ გივი აბალაკს გორის რაიონის სოფელ ბერბუკში მეხილეობა–მემცენარეობის და მეცხოველეობის ფერმა აქვს:

 

“კოოპერატივში გავწევრიანდები მას შემდეგ, რაც მის დებულებას გავეცნობი. კოოპერატივს ის პლიუსი აქვს, რომ ყველაფერზე მე არ ვიქნები პასუხისმგებელი. ახლა სასუქის, წამლების პრობლემას მე ვაგვარებ. კოოპერატივში მოხდება ფუნქციათა დელეგირება. გამოვთავისუფლდები და მივმართავ ჩემს შესაძლებლობებს კულტურულ მიწათმოქმედებებზე და სხვა ღონიძიებებზე.“

 

“პროგნოზირება მიჭირს, არ ვიცი, რაჭაში რამდენად იმუშავებს კოოპერატივები. დღეს ყველა თავისთვის საქმიანობს. ადრე ვაკეთებდით ლორს. კარგი სავიჩინე გვქონდა. დაგვეხოცა ღორი, ჭირი შემოვიდა. ჩვენს რეგიონში ბევრი ვერ ბედავს ღორის მოშენებას. თუ კოოპერატივს საგადასახადო შეღავათები ექნება და სახელმწიფო მხარს დაგვიჭერს, შეიძლება ეს ბიზნესი ისევ წამოვიწყოთ,“ – ამბობს წვრილი ფერმერი დავით ქევანიშვილი, რომელიც ამბროლაურში ღორის ფერმას ფლობდა.

 

“ასეთი პროცესები მაღალ განვითარებულ ქვეყნებში, ყველგან სახელმწიფოს მარეგულირებელი და ხელშემწყობი პოლიტიკით წარიმართა. სახელმწიფომ უნდა წარმართოს მაორიენტირებელი როლი. კოოპერაცია დასაქმებისა და უმუშევრობის ლიკვიდაციის ერთ–ერთი საშუალებაა, სახელმწიფომ სოფლად კოოპერაციული მოძრაობის პროვოცირება უნდა მოახდინოს,“ – ამბობს პროფესორი, აგრარიკოსი პაატა კოღუაშვილი.

 

ევროკავშირის ფული და რეკომენდაციები

 

კანონპროექტი “სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის” შესახებ ევროკავშირის და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა. მანამდე კი ამ ორგანიზაციამ საქართველოს  სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სექტორების შეფასება მოახდინა.

 

(FAO)–ის  კვლევით, 2005 წელს ჩატარებული სოფლის მეურნეობის აღწერის შესაბამისად, საქართველოში 700 000 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია. მათი 99% საოჯახო ფერმადაა კლასიფიცირებული. ფერმერულ სექტორში მცირე კერძო ფერმები დომინირებს. 93%-ს 2 ჰა-ზე ნაკლები მიწა აქვს. ერთი ფერმის საშუალო ფართობი 2.3 ჰექტარია.

 

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გელა სამხარაული ამბობს, რომ მიწის რეფორმა ქვეყანაში გაუაზრებლად ჩატარდა, რამაც ფერმერული მეურნეობების განვითარება შეაფერხა: „ჩვენ ვართ მცირემიწიანი ქვეყანა, თავის დროზე მიწის რეფორმა ქვეყანაში გაუაზრებლად ჩატარდა. დავანაწევრეთ მიწები და მცირე ნაკვეთები ერგო მოსახლეობას, რაზე მუშაობაც არის არარენტაბელური და არაეფექტური. თითოეულ პატარა ნაკვეთზე დანახარჯები დიდ ტვირთად აწვება ფერმერს.“


ევროკავშირის ერთ–ერთი რეკომენდაცია საქართველოში ფერმერული მეურნეობების განვითარებაა. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის – ENPARD-ის ფარგლებში საქართველო 2013–2016 წლებში 40  მილიონ ევროს მიიღებს. 18 მილიონი ევრო  საბიუჯეტო დახმარების სახით გადაეცემა საქართველოს მთავრობას; 15 მილიონი ევრო გაიცემა გრანტების სახით მცირე ფერმერულ ბიზნესზე ორიენტირებული ორგანიზაციების შესაქმნელად; ხოლო 3 მილიონი ევრო – ეს იქნება ევროკავშირის თანამონაწილეობა აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის სექტორის დასახმარებლად, UNDP-თან ერთობლივი მენეჯმენტის გზით.


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ამბობს, რომ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შექმნა და მისი პოპულარიზაცია ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ერთ–ერთი რეკომენდაციაა:


“ევროკავშირის ექსპერტები დაგვეხმარებიან ისეთ კონკრეტულ მიმართულებებში, როგორიც არის სასოფლო- სამეურნეო კოოპერაციის გაძლიერება, სასოფლო -სამეურნეო სტატისტიკის მოპოვება. პარალელურად, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონპროექტის განხილვა. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში. სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შექმნა საკმაოდ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის სწორად განვითარებისათვის. როცა კანონპრექტი დამტკიცდება და სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების შექმნა დღის წესრიგში დადგება, დაიწყება სინფორმაციო კამპანია ფერმერებისთვის. კოოპერატივში გაწევრიანებული ფერმერები შეღავათებს და ახალი სტრატეგიის მნიშვნელობას მალე საკუთარ თავზე იგრძნობენ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი