ეკონომიკა

საგადასახადო ომბუდსმენის პრიორიტეტები

11 აპრილი, 2013 •
საგადასახადო ომბუდსმენის პრიორიტეტები

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახადო ომბუდსმენის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა წარგადგინათ, თქვენ უნდა დაიცვათ ბიზნესი სახელმწიფო ზეწოლისგან. რამდენად გაქვთ დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობა ამ ინსტიტუციონალური მოწყობის პირობებში?

 

აქ არის ბალანსი, რადგან საგადასახადო ომბუდსმენს პრემიერი ნიშნავს, მაგრამ იგი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. მუშაობის გამოცდილება, რაც ჩვენ დაგვიგროვდა, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ეს ერთგვარი სიახლოვე მთავრობასთან ჩვენ ჯერ მხოლოდ ხელს გვიწყობს იმაში, რომ რეალური პრობლემები, რომლებიც გააჩნია ბიზნესს, უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაწყდეს. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, არსებობს რამდენიმე ძირითადი ფუნქცია საგადასახადო ომბუდსმენის აპარატში. პირველ რიგში, ეს გახლავთ მეწარმეთა დარღვეული ინტერესების აღმოჩენა და მათი საკანონმდებლო წესრიგში მოყვანა და დაცვა. მეორე მხრივ – მედიატორის ფუნქცია. მედიატორის ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, ბიზნესსა და მეორე მხრივ, სახელმწიფოს შორის უფრო ეფექტურია, როცა არსებობს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება. შესაძლოა ეს საკითხი სხვა რაკურსით დადგეს რამდენიმე ხნის შემდეგ.

 

რა პრობლემები აქვს დღეს ბიზნესს და რამდენად სწრაფად რეაგირებთ? თუ ახლო წარსულს გავიხსენებთ, ბიზნესს გასულ წლებში ყველაზე მეტად აწუხებდა საგადასახადო კოდექსის ორაზროვანი მუხლები და უსამართლოდ დარიცხული ჯარიმები. ორგანიზაცია „დააბრუნეს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგადასახადო ომბუდსმენის აპარატში ბიზნესის პრობლემების განხილვის ტემპი დაბალია…

 

გასაგებია, რომ ძველი საქმეების რაოდენობა არის ძალზე ბევრი, მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ, ძველი საქმეების ტვირთმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი მიმდინარე საქმეების განხილვაში. ეს არის დიდი რისკი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ძველი საქმეების უმრავლესობამ გაიარა გარკვეული ეტაპები და ფაქტობრივად, ეს საქმეები არის დასრულებული, მაგრამ მათი ხელახლა გაცოცხლება საჭიროა სხვა ფორმატით. ეს სხვა თემაა და არ შედის ჩვენს პირდაპირ კომპეტენციაში. მეორე მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის თემები, რომლის გადაწყვეტაც საჭიროა დღეს. ამიტომ ვცდილობთ ბალანსი დავიცვათ. რაც შეეხება საგადასახადო თემატიკას, მისი რაოდენობა შემცირებულია, უკანონოდ დაკისრებული და დათვლილი გადასახადების თემა, არასწორი საგადასახადო ბაზების საკითხების რაოდენობა შემცირდა. ამის მიზეზია მედიაციისა და დავების საბჭოს ნორმალური მუშაობა.

 

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საკმაოდ მწვავეა კომერციული ტვირთების გადამზიდავების თემა. ფინანსთა მინისტრის ბრძანებამ მათ ბაზარი დაატოვებინა. გადამზიდავებმა დახმარებისთვის მოგმართეს. რა გააკეთეთ ამ საკითხის მოსაგვარებლად?

 

ჩვენ მოვაწყვეთ რამდენიმე შეხვედრა ოპონენტებს შორის. გადამზიდავებს შეხვდა ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დღესდღეობით პოზიციები დაახლოებულია და გარკვეული შედეგები უკვე გვაქვს. პირველი ნაბიჯი, რომ გადამზიდველები დაუბრუნდნენ თავიანთ ბიზნესს, გადადგმულია. ამ ეტაპზე ხდება მათი საპროგრამო პროდუქტების ტესტირება შემოსავლების სამსახურში.

 

ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში არ არის მითითებული ვადები, თუ რა დროში უნდა დასრულდეს პროგრამების ტესტირება, სერვერზე მიერთება და შესაბამისი კოდის გადაცემა. ამდენად, გადამზიდავების ბაზარზე დაბრუნება შესაძლოა გაჭიანურდეს…

 

როცა დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა და დაიწყო მოლაპარაკების პროცესი, პოზიციები იყო აბსოლუტურად განსხვავებული. საუბარი იყო კონტრაბანდაზე. იმ პროგრამული პროდუქტის ტესტირება, რომელიც გადამზიდავების ერთ-ერთმა კომპანიამ შექმნა, რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს. ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებთ და ზუსტად ამაში მდგომარეობს ჩვენი ფუნქცია. გადამზიდავებთან და შემოსავლების სამსახურთან ვსაუბრობთ ყოველდღე. ამ კომპანიამ უნდა მიიღოს გარკვეული კოდი. თუ ამ კოდის მიღება ვერ მოხერხდა, ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებას და შევისწავლით საკითხს: რატომ, რა გახდა ამის მიზეზი? თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებთ ამ სიტუაციას.

 

ბიზნესი ითხოვს საგადასახადო წნეხის შემცირებას და კოდექსის დახვეწას. ხელისუფლებასთან ამ საკითხს თუ წამოწევთ?

 

ეს მოთხოვნა დასაბუთებული უნდა იყოს. არსებობს ასეთი სპეციფიკური მოთხოვნები. პრობლემებია სალიცენზიო გადასახადებზე და საბაჟო განაკვეთებზე. ეს თემა რომ აქტუალური გავხადოთ, გარკვეული მაგალითები უნდა დაგროვდეს. შემოსულია საკითხი ჯართის ბიზნესის დაბეგვრის თაობაზე. აქ არ არის საუბარი მაღალი დაბეგვრის შესახებ, აქ საუბარია ეფექტური დაბეგვრის შესახებ, რომელიც უკეთესად არეგულირებს გარემოს იმპორტიორებსა და ადგილობრივ კომპანიებს შორის. როგორც კი კრიტიკული მასალა გროვდება, ჩვენ სახელმწიფო ორგანოებთან ვიწყებთ მის განხილვას. საკანონმდებლო ცვლილებისთვის მომზადება უკვე შესაბამისი საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტია.

 

ასევე მწვავედ დგას უალკოჰოლო სასმელების მარკირების საკითხი. ბიზნესი ითხოვს მარკირების პროცესის გაუქმებას. საგადასახადო ომბუდსმენი რა პოზიციას დაიკავებს?

 

ჩვენ, ზოგადად, ვიცნობთ ამ თემას. გასაგებია და ადეკვატური, როცა სახელმწიფოს მიერ დამატებითი რეგულირების ჩართვა იწვევს ბიზნესის პროტესტს. ფინანსთა მინისტრმა ბრძანების მოქმედება შეაჩერა. არსებობს შეკითხვები. დასკვნას დავდებთ, როგორც კი თემა მიიღებს დასრულებულ ფორმას.

 

თქვენთვის, როგორც საგადასახადო ომბუდსმენისთვის, ამ პოსტზე საქმიანობისას რა არის პრიორიტეტი?

 

მცირე და საშუალო ბიზნესის საქმეების განხილვის სტრატეგია, კონკრეტული საქმეები გვაძლევს საშუალებას, რომ უკეთესად ვიგრძნოთ ის გარემო, რომელიც არის დღეს ბიზნესწრეებში. გადავწყვიტეთ, რომ პირველი, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის საშუალო ბიზნესი. არ იქნება საშუალო ბიზნესი – არ იქნება საშუალო ფენა. არ იქნება საშუალო ფენა, არასოდეს არ გაიზრდება მსყიდველუნარიანობა. არ იქნება მსყიდველუნარიანობა, ვერანაირი კომპანია ვერ განვითარდება. საშუალო ფენა და საშუალო ბიზნესი არის ეკონომიკის ფილტვები. ეს არის ის ხალხი, რომელმაც თანხა პირველადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უნდა დახარჯოს. მსხვილ ბიზნესს აქვს საკმარისი რესურსი, საშუალო ბიზნესს კი რესურსების სიმცირის გამო, პირველ რიგში, სჭირდება დახმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი