ეკონომიკა

ოქროზე მოთხოვნა შემცირდა

4 აპრილი, 2013 • 6694
ოქროზე მოთხოვნა შემცირდა

ნიუ-იორკის ბირჟაზე ერთი უნცია (31.1034768 გრამი) ოქროს ფასი თებერვალში 1571 დოლარი იყო, რაც მარტში 1595,80 დოლარამდე გაიზარდა. ექსპერტების თქმით, ოქროს ფასი მსოფლიოში კრიზისების დროს იზრდება, ხოლო მარტის თვეში ოქროზე ფასის მატებას კვიპროსის კრიზისს უკავშირებენ.


“მსოფლიო ბაზარზე რომ ფასი იზრდება, ეს ჩვენს ბაზარზე გვიან აისახება”, – ამბობს მიშა ბეგიაშვილი, ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებულ საქმინობაში მონაწილე პირთა  საქმინობის ზედამხედველობის საზოგადოების თავმჯდომარე.


მისივე თქმით, საქართველოს არ ჰყავს დილერები, რომლებიც ოქროს ზოდებს ყიდულობენ:


“მსოფლიო ბირჟებზე არსებულ ოქროს ფასთან შედარებით საქართველოს ბაზარზე ფასი 4-5 დოლარით ნაკლებია. ჩვენი ბაზარი აქტიური არ არის. საქართველოში ოქროს შესყიდვის მაჩვენებელი დაბალია. მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შემოსავალი გაძვირებული პროდუქტისთვის გაჭირვებით ჰყოფნის. ძვირფასი სამკაულის ყიდვას, მით უმეტეს, ფულის დასაბანდებლად, ვეღარ ახერხებს. ვინც მაღაზიასა თუ ოქროს ბირჟას აკითხავს, მათი დიდი უმრავლესობა სამკაულს საჩუქრად ყიდულობს.“


ლომბარდ „ლორდის“  ოქროს ექსპერტის,  ბესო კალაძის თქმით, საქართველოში ოქროს ფასის ზრდის ან შემცირების ლოგიკის დადგენა ძნელია:


„ჩვენი ქვეყნის ბაზარი პატარაა და დამოკიდებულია კონკრეტული პირების ქმედებებზე და მოვლენებზე. მსოფლიო ფასი ჩვენზე ნაკლებად მოქმედებს, რადგან ყიდვა-გაყიდვის ბაზარი არ არსებობს. როდესაც ოქროს ფასი ეცემა,  საქართველოს ბაზარზე არ ჩნდებიან ძვირფასი ლითონის დიდი მოცულობით შემსყიდველები. არ არიან კონკრეტული ინდივიდები, რომლებიც ამ ოქროს ყიდულობენ და ყიდიან. საქართველოს ბაზარი რეგულირდება მოსახლეობის მოთხოვნა-მიწოდებით. კრიზისი დადგება – ყიდიან ოქროს, გამოდიან კრიზისიდან და ისევ ყიდულობენ.“


ნატო ჯიბლაძე ძვირფასი ნივთებით თბილისის ოქროს ბირჟაზე 10 წელია ვაჭრობს. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ბირჟაზე შემცირდა, როგორც ოქროს ფასი, ისე – მყიდველების რაოდენობა:


„ოქროზე ფასი დაწეულია და მუშაობაც არ არის. ხალხი არ ყიდულობს, არ აქვს ფული. ოქტომბრის შემდეგ გაყიდვების მაჩვენებელი დაეცა. პოლიტიკურმა სიტუაციამ იმოქმედა, როგიორც ჩანს. არჩევნების შემდეგ გაყიდვები შემცირდა.”


ოქროს ბირჟაზე 585 სინჯის 1 გრამი ოქროს ჩაბარების ფასი 48–49 ლარია, გაყიდვის ფასი – 50-51 ლარი. 1 გრამი ბაჯაღლოს ჩაბარების ფასი 78–80 ლარი და გაყიდვის – 85–87 ლარი.


გაყიდვების მაჩვენებლის კლებაზე საუბრობენ საიუველირო სალონებსა და მაღაზიებშიც. საიუველირო მაღაზია „კრისტალი“ ბაზარზე სამი ფილიალით არის წარმოდგენილი და გასაყიდად გამოაქვს როგორც საზღვარგარეთიდან, ძირითადად კი იტალიიდან ჩამოტანილი ოქროს ნაწარმი, ისე ადგილობრივი სახელოსნოების ნამუშევრები:

 

“ჩვენ ერთდროულად დაბალ, საშუალო და მაღალ სეგნებტზე ვმუშაობთ. შესაბამისად, ფასები იწყება 6 ლარიდან და ადის 3 ათას ლარამდე. ფასები ბოლო პერიოდში არ შეცვლილა. უფრო მაღალი მოთხოვნა ჩვენთან იტალიურ ოქროზეა,“ – ამბობს მაღაზია “კრისტალის” მენეჯერი.


ადგილობრივ ბაზარზე ოქროს ნივთებს ბიჟუტერია ჩაენაცვლა. გაყიდვების მზარდი მაჩვენებელი აქვს ბიჟუტერიის მაღაზია „ბაკარას“, რომელიც  5 მაღაზიით არის წარმოდგენილი:


„ჩვენი მომწოდებლები არიან დანია, გერმანია. ვმუშაობთ საშუალო და მაღალი დონის შემოსავლიან კლიენტებზე. ბიჟუტერიის ფასი იწყება 50 ლარიდან და თვეში ერთხელ ვაახლებთ კოლექციას,“ – აცხადებენ “ბაკარაში”.


ოქროს ჩაბარების ფასი არ შეცვლილა ლომბარდებში. „რიკო კრედიტის“ ოპერატორის ინფორმაციით, 375 სინჯის 1 გრამი ოქროს ჩაბარების ფასი 15 დოლარია, 500-იანი სინჯის ოქროსი – 20 დოლარი, 583–585-იანი სინჯის – 27 დოლარი, 750-იანი სინჯის – 34 დოლარი, 900-იანი სინჯის – 41 დოლარი. 1 გრამი ბაჯაღლოს ჩაბარების ფასი კი ლომბარდში 44 დოლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი