ეკონომიკა

პაატა შეშელიძე: წამგებიანი, უფასო პროექტები უნდა შეჩერდეს

7 თებერვალი, 2013 • 1523
პაატა შეშელიძე: წამგებიანი, უფასო პროექტები უნდა შეჩერდეს

ბატონო პაატა, მოსალოდნელია თუ არა ეკონომიკური კრიზისი საქართველოში?

 

გასული წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა. შესაბამისად, ეს დამაფიქრებელია. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბიუჯეტი, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოს მხრიდან ბევრი ვალდებულების აღებაზე. სახელმწიფოს ბიუჯეტი იზრდება იმის გამო, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრ სერვისს უფასოდ გასცემს. ეს, რა თქმა უნდა, ტვირთად დააწვება გადასახადის გადამხდელს და ადრე თუ გვიან სერიოზულად აისახება მის საქმიანობაზე, მათ აქტივობასა და იმ გადაწყვეტილებებზე, მიიღონ თუ არა ახალ პროექტებში მონაწილეობა; ახალი ინვესტიციები განახორციელონ თუ არა. არსებულ პრობლემებზე ჯერჯერობით პასუხი იძებნება ცენტრალიზებული ფორმით. მაგალითად, ჯანდაცვაში პრობლემაა, – მოდი შევქმნათ ჯანდაცვის ერთიანი ფონდი. მოდით, დავაფინანსოთ განათლება, რაღაც ფაკულტეტები, დავაფინანსოთ მშობიარობა, ბაღი, უფასოდ მოვხნათ, დავთესოთ და ა.შ. ანუ სადაც რამე პრობლემაა, ამბობენ: მოდი, უფასოდ გავაკეთოთ.

 

პაატა შეშელიძე, ფოტო: რადიო თავისუფლება
პაატა შეშელიძე, ფოტო: რადიო თავისუფლება

ეს ცუდია?

 

ეს ეწინააღმდეგება კერძო მესაკუთრის ინტერესებს, პოტენციას, რომ იყოს საინვესტიციო გარემო. რასაც მე ვხედავ, ჯერჯერობით, იდეოლოგიურად არჩეულია სოციალ-დემოკრატიული პოზიცია – სახელმწიფომ უნდა მართოს ყველაფერი. ჩემი დამოკიდებულება ძალიან კრიტიკულია – ვფიქრობ, თუ მთავრობა არ გადახალისდება და არ იქნება ახალი მიდგომა, ძალიან დიდხანს ვერ შეძლებს შეინარჩუნოს თავისი კეთილდღეობა. მას მოუწევს პასუხისგება იმ შეცდომებზე, რომელიც ახლა უკვე დაშვებულია ან აპირებენ, რომ დაუშვან.

 

თქვენი აზრით, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ამ კურსმა?

 

ეკონომიკური ზრდა 2012 წლის ბოლოს ფიქსირდება 6%. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს, ეს ძალიან ცოტაა ჩვენნაირი ქვეყნისთვის. თუ ჩვენ გვინდა ყოველმა ჩვენგანმა იგრძნოს, რომ ოჯახში უფრო მეტი შეაქვს, ვიდრე გააქვს, ეკონომიკური ზრდა ორნიშნა უნდა იყოს. 2013 წლის ბიუჯეტის პროგნოზით, ზრდა 5-6%-ია ჩაფიქრებული. ეს ძალიან პესიმისტური, არაფრისმთქმელი ბიუჯეტია იმ თვალსაზრისით, რომ პერსპექტივა არაფერს აქვს.

 

გარდა ამისა, გასული წლის ბოლოს პარლამენტმა საშემოსავლო გადასახადი 20-დან დაპირებისამებრ 18%-მდე არ შეამცირა. იყო ლაპარაკი სხვა გადასახადების გაზრდაზე და ახალი გადასახადების შემოღებაზეც. ეს ყველაფერი დამთრგუნველად მოქმედებს: მთავრობას ჰქონდა გაცხადებული, რომ შეამცირებდა გადასახადებს, მაგრამ აღარ შემცირდა. კონსტიტუციაში წერია, რომ ახალი
გადასახადები რეფერენდუმით უნდა იქნეს შემოღებული, შემცირდეს ან გაიზარდოს. დღეს გადასახადები იზრდება, თითქოს კონსტიტუცია არაფერი არ იყოს. მართალია, ეს მუხლი კონსტიტუციაში ცოტა გვიან უნდა ამოქმედდეს, მაგრამ სულისკვეთება ირღვევა. აი, ეს არის ჩემი სკეპტიციზმის საფუძველი.

 

თქვენი აზრით, რა არის არსებული სიტუაციიდან გამოსავალი?

 

მნიშვნელოვანია მონეტარული და ფისკალური რეფორმის ჩატარება, – სასურველია ლარი იყოს ოქროზე მიბმული. თუ ამას ვერ გაბედავენ, მაშინ დოლარზე მიბმული მაინც უნდა იყოს. ითქვას, რომ აგრძელებენ გადასახადების შემცირებას. უნდა შემცირდეს ხარჯები და ეს აბსურდული ახალი პროექტებიც შეჩერდეს. ეს არის ყოვლად წამგებიანი პროექტები – მხედველობაში მაქვს უფასო პროექტები. ჩემი აზრით, რასაც აკეთებენ, ყველაფერი უკუღმა უნდა გააკეთონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი