ეკონომიკა

‘გალფი’ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა

16 იანვარი, 2013 •
‘გალფი’ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა

 

„გალფის“ტენდერში დამარცხებას კომპანიის მენეჯმენტი ხელისუფლების შეცვლას არ უკავშირებს.

 

“გალფის” კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი თეონა უნიკაძე ამბობს, რომ  კომპანიამ ტენდერში ფასით წააგო:

 

„ტენდერში გამარჯვება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო  ჩვენი კომპანიისათვის, მაგრამ კონკურენტებმა უფრო დაბალი ფასი შესთავაზეს. კომპანია, ტენდერში დამარცხების მიუხედავად, საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, როგორც კორპორაციული, ისე საცალო გაყიდვები.“

 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საწვავის კონსოლიდირებულ ტენდერში სამმა კომპანიამ- „ლუკოილმა,“ „ვისოლმა“ და „რომპეტროლმა“  გაიმარჯვეს.

 

2013 წლის განმავლობაში  „სუპერისა“ და „პრემიუმის“ ტიპის ბენზინსა და „ევროდიზელის“ საწვავს სამთავრობო უწყებები  კომპანია „ლუკოილისგან“ შეისყიდიან. გასაყიდი საწვავის მოცულობა სულ 56 მილიონ ლიტრს შეადგენს.  

 

კონსოლიდირებულ ტენდერზე 5 მილიონი ლიტრი საწვავით სახელმწიფო უწყებების მომარაგების უფლება   „რომპეტროლმა“ და „ვისოლმა“ მოიპოვეს.

 

“ლუკოილი” სახელმწიფო უწყებებს ” პრემიუმის” მარკის ერთ ლიტრ საწვავს 1,84 ლარად მიაწვდის, 1 ლიტრი “სუპერის” მარკის ბენზინის სატენდერო ფასი 1,91 ლარია. “ვისოლი” და “რომპეტროლი”  „რეგულარს“ სამთავრობო სტრუქტურებს 1,85 და 1,91 ლარად მიჰყიდიან.

.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წელს საწვავის შესყიდვებზე გამოცხადებულ ტენდერში „ლუკოილმა“, „გალფმა“ და  „ვისოლმა“ გაიმარჯვეს.

 

სამთავრობო სტრუქტურებმა გასულ წელს „ლუკოილისგან“ 95 437 960 ლარის საწვავი, „გალფისგან“  49 475 865  ლარის საწვავი, ხოლო „ვისოლისგან“  34 200 730 ლარის საწვავი შეისყიდეს.

 

საწვავის შესყიდვების ტენდერში 2011 წელს ლიდერის პოზიციები იგივე კომპანიებს ჰქონდათ.

 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტატისტიკით, 2011 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის ივლისამდე კომპანია „ლუკოილმა“ 23 ტენდერში მოიპოვა გამარჯვება, ხელშეკრულება თითქმის 96 მილიონ ლარზე გააფორმა და შესყიდვების ლიდერი გახდა.  „ლუკოილის“ შემდეგ სახელმწიფო შესყიდვების კუთხით „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, იგივე „გალფი“ ლიდერობდა თითქმის 50 მილიონის  სატენდერო კონტრაქტებით. ნავთობკომპანიებს შორის სატენდერო შესყიდვებში 2011 წელს მესამე ადგილზე იყო  „ვისოლი“ 34 მილიონი ლარით.

 

ნავთობკომპანია  „გალფი“ ბაზარზე 2011 წლის გაზაფხულზე შემოვიდა. მას საქართველოში 2010 წელს დაფუძნებული კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ წარმოადგენს.

 

ბაზარზე შემოსვლის შემდეგ გალფმა სამი კომპანიის – „სენტას“, „მაგნატის“ და „ეკოს“ ქსელები შეისყიდა.  დღეს „გალფს“ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი ბენზინგასამართი სადგურების ქსელი აქვს.

 

კომპანია „გალფის“ წილი  2012 წლის ნოემბერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა  გაასხვისა. რის შემდეგაც რუსეთში მოღვაწე ცნობილმა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა კომპანია „გალფში“, რომელშიც ის უმსხვილესი აქციონერია, საკუთარი წილი გაზარდა.

 

„გალფ ჯორჯიას“ მენეჯმენტი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი ამჟამად არ ირიცხება კომპანიის აქციონერთა რიგებში. მმართველი გუნდის ნაწილი კი, რომელიც შედგება ისრაელიდან ჩამოსული პროფესიონალებისგან, კომპანიის მენეჯმენტში რჩება.

 

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში გასულ წელს  ღიად განაცხადა, რომ ნავთობკომპანია „გალფ–ჯორჯიაში” წილს ფლობდა.

 

კომპანია „სენტას“ მფლობელი ზაალ იაკობაშვილი ამბობს, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე მალე მოთამაშეები შეიცვლებიან:  „პროკურატურაში საჩივარი შეტანილი მაქვს. ველოდები სწორი და სამართლიანი შედეგის მიღებას.“

 

ზაალ იაკობაშვილის განცხადებით, მას კომპანიის ქონება დავით კეზერაშვილმა ზეწოლით და შანტაჟით დაათმობინა:

 

 „ ეს იყო კომპანიის ქონების იძულებითი გასხვისება, რომელიც 2010- ში დაიწყო და 2011 წელს დასრულდა. ჩვენ ვფლობდით 65 ობიექტს, მათ შორის სამი ნავთობბაზას, გვქონდა შეძენილი მიწის ნაკვეთი ავტოგასამართი სადგურისთვის. „სენტა“ ამჟამად არ  მუშაობს საწვავის ბაზარზე, მაგრამ ქონების დაბრუნების შემდეგ ვაპირებთ ბიზნესის განახლებას.“

 

ნავთობპროდუქტების ბაზარზე დაბრუნებას აპირებს კომპანია „მაგნატი“. მისი მფლობელი ჯემალ ლეონიძე 2013 წლის 13 იანვარს პოლიტიკური პატიმარის სტატუსით გათავისუფლდა.

 

„ქონების დაბრუნებაზე დავა დაწყებული მაქვს 2011 წლის ივნისის თვიდან. ჩემი დაპატიმრების შემდეგ მთელი ქონება აღმოჩნდა სხვის ხელში- ავტოგასამართი ქსელი, რესტორნები, საცხოვრებელი სახლი და ბინები. მივმართე პროკუარტურას. ახალი ხელისუფლების პირობებში განვაახლე საჩივრები. პარლამენტში მალე შეიქმნება საპარლამენტო კომისია ქონებრივ დავებთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ორგანოსაც მივმართავ.“

 

ჯემალ ლეონიძე ამბობს, რომ  პირდაპირი დავა არ აქვს „გალფთან“, თუმცა „მაგნატის“ კუთვნილი ქონება „გალფის“ ხელში „თიბისი“ და „რესპუბლიკა ბანკის მეშვეობით აღმოჩნდა: „მე ვედავები ამ ბანკებს,  მათ დაისაკუთრეს ჩემი ქონება. შემდეგ კი „გალფმა“ იყიდა. „თიბისი“ ბანკიდან როგორ აღმოჩნდა „გალფის“ ხელში, ამას გამოძიება დაადგენს.“ 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი