ეკონომიკა

შეღავათი მხოლოდ დასაქმებულებისთვის

4 დეკემბერი, 2012 • • 2888
შეღავათი მხოლოდ დასაქმებულებისთვის

ხათუნა ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში მუშაობს და მისი დარიცხული ხელფასი 320 ლარია, თუმცა ხელზე 256 ლარს იღებს. ხათუნას დიდი იმედი ჰქონდა, რომ იანვრიდან მისი ხელფასი აღარ დაიბეგრებოდა და ხელზე 320 ლარს აიღებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ფინანსთა მინისტრის განმარტება მოისმინა, იმედი გაუცრუვდა.

 

„ადამიანებს, რომელთაც აქვთ თვეში 500 ლარი და ნაკლები ხელფასი, მათი შემოსავლიდან 150 ლარი არ დაიბეგრება”, – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “მე–9 არხის” ეთერში გააკეთა.

 

ხადურმა განმარტა, რომ თუ „ადამიანს აქვს 500 ლარი ხელფასი, ის ხელზე იღებს ყოველვიურად 400 ლარს. 500 ლარის 20 პროცენტი ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით. წლის ბოლოს ბიუჯეტი ამ ადამიანს 360 ლარს დაუბრუნებს ე.წ. მე–13 ხელფასის სახით”.

 

ფინანსთა მინისტრის თქმით, დაუბეგრავი მინიმუმი არის თვეში 150 ლარი, მისი 20 პროცენტი არის 30 ლარი, 12 თვეში 30 ლარი კი 360 ლარს უტოლდება.

 

“უხეშად რომ ვთქვათ, პეადგოგი, რომლის ხელფასიც არის 300 ლარი, ის წლის ბოლოს კიდევ აიღებს 360 ლარს, მაგრამ ეს არ შეეხებათ მაღალშემოსავლიან ადამიანებს,” –განაცხადა ხადურმა.

 

პარლამენტის საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ვაშაძის თქმით, დაუბეგრავი მინიმუმის ხარვეზი ის არის, რომ არ ვრცელდება საშემოსავლო გადასახადის ყველა გადამხდელზე:

 

“ის ვრცელდება მხოლოდ დაქირავებულ პირებზე, ვინც ხელფასის სახით იღებს წელიწადში 6 ათას ლარზე ნაკლებ შემოსავალს. მაგალითად, რა დააშავა ადამიანმა, რომელსაც აქვს ჯიხური ან ვაჭრობს და აქვს 500 ლარის შემოსავალი. მეორე პრობლემაა ის, რომ  დაუბეგრავი მინიმუმი ავტომატურად კი არ უბრუნდებათ დაქირავებულებს, არამედ 2013  წლის ბოლოს ყველა დაქირავებულმა, ვისი შემოსავალიც არ აღემატებოდა 6 ათას ლარს, უნდა შეავსოს დეკლარაცია და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნებს სახელმწიფო მას დაუბეგრავ თანხას. ეს ბიუროკრატიული პროცედურაა. ფინანსთა სამინისტროსაც ისე აქვს გათვლილი, რომ დაახლოებით 20 პროცენტი ვერ შეძლებს თანხის დაბრუნებას უკან, რადგან ამ პროცედურას ვერ გაივლის.“

 

ფინანსთა მინისტრის თქმით, დაუბეგრავი მინიმუმი არის შეღავათი, რომელსაც მოსახლეობა მიიღებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს ამით შეიძლება დაახლოებით 160 მილიონი ლარი დააკლდესს: “მაგრამ ხელისუფლება მზად არის, ქამრები შემოიჭიროს”.

 

ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საშემოსავლო გადასახადის მოცულობა საგადასახადო შემოსავლების სეგმენტში  ორჯერ აღემატება ბიუჯეტში აკუმულირებულ მოგების გადასახადს: 

 

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო მნიშვნელოვანი შემოსავლების. სახელმწიფო ეგრე იოლად ვერ შეელევა საშემოსავლო გადასახადს, თუ არ ნახა ალტერნატიული წყარო.”

 

ფინანსთა სამინისტროს მიერ 2011 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, გადასახადების სახით 6 მილიარდ  970,4 ათასი ლარია მობილიზებული, საიდანაც საშემოსავლო გადასახადის მოცულობა შეადგენს 1 მილიარდ 551 ათასი ლარს. ზოგადად, საგადასახადო შემოსავლებში საშემოსავლო გადასახადს შენატანების კუთხით მეორე ადგილი უჭირავს: გადასახადების მობილიზების მხრივ  დღგ-ზე – 46,7 პროცენტი, საშემოსავლო  გადასახადზე კი  25,5 პროცენტი მოდის.

 

საშემოსავლო გადასახადის 20 პროცენტიდან 15 პროცენტამდე შემცირებას 2011 წელს ამოქმედებული საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა. კანონით განსაზღვრული გრაფიკის თანახმად, 2013 წლამდე საშემოსავლო გადასახადი 18 პროცენტი, 2014 წლის შემდეგ კი 15 პროცენტი უნდა გამხდარიყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს სქემა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით 2012 წლის ივნისში შეცვალა. 2013 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც გადამხდელს შეეძლო 20-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადიდან 18 პროცენტი ბიუჯეტში გადაეხადა, ხოლო 2 პროცენტი -ნებაყოფლობით ინდივიდუალურ დაგროვებით ანგარიშზე.

 

ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით საშემოსავლო გადასახადი აღარ მცირდება და სანაცვლოდ დაუბეგრავი მინიმუმი შემოდის.

 

გიორგი ვაშაძის თქმით, დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებამ შესაძლოა ქვეყნის ეკონიმიკაში შავი ხვრელი გააჩინოს: „ეს შეიძლება გამოიყენონ დამქირავებლებმა და გადასახადებს თავი აარიდონ.“

 

ვაშაძე ხელისუფლებას საკანონმდებლო ალტერნატივას სთავაზობს: „დაუბეგრავი მინიმუმი უნდა გავრცელდეს ყველაზე. რაც მთავარია, პარალელურ რეჟიმში მოხდეს საშემოსავლო გადასახადის კლება 20-დან 18 პროცენტამდე, რადგან 2013 წლის ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ იქნება გადასახდელი დაუბეგრავი მინიმუმის რეჟიმში მყოფი ადამიანებისათვის, ეს თანხა 2014 წელს უნდა გადაიხადოს ბიუჯეტმა.“

 

ვაშაძის განცხადებით, საშემოსავლო გადასახადის კლება პირდაპირპორპორციულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნის: „ბიზნესს შეუძლია შექმნას სამუშაო ადგილები და დაასაქმოს ადამიანები.“ 

 

სოსო არჩვაძის შეფასებით, დაუბეგრავი მინიმუმის შემოტანა სამართლიანი გადაწყვეტილებაა, თუმცა უფრო მეტ ეფექტს მოიტანდა პროგრესული საშემოსავლო გადასახადი: 

 

„მაგალითად, აშშ–ში თუ პიროვნება მარტოხელაა  და მისი შემოსავალი 8800 დოლარს არ აღემატება, ის თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან. აშშ–ში არის საფეხურეობრივი საშემოსავლო გადასახადი. 388 ათას დოლარზე მეტი წლიური შემოსავალი იბეგრება 35 პროცენტით. ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტმაც შემოიტანა წინადადება, რომ მოხდეს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფრანგების მაღალი განაკვეთით დაბეგვრა. კერძოდ, 1 მილიონზე მეტი ევროს შემოსავალი 75 პროცენტით დაიბეგრება. ამის გამო მაღალშემოსავლიანი ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები კაპიტალის გადატანას სხვა ქვეყნებში აპირებენ. ბარაკ ობამა მემარცხენე პოზიციებიედიან გამომდინარე, ამბობს, რომ საშემოსავლო გადასახადის შკალა ჩამოწეული იქნას 380 ათასი აშშ დოლარიდან 280 ათას დოლარამდე და მდიდრებმა რაც შეიძლება მეტი გადაიხადონ ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაბეგვრის საფუძველზე.“

 

სოსო არჩვაძე დიფერენცირებული საშემოსავლო გადასახადის მომხრეა:

 

„წინა ხელისუფლება აცხადებდა, რომ ადმინისტრირება გამკაცრდა და გაჩნდა რესურსი და ჩრდილოვან ეკონომიკას წილი არ აქვს. თუ ასეა, მაშინ რა გვიშლის ხელს, რომ გავაკეთოთ სწორი ადმინისტრირება და მეტი  შემოსავალი მეტად დაიბეგროს?! არა მარტო დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შემოვიღოთ, არამედ პროგრესული საშემოსავლო გადასახადი, სადაც დიფერენცირებულად მოხდება დაბეგვრა.“  

 

ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ეს არის დასაქმებულ ადამიანებზე ორიენტირებული ინიციატივა, რომელიც არ ეხება ბიზნესს:

 

„საშემოსავლო გადასახადის გადამხდელები არიან ფიზიკური პირები. ეს იმისთვის კეთდება, რომ დასაქმებულმა ადამიანმა მიიღოს შეღავათი.“

 

ლექვინაძის განცხადებით, ხელისუფლებას საშემოსავლო გადასახადი 2 პროცენტით რომ შეემცირებინა, ამით, პირველ რიგში, ისარგებლებდა ბიზნესი:

 

„ბიზნესს უფრო იაფი დაუჯდებოდა თანამშრომლის შენახვა, ის იქნებოდა მოსარგებლე კომპანია და არა – დასაქმებული. აქ უშუალოდ ფოკუსი გაკეთდა დასაქმებულზე. ყველა დასაქმებულ ადამინს, ვისაც აქვს ხელფასი 500 ლარი ან ამ თანხაზე ნაკლები, დაახლოებით 360 ლარი დაუბრუნდება უკან, ანუ 150 ლარი იქნება დაუბეგრავი. უკეთესი იქნებოდა, რომ საშემოსავლო გადასახადი ყველასთვის შემცირებულიყო, ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტს ხარჯი უფრო მეტი ექნებოდა, მაგრამ შეღავათი ექნებოდა ბიზნესს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი