ეკონომიკა

ვინ დარჩება სუპერმარკეტების ბაზარზე

29 ნოემბერი, 2012 • • 4537
ვინ დარჩება სუპერმარკეტების ბაზარზე

2012 წლის ზაფხულში სუპერმარკეტების ქსელ „პოპულის“  30,7 პროცენტი 1,7 მილიონ ევროდ სავაჭრო ქსელმა „იოლმა“ იყიდა. „პოპული“ ბაზარზე 45 სავაჭრო ობიექტით არის წარმოდგენილი.

 

ბაზარზე სუპერმარკეტების ქსელს ავითარებს „სმარტი“, რომელსაც „ვისოლი ჯგუფი“ ფლობს. ამ კომპანიას ნავთობპროდუქტების დისტრიბუციის ბაზარზე გამართული სავაჭრო ქსელი აქვს.

 

რა სტრატეგიით ვითარდება სუპემარკეტების ბაზარი საქართველოში, როგორია კონკურენცია და მომსახურების ხარისხი, მოხდება თუ არა ბაზარზე მცირე მარკეტების პოზიციების შესუსტება?      

 

ბიზნესის მკვლევარის და ილიაუნის პროფესორის გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, თბილისის სუპერმარკეტების ბაზარზე კონკურენცია ყოველთვის მძაფრი იყო:

 

„ყოველთვის იყო რამდენიმე ქსელური სუპერმარკეტი ქალაქში. რამდენიმე წლის წინ „პოპულის“ და „იოლის“ ქსელს ეკავა ერთი დიდი ნიშა, რომლის სერვისიც საშუალო შემოსავლიანი ადამიანებისათვის იყო განკუთვნილი. ამ ნიშას ემატებოდა რამდენიმე მეტნაკლებად პრესტიჟული სუპერმარკეტი: „ბიგ-ბენი“,  „კონტინენტალი“ და „ვეჯინი“.  უფრო მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების ნიშა „გუდვილმა“ მას შემდეგ დაიკავა, რაც საკუთარი ფილიალები საბურთალოსა და ვაკეში გახსნა“.

 

კომპანია „გუდვილის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ირინა ქოსაშვილი ამბობს, რომ ბაზარზე არსებული კონკურენციის პროცესი საინტერესოდ ვითარდება:   

 

„საკმაოდ კონკურენტულია ბაზარი. ჩვენს სტრატეგიას არ ვცვლით. მუდმივად ვთავაზობდით მომხმარებელს აქციებს, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. ვაპირებთ თბილისის მასშტაბით დიდი სუპერმარკეტის გახსნას.“  

 

ქოსაშვილის პროგნოზით, კონკურენცია ამ ბაზარზე მალე კიდევ უფრო  გამძფრდება: 

 

„ჩვენ გვაქვს ყოველთვის ჩვენი ნიშა და სეგმენტი, რომელიც მუდმივად მზარდია. ვმუშაობთ ყველა სეგმენტზე, ჩვენთან  საშუალო, დაბალი და მაღალი ფასი გაიგივებულია კომფორტთან.“

 

სუპერმარკეტების ქსელის – „სმარტის“ მარკეტინგის მენეჯერი თორნიკე გურული ამბობს, რომ „ვისოლმა“ მარკეტების ქსელის განვითარება  2010 წელს დაიწყო:

 

„პირველი სუპერმარკეტი თბილისში გავხსენით. ჩვენი კონცეფცია რამდენიმე მიმართულებისაგან შედგება. ჩვენ გვაქვს ბევრი უცხოური პროდუქტი. მომხმარებელს ვთავაზობთ ძალიან ბევრ ექსკლუზივსაც. მაგალითად, გვაქვს „სტარბაქსის“ ყავა, რომელსაც საქართველოში სხვაგან ვერ იყიდი. მეორე მიმართულება არის კაფეტერიები, რომლებიც ინტეგრირებულია ჩვენს სუპერმარკეტებში.“

 

თორნიკე გურულის შეფასებით, კარგია, როცა ბაზარზე ბევრი კონკურენტია: 

 

„ჩვენი კონკურენტია ყველა მარკეტი, სადაც მსგავსი პროდუქცია იყიდება. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს სუპერმარკეტი იქნება თუ სხვა პატარა მაღაზა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციები დავნერგოთ და განვვითარდეთ.“   

 

გიორგი აბაშიშვილის მოსაზრებით, ბაზარზე „სმარტის“ შემოსვლამ კონკურენცია კიდევ უფრო გაამძაფრა:

 

„სმარტი” ბაზარზე დაბალი ფასებით შემოვიდა და პირველ რიგში გახდა არა „გუდვილის“, არამედ „იოლისა“ და „პოპულის“ კონკურენტი. “კარფურმა“ სუპერმარკეტებში კონკურენცია უპრეცედენტოდ გაამძაფრა. „სმარტისა“ და „კარფურის“ შემოსვლას შედეგად მოჰყვა „გუდვილში“ ფასების კლება, რამაც მნიშვნელოვნად დაარტყა „პოპულისა“ და „იოლის’ ქსელებს. მათ  კონკურენციას ვერაფერი დაუპირისპირეს. კონკურენცია კარგია, რადგან პროდუქციაზე სტაბილურ ფასებს უზრუნველყოფს“.  

 

დიდი მარკეტების კონკურენციის მიღმა რჩება უბნის პატარა მარკეტების ბაზარი.

 

ზვიად ფაცურიამ უბნის მარკეტი ხუთი წლის წინ გახსნა. დღეს,მცირე მეწარმე თბილისის რამდენიმე უბანში სამ პატარა მარკეტს ფლობს:

 

„ეს ბიზნესი მომგებიანია. პატარა მარკეტს მცირე, მაგრამ სტაბილური შემოსავალი აქვს. მომხმარებელი სულ გვყავს და კმაყოფილია. მაღაზიაში ცოტა პროდუქტი გვაქვს და დახლს მოთხოვნის მიხედვით ვაახლებთ. ჩვენთან პროდუქტი სულ ახალია და კლიენტს ამით ვიზიდავთ“.   

 

“გუდვილის” გენერალური დირექტორის მოადგილის ირინა ქოსაშვილის პროგნოზით, დიდ მარკეტებს შორის არსებული კონკურენციის ფონზე  წვრილი სუპერმარკეტები არ გაქრება:

 

„უბნის მაღაზიები ყოველთვის დარჩება. ჰიპერმარკეტებს და სუპერმერკეტებს ყოველთვის ეყოლება თავისი მომხმარებელი და საკუთარი ნიშა ექნება უბნის პატარა მარკეტებსაც.“ 

 

თორნიკე გურულის განმარტებით, მომხმარებელი ირჩევს გამორჩეულ ხარისხს და მომსახურებას:

 

„ჰიგიენას და სტანდარტულ ნორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია. ეს სფეროც ნელ-ნელა დარეგულირდება. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბაზარზე მხოლოდ ისინი რჩებიან, ვისაც ჰიგიენური პირობები დაცული აქვს და განსაკუთრებულ ხარისხს შესთავაზებს მომხმარებელს.“   

 

 ირინა ქოსაშვილის თქმით, ბაზარს დატოვებს ალბათ სუპერმარკეტების ის ქსელი და ის პატარა მაღაზია, რომელსაც არ ექნება ელემენტარული შენახვის პირობები:

 

„სამაცივრე რეჟიმი პროდუქციის შესანახად. მომხმარებლის დონე საქართველოში გაიზარდა. ყველა პროდუქტს აქვს შენახვის ვადა. ნელ-ნელა გამოიცხრილება ის მარკეტები, რომლებიც მომხმარებელს ამ სერვისს ვერ შესთავაზებენ.“

მასალების გადაბეჭდვის წესი