ეკონომიკა

რა შეიცვალა ფიზიკური პირების ქონების დეკლარირების კუთხით

25 ოქტომბერი, 2012 •
რა შეიცვალა ფიზიკური პირების ქონების დეკლარირების კუთხით

რატომ შეცვალა საგადასახადო შემოსავლების სამსახურმა დეკლარაციის შევსების ვადები, როგორია საჯარიმო სანქციები და რა განაკვეთებით იბეგრება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების თუ კომერციული საქმიანობისთვის განკუთვნილი მიწა? – ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის საკონსულტაციო სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ელგუჯა ლოლიაშვილს ესაუბრა:  

     
მიწის გადასახადი 2005 წლიდან არის ქონების გადასახადის შემადგენელი ნაწილი. კონკრეტულად რა შეიცვალა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის წესში და მოქმედებს თუ არა დაწესებული შეღავათები?  

წელს რაც შეიცვალა, არის ის, რომ დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 მაისის ნაცვლად არის 1 ნოემბერი. დანარჩენი  შეღავათები ისევ მოქმედებს. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში, თუ პირს აქვს საკუთრებაში 5 ჰექტრამდე მიწა 2004 წლის 1 მარტამდე შეძენილი, თავისუფლდება მიწის გადასახადისაგან. შესაბამისად, დეკლარირებისაგან და გადახდისგანაც.  
2012 წელს დაკონკრეტდა ის, რომ თუ პირმა მემკვიდრეობით მიიღო ან ოჯახის წევრისგან დარჩა სასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწა, იგივე შეღავათით  ისარგებლებს. თუ ერთი წლის წინ პირველი რიგის მემკვიდრისგან დარჩა მემკვიდრეობით მიწა, რომელსაც მამკვიდრებელი ფლობდა 2004 წლის 1 მარტამდე, ეს შეღავათი ამ შემთხვევაშიც ვრცელდება.

რაც შეეხება არასასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთს, შეღავთები რა შემთხვევაში ვრცელდება?

მრავალბინიან სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი გათავისუფლებული არის გადასახადისაგან. საკუთარ სახლებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე თვითმმართველობები  ადგენენ ტარიფს და ასევე განსაზღვრავენ, რამდენი კვადრატული მეტრია გათავისუფლებული. მაგალითად, თბილისში სრულად არის გათავისუფლებული ის მიწა, რომელიც ავტოფარეხზე და საკუთარ სახლზეა მიმაგრებული. სხვადასხვა რეგიონებს სხვადასხვა ტარიფები აქვს დაწესებული. კახეთის ზოგიერთ რეგიონში 600 კვადრატია სრულად გათავისუფლებული გადასახდისგან. კომერციულ ფართზე მიმაგრებულ მიწაზე არც აქამდე ყოფილა შეღავათი. მის მფლობელებს ეკუთვნით დეკლარაციის ჩაბარება და გადასახადის გადახდა.


დეკლარაციის შევსების ვადების გადმოწევა რატომ გახდა საჭირო?

ვადების გადმოწევა პირველ რიგში განაპირობა, რომ უფრო ნაკლებ ხალხს არ დაავიწყდეს და არ დააგვიანდეს გადასახადის გადახდა. 1 მაისის ნაცვლად არის 1 ნოემბერი. გვსურს, რომ უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩდნენ გადამხდელები. როცა დეკლარირების ვადა იყო 1 მაისი, პერიოდი საკმაოდ დიდი იყო და იყო შემთხვევები, როდესაც ხდებოდა გადახდის  ვადების დარღვევა. ახლა ვადები ახლოს არის. დეკლრანტი 1 ნოემბერს ჩააბარებს დეკლარაციას და 15 დღეში გადაიხდის. 


სასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწა რა შემთხვევაში იბეგრება?


სასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწას, თუ  5 ჰექტარზე მეტია, ყველა შემთხვევაში ეხება დეკლარირება და გადახდა. იმ შემთხვევაშიც, თუ არის 2004 წლის 1 მარტის შემდეგ შეძენილი. იმის მიუხედავად, თუნდაც 1 ჰექტარი  იყოს, მასაც ეკუთვნის დეკლარაციის წარდგენა და გადახდა. არის შეღავათები კოდექსით, თუ ნაყოფიერი ფენა დაზიანდა სტიქიური უბედურების დროს, მოსავალი დაისეტყვა ან ოკუპირებულ  ტერიტორიაზე მდებარეობს. 

 

ჩვეულებრივ მიწა, რომელიც არის თავისუფალი და 2004 წლის 1 მარტის შემდეგ არის შეძენილი, იბეგრება. მფლობელმა უნდა წარადგინოს დეკლარაცია და, შესაბამისად, გადაიხადოს.  განაკვეთს რაც შეეხება, ის თვითმმართველობებმა უნდა დაადგინონ და ყველა რაიონში სხვადასხვა არის. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 100 ლარზე მეტი გადასახადი არსად არ არის დადგენილი. მაგრამ შეიძლება ტარიფი იყოს უფრო მაღალი კომერციულ  ფართზე. სასოფლო–სამეურნეო მიწის გადასახადი ითვლება ჰექტრობით. არასასოფლო დანიშნულების მიწაზე მაქსიმალური განაკვეთი  შეიძლება იყოს 36 თეთრი 1 კვადრატულ მეტრზე. ამაზე მეტს ვერავინ ვერ დააწესებს. საბურთალოზე შეიძლება ერთ კვადრატულ მეტრზე გადასახდი 26 თეთრი იყოს, სადღაც – 30 თეთრი ან  12 თეთრი. ეს უკვე დამოკიდებულია თვითმმართველობის მიერ დაწესებულ განაკვეთზე.


რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში როგორია ჯარიმის განკვეთი? 

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით ჯარიმა არ დაეკისრება 2014 წლამდე წარდგენილ დეკლარაციებს. თუ ვინმეს ჰქონდა 2008 ან თუნდაც 2010 წლიდან მიწა და დეკლარაციები არ ჩაუბარებია, 1 ნოემბრამდე რომ  ჩააბაროს მიწის ნაწილში, არ დაჯარიმდება. რაც შეეხება 40 ათას ლარზე მეტ შემოსავლიან პირებს და არასასოფლო დანიშნულების მიწის მფლობელებს, მათზე განსაზღვრულია სანქცია 200 ლარია დეკლარაციის ჩაბარების დაგვიანებაზე. საჯარიმო სანქცია ასევე დამოკიდებულია გადასახდელი თანხის ოდენობაზე.  ჯარიმა, საგადასახადო კოდექსის თანახმად, შეიძლება იყოს გადასახდელი თანხის 5 პროცენტი, არანაკლებ 15 პროცენტისა და არაუმეტეს 60 პროცენტისა, მაგრამ თუ გადასახდელი თანხის 5 პროცენტი 200 ლარზე მეტია, ის თანხა დაეკისრება სანქციად. მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელად დასარიცხი გადასახადი თანხის 30 პროცენტს. ამასთან, გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა იყოს 200 ლარზე ნაკლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი