ეკონომიკა

აპირებენ თუ არა ბანკები კრედიტების გაიაფებას

16 ოქტომბერი, 2012 • • 1741
აპირებენ თუ არა ბანკები კრედიტების გაიაფებას

 

ლელა მაისურაძე, რომელიც “საქართველოს ბანკის” სამომხმარებლო სესხით სარგებლობს, ამბობს, რომ 21– პროცენტიანი განაკვეთი საკმაოდ მაღალია:  

 

“სესხი მაქვს სამომხმარებლო 21 პროცენტში. ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთია. ბანკიდან 9,500 დოლარი ორი წლით მაქვს აღებული.  ამ სესხის ასაღებად ჩავდე ბინა და ნაკვეთი. სესხის ვადა ორწელიწადნახეავრია. ზედმეტად  2,600 დოლარის გადახდა მიწევს.”

 

მალხაზ თორიას “თიბისი ბანკში” აქვს იპოთეკური სესხი 12 პროცენტად, რამდენიმე თვის წინ აიღო:

 

“ის ბინა ჩავდე, რომელშიც ვცხოვრობ. პირველი სამი წელი მხოლოდ პროცენტი უნდა ვიხადო. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ ძირის გადახდას. ძალიან კაბალური კრედიტია, მაგრამ სხვა არჩევანი არ მქონდა. თუ იპოთეკური სესხი გაიაფდება, ჩემი შემოსავლების მიხედვით სესხის ვადას შევამცირებ”.    

ნინო დევრისაშვილი მცირე მეწარმეა და საბანკო კრედიტს რეგულარულად იყენებს:

 

“თუ ბანკები საპროცენტო განაკვეთს დასწევენ, მაშინ ეს ჩემი ბიზნესის ბრუნვაზეც აისახება. “საქართველოს ბანკიდან” სამომხმარებლო სესხი 25 პროცენტში ავიღე. ბიზნესისთვის ეს საკმაოდ მაღალი განაკვეთია. რაც მთავრობა შეიცვალა, იმედი გაჩნდა, რომ ბიზნესს უკეთესი პირობები შეექმნება. ივანიშვილმა ბიზნესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობა პოლიტიკას შეცვლის, თან ყველას მოუწოდა, რომ ფასები შეამცირონ. იმედი მაქვს, ამას ბანკებიც გაითვალისწინებენ.”

საბანკო ბაზარზე საპროცენტო განაკვეთის კლებას არ გამორიცავს “ქართუ ბანკის” ხელმძღვანელი  და კოალიცია “ქართული ოცნებიდან” ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატი ნოდარ ჯავახიშვილი:  

 

“ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, მაგრამ როცა საბანკო სექტორი გათავისუფლდა ქოლგებისაგან, შეიძლება შეიქმნას შესაძლებლობა საპროცენტო განაკვეთების დაწევისა. ჯერ არ ვიცით, რა მდგომარეობაა თითოეულ ბანკში და ეროვნულ ბანკში. უფრო მეტი კონკრეტიზაცია ამ ეტაპზე შეუძლებელია. პრინციპში, საბანკო ბაზარი ქოლგებისაგან უკვე გათავისუფლდა, ჩვენ არ ვაპირებთ არც ბანკებთან და არც ბიზნესთან ანალოგიურ ურთიერთობას, რაც ჩვენს წინამორბედებს ჰქონდათ.”

ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, “ქართუ ბანკი”  ბიზნესსესხებს 11–14 პროცენტში გასცემს, საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტზე 9 პროცენტია.

საზოგადოების მოლოდინის და ბიძინა ივანიშვილის დაპირების მიუხედავად, რომ ხელისუფლება ბიზნესის საქმეში არ ჩაერევა, საბანკო ბაზრის მოთამაშეები საპროცენტო განაკვეთების კლებაზე ფრთხილად საუბრობენ.
 

“თიბისი ბანკის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი მაია ძირკველიშვილი ამბობს, რომ საბანკო ბაზრზე საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენცია შეინიშნება:  

 

“ბოლო დროს სამომხმარებლო სესხებზე და სხვა საკრედიტო პროდუქტებზე ჩვენ დაბლა ვწევთ განაკვეთებს. ეს გარკვეული აქციის ფარგლებში ხდება. ახლა ვიწყებთ იპოთეკურ სესხებზე აქციას, სადაც მნიშვნელოვნად იქნება საპროცენტო განაკვეთი დაწეული. ბოლო ორი წლის განმავლობაში “თიბისი ბანკი” საშუალოდ 3, 4 და 5 პროცენტით არის შემცირებული. იპოთეკური სესხების განაკვეთი  უახლოეს დღეებში 10,75 პროცენტი იქნება. ამ დროისათვის მინიმალური საპროცენტო განაკვეთი ამ სესხებზე 12 პროცენტია.”

მაია ძირკველიშვილი ამბობს, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლებას ბაზარზე არსებული კონკურენცია განაპირობებს:

 

“საპროცენტო განაკვეთების კლება  ერთბაშად არ მოხდება. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მთავარია, კლების ტენდენცია დაიწყო და ეს გაგრძელდება”.

“საქართველოს ბანკის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე ამბობს, რომ ბანკმა საპროცენტო განაკვეთების შემცირება გაცილებით ადრე დაიწყო:

 

“საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა “ბიზნესკურიერში” 2012 წლის 8 სექტემბერს განაცხადა, რომ  საქართველოს სუვერენული 9 –წლიანი ევროობლიგაციის საპროცენტო განაკვეთი 4,5% –5%–ია. იმ დროს, როდესაც ზოგი ქართული ბანკი დეპოზიტზე მომხმარებელს სთავაზობს 10, 11, ზოგჯერ 12%–საც კი. საქართველოს ბანკში დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 8%-ს და გეგმაშია საპროცენტო განაკვეთის შემდგომი კლება. საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას არ ასახავს მაღალი სპროცენტო განაკვეთი. მთელი მსოფლიო მიიჩნევს, რომ საქართველოს სუვერენული 9– წლიანი ევროობლიგაცია უნდა ღირდეს 4,5% –5%–მდე, ქართული ბანკები კი 2–ჯერ და 3–ჯერ ამაზე მეტს იხდიან, ანუ, ეკონომიკური გათვლა სწორი არაა.”

სოფო ბალავაძის განცხადებით, “საქართველოს ბანკმა” მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ბაზარზე გამოიტანა სპეციალური შეთავაზება იპოთეკურ და ბიზნესსესხებზე:

 

“შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი, რომელიც პორტირებას მოახდენს მისი იპოთეკური სესხით საქართველოს ბანკში, მიიღებს საპროცენტო განაკვეთს 11%–დან, 15 წლამდე ვადით. საქართველოს ბანკში ბიზნესსესხით პორტირების შემთხვევაში კი მომხმარებელი მიიღებს ბიზნესსესხებზე სხვაგან არსებულ პირობებზე უკეთეს შეთავაზებას.”

ბანკ “რესპუბლიკას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა განმარტა, რომ საპროცენტო განაკვეთების საკითხზე კომენტარს მხოლოდ ბანკის კომერციული დირექტორი აკეთებს, რომელიც ამ დროისათვის საქართველოში არ იმყოფება.

საბანკო სექტორის წარმომადგენლები ასევე არ აკეთებენ კომენტარს სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლების  შემთხვევაში, შემცირდება თუ არა განაკვეთი უკვე გაცემულ სესხებზე.   

საბანკო სექტორის ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ საბანკო ბაზარზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება რეალურია:

 

“საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები არის სპეკულაციურად მაღალი. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სხვაობა მოზიდულ და სესხად გაცემულ რესურსებს შორის შეადგენს 2, 3 –4 პროცენტს. საქართველოში ეს შეადგენდა 30–40 პროცენტულ პუნქტს. ეს არის ზემაღალი მოგება და მოსახლეობის უსინდისოდ ძარცვის მაგალითი.”

 

ელიავა ამბობს, რომ  თუ მართლაც დაიწევს საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, განაკვეთები დაიწევს დეპოზიტებზეც:

 

“ეს არის დადებითი ტენდენცია, ვინაიდან სესხი, განსაკუთრებით გაცემული რეალურ ეკონომიკაზე, (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა) 10 პროცენტზე მაღალი არ უნდა იყოს. სხვანაირად ეს ბიზნესი ვერ განვითარდება. “

მასალების გადაბეჭდვის წესი