ეკონომიკა

‘ტავ ჯორჯია’ ასაფრენი ზოლის მშენებლობაზე 65 მილიონ დოლარს დახარჯავს

5 სექტემბერი, 2012 •
‘ტავ ჯორჯია’ ასაფრენი ზოლის მშენებლობაზე 65 მილიონ დოლარს დახარჯავს

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს F კოდი მიენიჭება და ყველა ტიპის თვითმფრინავის მიღებას შეძლებს.

 

F კოდის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე წამყვან აეროპორტს აქვს, ამიერკავკასიაში კი პირველი ასეთი საფრენი ბილიკი სწორედ საქართველოში იქნება.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, კომპანია ტავ-ჯორჯიას ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის 22 თვიან პროექტის პრეზენტაციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ირაკლი დავითაძე დაესწრნენ.

 

65 მლნ აშშ დოლარის ინვესტირების სანაცვლოდ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია “ტავ ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა.
ხელშეკრულება მართვის უფლების 10 წლითა და 9 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით  “ტავ ჯორჯიასა” და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” შორის გაფორმდა.

 

თურქული „ტავ და ურბანი“, რომელიც “ტავ ჯორჯიას” დამფუძნებელი კომპანიაა,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15–წლიანი მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. თბილისის ახალი აეროპორტის აშენებაზე კომპანიამ 62 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. 2007 წელს ახალი აეროპორტი გაიხსნა. თურქულმა კომპანიამ 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის გაიღო. როგორც ამ დრომდეა ცნობილი, „ტავ და ურბანმა“ საქართველოში სულ 95 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი