ეკონომიკა

არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი ინფლაცია

13 აგვისტო, 2012 •
არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი ინფლაცია

„2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონკურენცია ძლიერია. შესაბამისად, საარჩევნო პერიოდში ინვესტირებას ყველა მოერიდება. ჩემი პროგნოზით, ორ–სამთვიანი ჩავარდნა ამ მიმართულებით მოსალოდნელია,“ – ამბობს “ილიაუნის” ლექტორი, ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

“საარჩევნო პერიოდი გავლენას ახდენს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და  ფინანსურ ტრანზაქციებზე. არჩევნების დროს ბიზნესი ელოდება ბაზრის ხელახლა გადანაწილებას. ბიზნესკომპანიები ფიქრობენ, გააფართოონ, თუ შეამცირონ წარმოება, ანუ ბიზნესი მოლოდინის რეჟიმშია და, შესაბამისად, არჩევნების პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა დაბალია,“ – აცხადებს ეკონომიკურ მეცნიერებათა პროფესორი  სოსო არჩვაძე.

“ახალი მემარჯვენეების” ეკონომიკური მიმართულების ექსპერტის, ლევან კალანდაძის თქმით, ბიზნესი საარჩევნო პერიოდში ელოდება, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები:

„მოხდება თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებები საკანონმდებლო აქტებში, შეიცვლება თუ არა ადმინისტრირების რეჟიმი. ანალოგიური მოლოდინის რეჟიმი აქვთ უცხოურ ინვესტორებსაც. საარჩევნო პერიოდში მოზომილი იქნება ინვესტიციების განხორციელების პროცესი.“

2010 წელს, როდესაც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარდა, ქვეყანაში 166 მილიონი დოლარით ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე არასაარჩევნო – 2011 წელს.

ეკონომიკის სპეციალისტების თქმით, არჩევნების შემდეგ ინფლაცია გაიზრდება.

„არჩევნები ხასიათდება ბიუჯეტიდან დიდი დანახარჯებით. ხელისუფლება ააქტიურებს სოციალურ პროექტებს და ამით ცდილობს ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვებას. ფულის დიდი მასის გამოსვლა აისახება ინფლაციურ პროცესებზე. ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში არჩევნების პერიოდში ინფლაცია  მოსალოდნელი არ არის. ინფლაცია თვალშისაცემი არჩევნების შემდგომ პერიოდში გახდება,“ – აცხადებს ლევან კალანდაძე.  

იმავეს ვარაუდობს “ილიაუნის” ლექტორი, ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე: “არჩევნების პერიოდში ხდება ფინანსური ტრანზაქციების გააქტიურება, ბაზარზე ფულის მასა იზრდება, რაც ინფლაციის ზრდის წინაპირობაა”.

2006 წელს, როდესაც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, ინფლაცია 2,7-დან 10,5%-მდე გაიზარდა. ინფლაცია 2-დან  6%-მდე გაიზარდა 2008 წელსაც, როდესაც ქვეყანაში ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ კი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ბოლოს არჩევნები საქართველოში 2010 წელს ჩატარდა, როდესაც ინფლაციამ 2,7-დან 11,2%-მდე მიაღწია. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში ინფლაციამ საქართველოში 0.6% შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი