ეკონომიკა

გააიაფებს თუ არა საბანკო კრედიტებს სააკაშვილის გზავნილი

29 მაისი, 2012 • 2287
გააიაფებს თუ არა საბანკო კრედიტებს სააკაშვილის გზავნილი

საქართველოს საბანკო სექტორის მიერ სესხებზე დაწესებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 მაისს, რუსთავში კომპანია „ემბავუდის“ ავეჯის საწარმოში ბიზნესთან შეხვედრისას გააკრიტიკა. 

 

“პირველ რიგში, უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ საბანკო კრედიტები გაიაფდეს, ეს არის ყველაზე მთავარი გამოსავალი. თავს ნუ მოვიტყუებთ, მე არა ვარ ის პოპულისტი, რომელიც გეტყვით, რომ ხვალ მოდით და დაგირიგებთ. ეს არის გარდაუვალი უახლოეს თვეებში. უნდა მოხდეს მკვეთრი შემცირება საბანკო კრედიტების. მე კარგად ვიცი, რომ დღეს მცირე ბიზნესისთვის საბანკო განაკვეთები არის ძალიან არამომგებიანი და ხელმიუწვდომელი”, – განაცხდა სააკაშვილმა ბიზნესწრეებთან შეხვედრისას.

 

საქართველოს საბანკო სექტორი 19 ბანკით არის წარმოდგებილი. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 13-დან  17 პროცენტამდეა.  სამომხმარებლო სესხზე საპროცენტო განაკვეთი 15–დან 30 პროცენტამდე იცვლება. საკრედიტო ბარათებზე განაკვეთი წლიური 36 პროცენტია. იპოთეკურ სესხებზე კი 12-დან 16 პროცენტამდე იცვლება.

 

ეს მაჩვენებლები რამდენჯერმე აღემატება სესხებზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში. მაგალითად, ბელგიაში (1–დან 5 წლამდე სამომხმარებლო სესხზე) წლიური საპროცენტო განაკვეთი 7,5 პროცენტია, იტალიაში – 4,32 პროცენტი, გერმანიაში კი – 5,4 პროცენტი.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამომხმარებლო სესხის წლიური განაკვეთი 5–7 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. იპოთეკური სესხებზე ყველაზე დაბალი პროცენტი ევროპაში – დიდ ბრიტანეთშია და 5 პროცენტს შეადგენს.

 

2012 წელს აშშ-ში იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი 6,52–დან 5,22 პროცენტამდე შემცირდა. 1–დან 5 წლამდე ვადიან იპოთეკურ სესხზე განაკვეთი 4,73 პროცენტია.

 

რეალურად ძვირია თუ არა  საკრედიტო რესურსები საქართველოში და რა მექანიზმი არსებობს საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად? ნიშნავს თუ არა პრეზიდენტის გზავნილი საბანკო ბიზნესზე ზეწოლას?   

 

„ილიაუნი ბიზნესრევიუს“ მკვლევარი  გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ  საქართვლოში საკრედიტო რესურსები ძვირია, თუმცა ხელისუფლება  ამ პროცესში  არ უნდა ჩაერიოს:

 

„პრეზიდენტმა შეიძლება ამ საკითხზე აზრი გამოთქვას, რაც გარკვეული მესიჯია საბანკო სექტორისთვის. ალბათ, პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია, რომ კრედიტების გაიფება ქვეყანაში ინფლაციურ პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს. სააკაშვილს შეუძლია თქვას, რომ სასურველია კრედიტების გაიაფება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ეროვნული ბანკი შესაბამის ზომებს მიიღებს“.

 

აბაშიშვილს მიაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის  შემცირებით მონეტარული პოლიტიკის შერბილება უნდა მოახდინოს.

 

„საკრედიტო რესურსს აძვირებს ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ცენტრალური ბანკი არ ამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, რადგან ინფლაციის ეშინია. კომერციულ ბანკებს კრედიტის საპროცენტო განაკვეთში მოგების მაღალი მარჟა და რისკის მაღალი პროცენტი აქვთ ჩადებული“, – ამბობს აბაშიშვილი.  

 

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა ამბობს, რომ პრეზიდენტმა ეროვნულ ბანკს და კომერციულ ბანკებს დავალება ღიად მისცა:

 

„კომერციული ბანკები ოდნავ დაწევენ საპროცენტო განაკვეთს და ამაზე აიგება დიდი პიარკამპანია. არჩევნების შემდეგ საპროცენტო განაკვეთები ისევ გაიზრდება. თუ ბანკები სესხებზე საპროცენტო განაკვეთს ზეწოლის შედეგად შეამცირებენ, ეს არ მოიტანს გრძელვადიან ეფექტს“ .  

 

ელიავას მიაჩნია, რომ ბანკები კრედიტებს მაღალი შემოსავლის სწრაფად მიღების სურვილით აძვირებენ. მისი თქმით, თუ ეროვნული ბანკი პროცესებში არ ჩაერევა, საპროცენტო განაკვეთი არ დაიკლებს:

 

„ეროვნულ ბანკს აქვს დირექტიული მეთოდი. მთავარი ბანკი ავალებს კომერციულ ბანკებს, დაწიონ საპროცენტო განაკვეთები ამა თუ იმ კრედიტზე. ამის მაგალითი უკვე არსებობს: ეროვნულმა ბანკმა დირექტიულად დაავალა ბანკებს 2 პროცენტამდე დაეწიათ ვადაზე ადრე დაბრუნებულ კრედიტზე საკომისიო გადასახდელი.“

 

საქართველოს ეროვნულ ბანკში მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე ბანკების საპროცენტო განაკვეთების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. სებ-ის პრესსამსახურის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა კანონით მინიჭებული ბერკეტი გამოიყენა და რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი 2012 წლის 23 მაისს 6,25-დან 6 პროცენტამდე შეამცირა.   

 

საბანკო სექტორი პრეზიდენტის გზავნილს დუმილით ხვდება. კომენტარს ამ საკითხზე  „ნეტგაზეთთან“ მხოლოდ „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი აკეთებს:

 

„როცა საბანკო სექტორი მონოპოლიზებულია, ბაზარზე სხვანაირი საპროცენტო განაკვეთები ვერ იქნება. როცა ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 17 პროცენტია, ეს იმას  ნიშნავს, რომ სესხზე განაკვეთი მინიმუმ 24–25 პროცენტი უნდა იყოს. ეროვნული ბანკის მოთხოვნით, დეპოზიტებზე განთავსებული თანხის 30 პროცენტი უნდა დარეზერვდეს.“

 

ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საბანკო სექტორი, საპროცენტო განაკვეთების გარდა, სხვა მიმართულებითაც უნდა გაკონტროლდეს:

 

„საბანკო სექტორს უნდა მოვუწოდოთ რისკის მარჟის შემცირებისაკენ. ბანკებს აქვთ საკმაო ფინანსური რესურსი. ბანკების ძირითად შემოსავლად ის ქონება იქცა, რომელიც მათ ხელში იპოთეკური დავალიანების გამო გადადის. იმის გათვალისწინებით, რომ იპოთეკაში ჩადებული ქონება საბაზრო ფასთან შედარებით სამჯერ იაფად არის შეფასებული, უნდა ვიგულისხმოთ, რომ დაახლოებით ნახევარი მილიარდის ქონება გადავიდა ბანკების ხელში. საბანკო სექტორის მოგებამ 2011 წელს 320 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“.

 

სოსო არჩვაძე გრძელვადიან პერსპექტივაში ბანკების მიმართ სანდოობის კოეფიციენტის შემცირებას პროგნოზირებს:

 

„თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანაში შემცირდება იმათი რიცხვი, ვინც პოტენციურად იქნება მზად იმისთვის, რომ საბანკო კრედიტი აიღოს. არის საჭირო მუშაობა იმისთვის, რომ ბანკები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი ქონების ხელში ჩაგდებით და მეტი ყურადღება მიაქციონ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტებას“.     

 

საკრედიტო რესურსის სიძვირით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. მსოფლიო ბანკის 2010 წლის მონაცემებით, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები საქართველოზე მაღალი მსოფლიოს მხოლოდ 7 ქვეყანაშია.

 

„საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის“ მიერ 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბიზნესი განვითარების ერთ–ერთ ხელშემშლელ მიზეზად საკრედიტო რესურსებზე ხელმიუწვდომლობას ასახელებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი