ეკონომიკა

მთავრობამ დეფიციტი ვერ გათვალა

21 თებერვალი, 2012 •
მთავრობამ დეფიციტი ვერ გათვალა

2012 წლის ორ თვეში ფინანსთა სამინისტრომ 60 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა. კიდევ ერთი აუქციონი, სადაც სამინისტრო გასაყიდად 20 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციებს გამოიტანს 22 თებერვალს არის დაგეგმილი.

2012 წლის ბიუჯეტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს 85 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გეგმავს. ორი თვის მაჩვენებლით, გეგმა თითქმის შესრულებულია.

ექსპერტების შეფასებით, ფინანასთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულები იანვარ–თებერვალში არსებული საბიუჯეტო დეფიციტის  გადასაფარად დასჭირდა. როგორ ჩანს მთავრობამ ბიუჯეტი სწორად ვერ დაგეგმა  და ორ თვეში, ფინანსური დეფიციტი გათვლებზე მეტი აღმოჩნდა.

ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, შესაძლოა, სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ენერგოვაუჩერის დარიგებას უკავშირდება: „ამ კონკრეტულ შემთხვევში შემიძლია ვერსიად ვთქვა, რომ ეს ენერგოვაუჩერების პროექტის დაფინანსებას უკავშირდება. რადგან ეს ხარჯები ბიუჯეტში გაწერილი არ ყოფილა და გადაწყვეტილების მიღება უცებ მოხდა. თუმცა მომხდარა ისეც, რომ გაწერილი თანხის მიღება ხდება ერთბაშად და ბიუჯეტში შიდა ვალად ფიქსირდება და შემდეგ ვალის აღების დინამიკა მცირდება“.

აბაშიშვილის განმარტებით,  თუ სახელმწიფოს თეორიულად კიდევ დასჭირდება ფული, მაშინ ბიუჯეტში უნდა შეიტანოს ცვლილება და გაზარდოს შიდა ვალის აღების მაჩვენებელი.

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, შიდა ვალი მშპ–ს 7,2 პროცენტს უტოლდება და  მილიარდ 929 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით  2011 წელს ფინანსთა სამინიტრომ 290 000 000 მილონი სახაზინო ვალდებულება გამოუშვა. მთავრობამ სახაზინო ვალდებულებების რეკორდი 2010 წელს მოხსნა, როცა ბაზარზე 463 000 000 ფასიანი ქაღალდი გამოიტანა. ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი 8–11 პროცენტის ფარგლებშია.

„ჯორჯიან ბიზნეს & პოლითიქალ ინსაით“–ის ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ  „სახაზინო ვალდებულებები“ ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ერთერთი წყაროა: „ როცა მთავრობას სჭირდება ფული, თანხას    კერძო კომპანიებისაგან ან  მოსახლეობისაგან სესხულობს. ყიდის ფასიან ქაღალდებს და  აფინანსებს მიმდინარე დეფიციტს. შემდეგ კი ფასიანი ქაღალდის ვადიანობიდაბ გამომდუნარე, ხდება ამ ვალის გადაფარვა“ .  ექსპერტის შეფასებით,  სახაზინო ობლიგაცია კერძო კომპანიებისა და მოსახლეობისათვის ფულის დაბანდების კარგი საშუალებაა და გარანტირებული ფასიანი ქაღალდია.

ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ სახაზინო ობლიგაციები შიდა ვალს ზრდის: „საბიუჯეტო დეფიციტი, არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი რის გამოც ხდება  ფასიანი ქაღალდის გამოშვება. რადგან ეს ობლიგაცია სახელმწიფო გარანტიას შეიცავს, კერძო სეტორის მოთხოვნა მაღალია, რაც საპროცენტო განაკვეთს ზრდის“.

საქართველოში სახაზინო ობლიგაციები ძირითადად პირველად ბაზარზე იყიდება. ეროვნული ბანკის აუქციონში მხოლოდ კომერციული ბანკები მონაწილეობენ. ბანკებს სახაზინო ობლიგაციები მეორად ბააზრზე არ გააქვთ, რადგან ამ შემთხვევაში მათ მოგება ფიზიკურ პირებს უნდა გაუყონ.

„ბანკებს ურჩევნიათ, რომ თავისუფალი ფული ფასიან ქაღალდებში დააბანდონ, რადგან გარანტირებული აქვთ მოგება. სახაზინო ობლიგაციები  რისკს არ შეიცავს“ – ამბობს ლექვინაძე.

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) აღმასრულებელი დირექტორი, დათო ნარმანია, სახაზინო ობლიგაციების გამოშვების ორ მიზეზზე საუბრობს:  „მთავრობა სახაზინო ობლიგაციებს უშვებს იმისთვის, რომ  ბაზარზე არსებული გარკვეული ფული სხვადასხვა ვალდებულებების დასაფინანსებლად გამოიყენოს. მეორე – ფინანასური ბაზრის გაჯანსაღებაა, თუმცა ამ შემთხვევაში მეორესთან უფრო ნაკლებად გვაქვს საქმე“.

დათო ნარმანიას აზრით, „2012 წლის დასაწყისში  მთავრობას აქვს გარკვეული ვალდებულებები დასაფინანსებელი და ამავდროულად მცირეა საბიუჯეტო შემოსავლები. მთავრობა უშვებს ამ სახაზინო ვალდებულებებს და აქედან მოზიდული სახსრებით ახორციელებს გარკვეული ვალდებულებების დაფინანსებას. გეგმის სწრაფა ამოწურვა ორ რამეზე მიუთითებს: პირველი, ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვაზე და იმაზე, რომ დეფიციტი უფრო მაღალია ვიდრე მოელოდნენ.“

მასალების გადაბეჭდვის წესი