ეკონომიკა

რას მოუტანს საქართველოს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა

10 თებერვალი, 2012 • 1754
რას მოუტანს საქართველოს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების საკითხებზე ვაშინგტონში ორი მაღალი დონის მოლაპარაკება უკვე გაიმართა.

სერგი კაპანაძე განმარტავს, რომ „აშშ–თან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და მალე შესაბამისი გეგმაც იქნება  წარმოდგენილი. რა ბარიერები და მოთხოვნები გაჩნდება საქართველოსთან მიმართებაში, ამ თემაზე საუბარი რთულია. გვექნება თუ არა იგივე რეფორმები გასატარებელი, რაც ევროკავშირთან მიმართებაში, ჯერ ცნობილი არ არის“.

აშშ–ის სავაჭრო სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ვოლთონი ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ საუბრისას ამბობს, რომ ამერიკის ბაზარზე შესვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება:

„თუ შევადარებთ ორი ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკას, ვნახავთ, რომ ეს შეთანხმება ეკონომიკური თვალსაზრისით რაიმე სარგებელს ამერიკას თავისთავად ვერ მოუტანს. ეს არის გამოძახილი აშშ–ის რწმენისა იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმება დადებითი იქნება საქართველოსთვის და სამომავლოდ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის“.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

თავისუფალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი გია ჯანდიერი აშშ–თან თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა, თუმცა ამბობს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ აშშ არის საკმაოდ დიდი, მიმზიდველი, მდიდარი და მნიშვნელოვანი ბაზარი, საქართველოს მთავრობამ მოლაპარაკების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან არ  მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შეზღუდვა და ხელშეკრულებაში ჩვენთვის საზიანო მუხლები არ ჩაიდოს.“

ჯანდიერი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე შესვლა საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ რიგი შეზღუდვებიც არსებობს:

„აშშ-ის ბაზარზე შესვლის უფლებას მარტივად ვერ მივიღებთ. აშშ აკრიტიკებს ჩვენს შრომის კანონმდებლობას და ითხოვს, რომ ის  დაქირავებულზე იყოს მორგებული. ამ საკითხზე თუ მოხდა შეთანხმება, პირობის შესრულებას მოგვთხოვენ და ვხედავ საფრთხეს, რომ დამქირავებლებს, იგივე ბიზნესებს, აშშ–ის ბაზარზე შესვლის სურვილი აღარ ექნებათ“.

გია ჯანდიერი ქართული პროდუქციის უსაფრთხოების საკითზეც საუბრობს. მისი თქმით, ევროკავშირი ამ მიმართულებით საკმაოდ მკაცრ დირექტივებს აყენებს. კერძოდ, ამ ბაზარზე შესასვლელად ქართულმა პროდუქტმა შესაბამისი ლაბორატორიული შემოწმება უნდა გაიაროს.

„ასეთი ძვირადღირებული და მაღალი სტანდარტის ლაბორატორიები ჩვენ არ გვაქვს. ევროკავშირი ითხოვს, რომ ამისთვის ფული საქართველოს მთავრობამ უნდა დახარჯოს. ალბათ, ამ მოთხოვნას დააყენებს აშშ–ც. თუ უნდათ, რომ მათ ბაზარზე უსაფრთხო ქართული პროდუქტი შევიდეს, ეს რეფორმა თავად დააფინანასონ“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის სავაჭრო პარტნიორთა ათეულში მეშვიდე ადგილზეა. 2011 წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 347’102’100 დოლარი შეადგინა. საქართველოდან ექსპორტზე 122’116’800 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა, იმპორტმა კი 224’985’200 დოლარი შეადგინა.

ქართული ბიზნესი აშშ–ის ბაზარზე გასვლას დამოუკიდებლად ცდილობს.

„კორპორაცია ქართულმა ღვინომ“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს, აშშ–ის ბაზარზე პროდუქციის გატანა მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს შეძლო. „კორპორაცია ქართული ღვინის“ ფინანსური მენეჯერი ილია ხაჩიძე ამბობს, რომ  კომპანიამ 2010 წელს ამერიკის ბაზარზე თიხის ქილებში ჩამოსხმული 9 960 ბოთლი ღვინო გაიტანა.

„დამკვეთი ძალიან კმაყოფილი დარჩა. ექსპორტი იმიტომ გაჩერდა, რომ ეს ერთჯერადი შეკვეთა იყო. აშშ–ის ბაზარი ძალიან მიმზიდველია, მაგრამ იქ მკაცრი შეზღუდვები არსებობს და გრძელვადიანი შეკვეთების მიღება რთულია. საკმაოდ ძვირია პროდუქციის გატანა ამ ბაზარზე, მაგრამ მოგებაც რჩება“.

„კორპორაცია ქართული ღვინის“ ფინანსური მენეჯერი ილია ხაჩიძე ამბობს, რომ ღვინის კომპანიებს ანალოგიური პრობლემები ექმნებათ და აშშ–ის ბაზარზე დღეს ქართული ღვინო საკმაოდ მოკრძალებულად არის წარმოდგენილი.

კომპანია „წყალი მარგებელის“ ექსპორტის მენეჯერი ლევან ჩიქოვანი ამბობს, რომ კომპანია ამერიკის ბაზარზე 8 წელია მუშაობს და გარკვეულ შედეგებზეც გავიდა:

„ექსპორტზე გაგვაქვს „ნაბეღლავი“, მარნეულის საკონსერვო პროდუქციის გატანას ვგეგმავთ. ეს ბაზარი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუ მოლაპარაკებები შედგა, უფრო გამარტივდება სავაჭრო ურთიერთობები.“

ლევან ჩიქოვანი ამბობს, რომ აშშ–ის ბაზარზე პროდუქციის ხარისხზე  მკაცრი მოთხოვნებია, მაგრამ  კომპანია საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მუშაობს და ამ კუთხით  პრობლემა არ აქვს.

2011 წელს საქართველოდან გასული საექსპორტო პროდუქციის ათეულში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, მეორეზე – ფეროშენადნობები, მესამეზე – აზოტოვანი სასუქები, შავი ლითონის ჯართმა პირველიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. საექსპორტო ათეულში: შედის ოქრო, სპილენძის მადანი, ფოლადის წნულები, თხილი, სპილენძის ჯართი და სპირტიანი სასმელები.

ეკონომიკის სფეროს ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოსთვის ამერიკის  ბაზრის გახსნას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ამ  ბაზარზე გასატანი პროდუქცია არ გვაქვს: „სამწუხაროდ, არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ წარმოება დაეცა. ექსპორტში პირველ პოზიციაზეა – მსუბუქი ავტომობილები, ისიც ამერიკული, უკან ხომ არ გავუგზავნით? ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალი არ არის, ამიტომ ამ დივიდენდის სრულფასოვნად  გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია. აშშ–თან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები არის ძალიან კარგი თეორიული შანსი, მაგრამ პრაქტიკუალდ რაში უნდა გამოვიყენოთ, ვერ  ვხვდები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი