ეკონომიკა

საახალწლო სუფრის ფასების ანატომია

29 დეკემბერი, 2011 • 2223
საახალწლო სუფრის ფასების ანატომია

სურსათზე ფასები მაქსიმუმს საქართველოში წლის ბოლოს აღწევს. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სამომხმარებლო პროდუქტი პირდაპირპროპორციულად ძვირდება. მოსახლეობა ფასების ზრდას მოახლოებულ დღესასწაულს უკავშირებენ, ექსპერტები კი ინფლაციას, ქვეყნის ეკონომიკის დაბალ წარმადობას და სასურსათო ბაზრის იმპორტზე დამოკიდებულების მაღალ პროცენტს.

მაღალი ფასების მიუხედავად, დეკემბრის ბოლოს  დედაქალაქის ბაზრები მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება, რადგან  საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ახალ წელს ტრადიცულად, ოჯახში გაშლილ სუფრასთან ხვდება.

საინტერესოა, რა მოცულობის ბიუჯეტია საჭირო ქართული ტრადიციული სუფრის (ყველა კულინარიული ატრიბუტით) გასაშლელად. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2011 წლის ნოემბერში საარსებო მინიმუმმა ერთი ადამიანისთვის 156,1 ლარი შეადგინა.

28 დეკემბრის მონაცემებით, თბილისის ცენტრალურ საკოლმეურნეო ბაზარში საახალწლო სუფრის მნიშვნელოვანი ატრიბუტის, ინდაურის ფასი 50 ლარიდან იწყება და წონის გათვალისწინებით 80 ლარამდე მერყეობს. ამ პროდუქტის გამყიდველი, მიშა ნებიერიძე, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ სამ დღეში მხოლოდ ერთი ინდაური გაყიდა, რადგან მაღალი ფასის გამო კლიენტურა უფრო დაბალფასიან პროდუქტს ირჩევს.

გოზინაყისთვის საჭირო თეთრი, მაღალი ხარისხის ნიგოზის ფასი 23  ლარია, შედარებით დაბალი ხარისხის კი 20–21 ლარი ღირს. ერთი კილოგრამი  თაფლის ფასი ხარისხის მიხედვით 11ლარიდან 15 ლარამდე მერყეობს. ნიგოზის გამყიდველი, თედო ზირაქიშვილი, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ პროდუქტი ძვირია და მისი რეალიზაცია უჭირს.

“ხალხი მოდის, ფასს მეკითხება, თაფლის გემოს სინჯავს და ნიგოზს ათვალიერებს” –ამბობს თედო ზირაქიშვილი. “ნეტგაზეთის”კითხვაზე, თუ რატომ არ ამცირებს ფასს, პასუხი ცალსახაა: “მთავრობამ დიზელი გაგვიიაფოს…მაგაზე ვინ ფიქრობს, როცა დიზელის ფასი 2,20 ლარია, მიწის დამუშავება ძვირია. ეხლა 30– ლარიან ვაუჩერს გვაძლევენ, მაგით რა უნდა გავაკეთო, ეს  გვარჯილას ამბავს გავს, კახეთში მთავრობას მაგაზე ლექსიც კი გამოუთქვეს”– ამბობს თედო ზირაქიშვილი. “

ნაზი შაფათავასთან ჩურჩხელის ფასი 2 ლარიდან 5 ლარამდეა, კარალიოკის ჩირი– 4 ლარი, ხოლო ქლიავის 2 ლარი ღირს. ღერღილის ფასი 2–4 ლარია, სიმინდის ფქვილი 2 ლარი ღირს. ქალბატონი ნაზი ამბობს, რომ ამ პროდუქტებზე ფასი დაახლოებით 20 პროცენტით გაძვირდა. მოთხოვნა არის, მაგრამ ფასის გამო გაყიდვების მაჩვენებელი დაბალია.

მეგრული სულგუნი საკოლმეურნეო ბაზარში 10 ლარი ღირს, შებოლილი სულგუნის ფასი 12 ლარია. სადღესასწაულო დღეებამდე  ყველის ფასი 2 ლარით ნაკლები იყო.

იმერული ყველი 8 ლარი ღირს. ეს პროდუქტიც 2  ლარით არის გაძვირებული.

ღორის ხორცის ფასი ხარისხის შესაბამისად 10 –12 ლარის ფარგლებშია, ხოლო ძროხის ხორცის ფასი 12 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობს. თევზი 8 ლარი ღირს, გაყინული თევზის ფასი კი 6 ლარიდან იწყება. გოჭის ფასი წონის და ხარისხის შესაბამისად 100 ლარიდან იწყება.

ქართული ვაშლის ფასი 2 ლარიდან 5 ლარამდე, მანდარინის –1 ლარიდან 3 ლარამდე, კივის 2 ლარიდან 4 ლარამდე იცვლება. ქართული თხილი 3–4 ლარი ღირს.

წნილის (ჯონჯოლის, წიწაკის) ფასი 4 ლარია. ქართული ტრადიციებით დაწურული ჩამოსასხმელი ღვინის ფასი 2,5 ლარიდან იწყება. შუშხუნა ღვინოების ფასი 8 ლარიდან იწყება, ხოლო სამარკო ღვინოების– 6 ლარიდან და 30 ლარამდე მერყეობს.

საკოლმეურნეო ბაზრის ფასების დინამიკის გათვლებით მხოლოდ ტრადიციული საცივის და გოზინაყის მოსამზადებლად დაახლოებით 100 ლარია საჭირო.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რამდენად აკმაყოფილებს საახალწლო სუფრისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი მოთხოვნებს, 10 გამოკითხულიდან მხოლოდ ერთმა უპასუხა დადებითად.

“საახალწლო სუფრის საშუალო დონეზე გასაშლელად, სულ ცოტა, 500 ლარია საჭირო”– ამბობს სოფო მაჭავარიანი.


მასალების გადაბეჭდვის წესი