ეკონომიკა

30 ლარიანი ვაუჩერი გლეხებისათვის

13 დეკემბერი, 2011 • 1807
30 ლარიანი ვაუჩერი გლეხებისათვის

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გლეხები სასოფლო– სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად  30– ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ. ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში 800 ათასამდე ვაუჩერი გაიცემა. ვაუჩერის მოქმედების  ვადა  2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდეა.  ამ პროექტის ფარგლებში მთავრობა 24 მილიონ ლარს დახარჯავს.

გლეხები ვაუჩერს სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად, ან სასუქის შესაძენად გამოიყენებენ. სასუქის ვაუჩერით ყიდვა იმ სავაჭრო ობიექტებში იქნება შესაძლებელი, რომლებიც პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროშია დარეგისტრირებული. 2012 წლის 1 ივნისიდან  31 დეკემბრის ჩათვლით  გამოუყენებელი ვაუჩერის განაღდება „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში იქნება შესაძლებელი.

სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი ვაუჩერების გამოყენება შესაძლებელი იქნება  როგორც მიწის საგაზაფხულო სამუშაოებისათვის, ასევე სასუქის შესაძენად. სასუქი გაიყიდება იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც პროგრამისთვის  სოფლის მეურნეობის სამინისტროშია დარეგისტრირებული. ვაუჩერის გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი განაღდება ან ერთჯერადად ვაუჩერის გასხვისება, “– აცხადებს სოფლის მეურენეობის მინისტრი ზაზა გოროზია.

მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და 30– ლარიანი ვაუჩერის შედეგად გლეხობა გარკვეულ შეღავათს იგრძნობს. პირველი ვაუჩერი ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურის მცხოვრებმა სუქნიძეების ოჯახმა პრეზიდენტისგან მიიღო.

ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში მთავრობის ახალ ინიციატივას  უარყოფითად აფასებს: „ვაუჩერის დარიგების სანაცვლოდ, სჯობს მთავრობამ აგრო–საკრედიტო სისტემის  ფორმირება დაიწყოს და ეს თანხა ბანკში ჩადოს და გლეხები კი მას გარკვეულ კაპიტალს მიამატებენ. ეს ბანკი კომერციულ ბანკებს კონკურენციას გაუწევდა და სოფლის მეურმეობის სექტორში კრედიტი უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა,“– ამბობს კოღუაშვილი.

ექსპერტის შეფასებით, 30– ლარიანი ვაუჩერის დარიგების შემთხვევაში, ეს  24 მილიონი ლარი წყალში გადაყრილი ფულია. „ეს 30 ლარი გლეხს როემლიმე ერთი სასოფლო სამეურნეო ღონისძიების ჩასატარებლადაც არ ეყოფა “– ამბობს კოღუაშვილი.

მისი თქმით, ბაზარზე 2010 წელს 50 კილოგრამი სასუქი 36 ლარი ღირდა, თუმცა რეალურად ამ პროდუქტის ყიდვა 45 ლარად იყო შესაძლებელი. ერთი ჰექტარი მიწის გამოკვებას პირველ ჯერზე 150 კილოგრამი სასუქი სჭირდება, მეორედ კი– 250 კილოგრამი. ამიტომ  30 ლარი მინიმალური დახმარებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი