ეკონომიკა

ირაკლი რუხაძე: იმედია, მალე გამოვაცხადებთ, რომ ლიბერთი ბანკის საკონტროლო პაკეტი ვიყიდეთ

18 მაისი, 2016 •
ირაკლი რუხაძე: იმედია, მალე გამოვაცხადებთ, რომ ლიბერთი ბანკის საკონტროლო პაკეტი ვიყიდეთ

“ჰანიველ პარტნერსი” ლიბერთი ბანკის საკონტროლო პაკეტის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს კომპანიის წარმომადგენელმა ირაკლი რუხაძემ განუცხადა.

“ახლა ვუყურებთ ლიბერთი ბანკს. ეს ინფორმაცია გამოსულია და ამიტომ არ ვმალავთ. იმედია, მალე მოვახერხებთ იმის გამოცხადებას, რომ ვიყიდეთ საკონტროლო პაკეტი ამ ბანკშიც”, – განაცხადა რუხაძემ.

ჰანიველ პარტნერსი თანაინვესტირების ფონდის პარტნიორია პროექტში, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა. თანაინვესტირების ფონდის ცნობით, ჰანიველ პარტნერსი არის პირდაპირი ინვესტიციების, აქტივების მართვისა და აღდგენის კომპანია, ოფისებით ლონდონში, თბილისში, კიევსა და მაიამიში. კომპანიის ბიზნესაქტივობები ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე. საქართველოში ჰანიველ პარტნერსი რამდენიმე მსხვილი კომპანიის მართვაშია ჩართული, მათ შორის: ბორჯომი, ტვ იმედი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

ბანკის შესაძლო გაყიდვის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ლიბერთი ბანკმა:

“ბანკი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას. ცოტა ხნის წინ ბანკმა 2016 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ბანკი მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს (წმინდა მოგება – 7.8 მილიონი ლარი, ROAE – 23.05% გაწლიურებული, ROAA – 2.03% გაწლიურებული). ბანკის სტაბილურად კარგი შედეგებიდან გამომდინარე, ინვესტორთა დაინტერესება ბანკის აქციების შეძენით გასაკვირი არ უნდა იყოს და ზოგადად მისასალმებელია, თუმცა ნებისმიერი გარიგება ბანკის აქციონერების პრეროგატივაა და ბანკი მიმდინარე მოლაპარაკებებსა თუ სავარაუდო ან შესაძლო გარიგებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს”, – ვკითხულობთ ლიბერთი ბანკის განცხადებაში. 

ლიბერთი ბანკის წილების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ინფოგრაფიკაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი