ეკონომიკა

“საქართველოში ბიზნესი მთავრობის ჩარევისაგან დაუცველია”

24 ოქტომბერი, 2011 • 1185
“საქართველოში  ბიზნესი მთავრობის  ჩარევისაგან დაუცველია”

არასამთავრობო ორგანიზაცია «საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ» ანტიკორუფციული სისტემის ანალიზი წარმოადგინა. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში  ბიზნესი მთავრობის  ჩარევისაგან დაუცველია, რასაც სასამართლოზე ხელისუფლების ზეგავლენა განაპირობებს.

კვლევის თანახმად, საქართველოს ბიზნესისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზა აქვს. ქვეყანამ 2011 წლის მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიიოლის კვლევაში მსოფლიოს მასშტაბით მე–12 ადგილი დაიკავა, მაგრამ ქვეაყნაში ბიზნესი მაინც დაუცველია.

კვლევამ  აჩვენა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა ხელსაყრელია ბიზნესებისთვის, რადგან რეგისტრაციის პროცესი მარტივი და სწრაფია, ხოლო სახელმწიფო რეგულირების ტვირთი – მცირე. თუმცა კერძო კომპანიების დამოუკიდებლობა სრულად მხოლოდ კანონის დონეზეა უზრუნველყოფილი.

კვლევაში ნათქვამია, რომ პრაქტიკაში კერძო სექტორის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს სრულად დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ბიზნესის საქმიანობაში მთავრობის უკანონო ჩარევისგან და საკუთრების უფლების ხელყოფისგან მის დაუცველობას განაპირობებს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაცია ნეგატიურად აფასებს.

ბიზნეს-სექტორის კეთილსინდისიერება საკმარისად უზრუნველყოფილი არ არის არც კანონის დონეზე და არც პრაქტიკაში. ბიზნეს– სექტორი ამჟამად მთავრობის ანტიკორუფციულ პოლიტიკაში არ მონაწილეობს, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებასთან მისი კავშირი სუსტია.

საქართველოში ბიზნესის ყველაზე გავრცელებული ფორმა მცირე ზომის ფირმაა. ფირმების სამმეოთხედზე მეტს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები (შპს) შეადგენენ. დიდი კომპანიების 65 პროცენტი ადგილობრივი მფლობელების საკუთრებაა, საშუალო და მცირე საწარმოების შემთხვევაში კი ადგილობრივი მესაკუთრეობის წილი 93–94 პროცენტს უტოლდება. 2010 წლის ბოლოს საქართველოს საფონდო ბირჟაზე 138 კომპანია იყო რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 1.06 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2011 წლის თებერვალში სახელმწიფო აქციებს 1,150–ზე მეტ საწარმოში ფლობდა. პრივატიზაციის მიმდინარე პროცესის შედეგად სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი საწარმოების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. ფინანსური სექტორის 95 პროცენტს ბანკები შეადგენენ.

მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველო ბიზნესის დაწყების სიიოლის მიხედვით მსოფლიოში მე–8 ადგილზეა, რადგან აქ ეს პროცესი მხოლოდ სამი საფეხურისგან შედგება („ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) საშუალო მაჩვენებელი 5,6–ია): შესაბამის სახელმწიფო უწყებაში რეგისტრაცია, სარეგისტრაციო გადასახადის გადახდა და კორპორატიული საბანკო ანგარიშის გახსნა. საწარმოების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ხდება. რეგისტრაციაზე უარი შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს. ბიზნესის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების რეგისტრაციაც ამავე სააგენტოში უნდა მოხდეს. კანონი მოითხოვს, რომ ბიზნესის ლიკვიდაციის პროცედურა ასეთი გადაწყვეტილების რეგისტრაციიდან ოთხი თვის ვადაში დასრულდეს. ორგანიზაციამ Heirtage Foundation საწარმოს დახურვის საქართველოში არსებული პროცედურები დაახასიათა, როგორც „შედარებით მარტივი“.

საკანონმდებლო გარემოს მთელი რიგი სხვა ასპექტები ბიზნესისთვის ძალზე ხელსაყრელია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში მთლიანი საგადასახადო ტვირთი მოგების 15,3 პროცენტს შეადგენს (OECD–ის საშუალო მაჩვენებელი 43 პროცენტია). ქონების რეგისტრაცია მხოლოდ ერთ პროცედურას მოიცავს (OECD–ის საშუალო მაჩვენებელიa 4,8), ხოლო სამშენებლო ნებართვის მოსაპოვებლად 10 პროცედურის გავლაა საჭირო (OECD–ის საშუალო მაჩვენებელია 15,8). „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ კანონის საფუძველზე შექმნილია ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, რომელსაც ინვესტორებისთვის სხვადასხვა ლიცენზიებისა და ნებართვების დაჩქარებული პროცედურით აღებაში დახმარების გაწევა ევალება. 2005 წლის „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის საფუძველზე (რომელიც ანტიმონოპოლიურ დებულებებს არ შეიცავს) შექმნილია თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, რომლის ამოცანას სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ბიზნესის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების აღკვეთა წარმოადგენს.

საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, რომელიც აცხადებს, რომ საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს შეუძლია, მოახდინოს კერძო საკუთრების ექსპროპრიაცია, მაგრამ ექსპროპრიაცია მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებულების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს. სახელმწიფო ვალდებულია, ჩამორთმეული ქონების მესაკუთრეს შესთავაზოს შესაბამისი საკომპენსაციო თანხა, რომლის ოდენობის გასაჩივრება მესაკუთრეს სასამართლოში შეუძლია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში აღმასრულებელ შტოს სასამართლო ხელისუფლებაზე გადამეტებული გავლენა აქვს, საკუთრება დაუცველია.

კვლევამ აჩვენა, რომ სამოქალაქო კოდექსი საკუთრების უფლებით სარგებლობის შესახებ დეტალურ დებულებებს შეიცავს. ინტელექტუალურ საკუთრებას მთელი რიგი კანონები იცავს, მათ შორის, კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ,“ „საქართველოს საპატენტო კანონი“ და კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ.“  სამოქალაქო კოდექსი ასევე დიდ ყურადღებას უთმობს კონტრაქტების აღსრულების პროცედურებს. მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიიოლის კვლევაში კონტრაქტების აღსრულებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის კუთხით საქართველოს რეიტინგი უფრო დაბალია, ვიდრე ქვეყნის საერთო რეიტინგი და ქვეყანას კონტრაქტის აღსრულებისთვის აუცილებელი პროცედურების რიცხვის მხრივაც OECD–ის საშუალო მაჩვენებლეზე (31,2) უარესი შედეგი აქვს (36). ამასთან ერთად, „გლობალური კონკურენტუნარიანობის“ კვლევის ანგარიშში სასამართლო დავების მოგვარებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მხრივ საქართველოს 139 ქვეყანას შორის 89–ე ადგილი უჭირავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი