ეკონომიკა

გაიაფდება თუ არა პროდუქტი აგრარულ ბაზრებში?

11 ოქტომბერი, 2011 • 2801
გაიაფდება თუ არა პროდუქტი აგრარულ ბაზრებში?

აგრარული ბაზრობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, თბილისის უბნებში მოწყობილ ბაზრებში ადგილის გადასახადი გაცილებით ნაკლები იქნება. ამ ინფორმაციას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო ავრცელებს.

ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ეს ხელს შეუწყობს ბაზარში პროდუქტის სიიაფესაც. ადგილის გადასახადი ნაკლები იქნება იქიდან გამომდინარე, რომ მიწის შეძენა, რომელზეც შემდგომში ბაზარი განთავსდება, ინვესტორებს გაცილებით იაფი დაუჯდებათ, თუმცა “ის ინფორმაცია, რომ რომელიმე ინვესტორმა უკვე შეიძინა ბაზრისთვის ტერიტორია, არ დასტურდება”, – აცხადებენ ქონების მართვის სააგენტოში.
ე.წ. დეზერტირების ბაზრის დირექტორი  ირაკლი თხელიძე აცხადებს, რომ დეზერტირების ბაზარი არ დაიხურება და პატარა ბაზრების გახსნა მათ არ დააზარალებს.

“თუკი იქ ადგილები უფრო იაფი იქნება და ხალხი გადასვლას მოინდომებს, ჩვენ ვერ დავუშლით”, – აცხადებს ირაკლი თხელიძე – “თუმცა ჩვენთანაც უმჯობესდება პირობები, მალე ახალი შენობა გაიხსნება, სადაც ის ადამიანები შევლენ, რომლებსაც ამჟამად გარეთ უწევთ ვაჭრობა”.
ნათელა ხიმშიაშვილი თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში ცხოვრობს და მეუღლესთან ერთად დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ყიდის პროდუქციას.

“ჩვენთვის უბნებში ბაზრების გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არავის მოუწოდებია. თუკი ადგილისთვის ნაკლების გადახდა მოგვიწევს, შეიძლება დავფიქრდეთ კიდეც გადასვლაზე. სახლთან ახლოს მუშაობა ჩემთვისაც და ალბათ ბევრი გამყიდველისთვისაც უფრო მოსახერხებელი იქნება”.

თუმცა ზოგიერთი გამყიდველისთვის რომელიმე უბანში გადასვლა საკმაოდ პრობლემური საკითხია: “მე ყოველ დილით გამოვდივარ აქ, გლეხებისგან ვყიდულობ ხილს და შემდეგ მთელი დღე ვყიდი, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ბაზარი სახლთან ახლოს მქონდეს, მაგრამ თუ ბევრი პატარა ბაზარი იქნება, არა მგონია, გლეხები იქაც მოვიდნენ. ამის გამო ყოველ დღე აქედან მომიწევს ხილის თრევა, რაც არ მაწყობს, ამიტომ ამ ბაზრიდან წასვლას არსად არ ვაპირებ”, – აცხადებს ერთ–ერთი გამყიდველი.

თბილისის ყველა უბანში აგრარული ბაზრების მოწყობის გეგმა მერიამ რამდენიმე თვის წინ შეიმუშავა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 890 ათას ლარს შეადგენს, საიდანაც 460 ათას ლარზე მეტი სამშენებლო სამუშაოებზე მოდის.

ინვესტორებთან მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული ის, თუ როდის დაიწყება პროექტის განხორციელება. შესაბამისად, პროექტის დასრულების ზუსტი დრო ცნობილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი