ეკონომიკაკომენტარი

მიხეილ მაჭავარიანი: “ნაციონალური მოძრაობა” მოგების გადასახადის რეფორმირებას მხარს არ დაუჭერს

14 აპრილი, 2016 • 2459
მიხეილ მაჭავარიანი: “ნაციონალური მოძრაობა” მოგების გადასახადის რეფორმირებას მხარს არ დაუჭერს

“ნაციონალური მოძრაობა” საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარტიის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა. იგი განმარტავს, რომ რეფორმის დამტკიცების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მეწარმეებისთვის პრობლემების შექმნა შეეძლება.

“ძალიან რთული სისტემაა და საგადასახადოს რჩება ძალიან დიდი ბერკეტი, რომ ბიზნესს შეედავოს და მერე ჩაუთვალოს ან არ ჩაუთვალოს რეინვესტიციად. შესაბამისად, გადაახდევინოს ან არ გადაახდევინოს გადასახადი. მოგების გადასახადის დეკლარირება წელიწადში ერთხელ კეთდება, მარტის თვეში. მეწარმეს შეუძლია საავანსოც გადაიხადოს კვარტლურად, მაგრამ ეს მასზეა დამოკიდებული, შეუძლია არ გადაიხადოს. ახლა არის ყოველთვიური დეკლარაცია. თავის ტკივილის მეტი ბიზნესისთვის ეს სისტემა არაფერს არ ნიშნავს. უბრალოდ, ფინანსთა სამინისტროს ეშინია, რამე შემოსვალი არ დაკარგოს, რეალურად ის კი არ უნდა, რომ მეწარმეს დარჩეს შემოსავალი” – აცხადებს მაჭავარიანი.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მთავრობას მოგების გადასახადთან დაკავშირებით უფრო მარტივ რეფორმას სთავაზობდა, რაც მოგების გადასახადის საერთოდ გაუქმებას ითვალისწინებდა. თუმცა დეპუტატი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით,პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტიის წევრებს არ შეხვდა.

“გვითხრა კვირიკაშვილმა, შეგხვდებითო და გადაგვაგდო. ეს მოხდა 28 დეკემბერს სხდომაზე და იმის მერე, იანვარში მე და დავით ბაქრაძემ კიდევ ერთხელ მივმართეთ მას, რომ მზად ვართ დაველაპარაკოთ და შევხვდეთ ამ პროექტთან დაკავშირებით. პრემიერმა ბიზნესასოციაციასთან შეხვედრაზე თქვა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” თან უნდა, რომ მაკრიტიკოს და თან უნდა, შემხვდესო? ეგ არ გამოვაო” – აცხადებს მაჭავარიანი.

დეპუტატი აცხადებს, რომ ის ფაქტიც, რომ მეწარმეები და ბიზნესასოციაცია მთავრობას რეფორმების ამოქმედების ვადის გადაწევას სთხოვენ, მიუთითებს, რომ საგადასახადო ცვლილება არ ვარგა.

“მეწარმეებს, რომლებმაც მთავრობას რეფორმის ამოქმედების გადავადება სთხოვეს, ექვს თვეში, მთავრობის გათვლით, 300-350 მილიონი რჩებოდათ. ამაზე მეწარმეებმა უთხრეს, არ გვინდა ეს ფული და იქნებ მომავალი წლიდან აამოქმედო ცვლილებაო. ე.ი ნიშნავს, რომ ეს საგადასახადო ცვლილება არ ვარგა” – განაცხადა დეპუტატმა.  

მიხეილ მაჭავარიანი იმ განსხვავებაზეც საუბრობს, რის წინაშეც ბიზნესმენები თანხის რეინვესტირებისა და მოგების გადასახადის გადახდის დროს დგანან.

შეკითხვაზე, ბიზნესს ხომ ისედაც შეეძლო რეინვესტირების განხორციელება სურვილის შემთხვევაში, დეპუტატი ამბობს, რომ ამას ხარჯში ვერ ატარებდა. მაჭავარიანი იხსენებს, რომ მათი მმართველობის პერიოდში რეინვესტირება მხოლოდ ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში იყო შესაძლებელი.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ შემუშავებული მოდელით, მეწარმეს სტუდენტის სასწავლებლად გაშვება, მისი დაფინანსება და ხარჯში გატარებაც შეუძლია.

“მეწარმისთვის მერე შეიძლება ეს სტუდენტი უფრო ფასეული იყოს, ვიდრე რამის ყიდვა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რეინვესტირებაში გადის და ეს პრობლემა საერთოდ არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მეწარმეებს უნდა დაუტოვო ეს ფული, რომელიც ან ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, ან ახალ დანადგარს იყიდის, ან ხარჯს ისე გაუშვებს, რომ რაღაც უფრო მეტი სარგებელი ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკას, და თუ მეწარმემ გაიტანა დივიდენდის სახით, მაშინ უკვე უნდა დაიბეგროს” – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, საშემოსავლო 20-დან 15 %-მდე შემცირებასაც ითვალისწინებს. დეპუტატი აცხადებს, რომ ამას ორი სარგებელი ექნება, დაქირავებული 5 %-ით მეტ ხელფასს აიღებს, დამქირავებელი კი დარჩენილ თანხას ან სხვა სფეროში წაიღებს, ან ინვესტიციას განახორციელებს, ან ახალ თანამშრომლებს დაიქირავებს.

იგი “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ საშემოსავლო გადასახადის 15-დან 20%-მდე გაზრდასაც იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ ხელისუფლების წევრები გაჭირვებული ადამიანებისთვის ამ თანხის დაუბეგრავი მინიმუმის სახით გაცემასაც აპირებდნენ.

“შარშან და შარშანწინ დაუბრუნა და წელს გააუქმა. რატომ? უკეთესად იცხოვრეს ჩვენმა მოქალაქეებმა? ვისაც დღეს 6 ათასი ლარი აქვს, დალხენილია და კარგად ცხოვრობს? 6 ათას ლარზე მეტი აქვთ ხადურს და მის მოადგილეებს თვეში, რომლებიც ასეთ არასწორ გადაწყვეტილებებს გვთავაზობენ” – განაცხადა მაჭავარიანმა.

ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედებაზე განაცხადი მთავრობამ იანვარში გააკეთა. ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, მისი ავტორი კი ფინანსთა სამინისტროა. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი პარლამენტში პირველი მოსმენით გუშინ განიხილეს.

მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებული ცვლილება, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2017 წლის 1 იანვარს შევა. პროექტის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, საწარმოები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან და მოგება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში დაიბეგრება.

2019 წლამდე დაბეგვრის რეჟიმი არ შეეცვლება კომერციული ბანკს, საკრედიტო კავშირს, სადაზღვევო ორგანიზაციას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და ლომბარდს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი