აფიშასაზოგადოებახელოვნება

5 წიგნი, რომელიც უნდა შეიძინოთ ნოემბრის წიგნის დღეებზე

9 ნოემბერი, 2023 • 2109
5 წიგნი, რომელიც უნდა შეიძინოთ ნოემბრის წიგნის დღეებზე

10-11-12 ნოემბერს გაიმართება ნოემბრის წიგნის დღეები. ღონისძიებას ტრადიციულად უმასპინძლებს ექსპო ჯორჯია [მე-11 პავილიონი].

წიგნების ფართო არჩევანიდან გამოვარჩევთ 5 წიგნს:

1.თომას ბერნჰარდი – „ძველი ოსტატები” – მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

„ძველი ოსტატები” არის თომას ბერნჰარდის ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი. ტრილოგიაში შემავალ სამ რომანს („დაღმამავალი”, „ტყის ჩეხა” და „ძველი ოსტატები) აერთიანებს ხელოვნების ღირებულებისა და დანიშნულების ძიების საკითხი.

„ძველ ოსტატებში” თომას ბერნჰარდს, მისი გვიანდელი პროზისთვის დამახასიათებელი ჩაკეტილი სივრცითა და განმეორებითი თხრობით, შეჰყავხარ ლიტერატურისა და ხელოვნების ძიების მოუხელთებელ  დინებაში, სადაც გზად გხვდება ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის ბევრი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. ამ პროცესში კი – ზოგი მათგანი სრულად იცლება დიდებისგან, იშლება რეალობისა და მხატვრული ტექსტის საზღვრები, რეალობა გამონაგონად (გადა)იქცევა, გამონაგონი – რეალობად.

ტექსტის დასრულებამდე აუცილებელია  გაიხსენოთ ძალიან პატარა შრიფტით ნაწერი ქვესათაური („კომედია”), რომელიც  ზოგ გამოცემაში ტექსტის სათაურადაც გვხვდება.

2. ნანა აბულაძე – „ორივე სქესი”. გამომცემლობა „ინტელექტი”.

ნანა აბულაძის „ორივე სქესი” ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ნაშრომი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. პირველ ყოვლისა კი, მარიამ გარიყულის მოთხრობების ხელახლა, თანამედროვე სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით წაკითხვის გამო.

მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობებთან შედარებითი ანალიზის გზით, ნანა აბულაძე წარმოჩენს ქალური წერის თავისებურებებს მარიამ გარიყულის მოთხრობებში. ავტორის მიერ გამოყენებული კვლევითი ტექნიკა და მეთოდოლოგიური ჩარჩო ერთ-ერთი პირველი მცდელობაა ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში, დასავლურ, ფემინისტურ სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით შექმნას აკადემიურად ღირებული ნაშრომი ქართული ტექსტების შესახებ .

 

 

 

3. სილვია პლათი – „ზარხუფი”. მთარგმნელი – ლელა სამნიაშვილი. გამომცემლობა „დიოგენე”.

სილვია პლათის ერთადერთი რომანი – „ზარხუფი” ახალი ტირაჟით გამოსცა გამომცემლობამ „დიოგენე”. 1963 წელს, ამერიკელი პოეტის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით გამოცემული ტექსტი მალევე იქცა მნიშვნელოვან ნაწარმოებად ლიტერატურისა და ფემინიზმისთვის.

„ზარხუფი” მინის სათავსოა, რომელშიც ინახავენ პატარა, დეკორაციულ ნივთებს. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული, უწყინარი ნივთი მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცევა ბოსტონის გარეუბნიდან ნიუ იორკში სტაჟირებაზე ჩასული 19 წლის ესთერისთვის, რომელიც თავის მოთხრობილ ამბავში ნაწილობრივ მწერლის ბიოგრაფიულ ამბებსაც ჰყვება.

4. მარის კონდე – „მე, ტიტუბა… შავკანიანი ალქაჯი სეილემიდან”. გამომცემლობა „პოლინომიალი”. მთარგმნელი – პაატა ჯავახიშვილი.

ახალმა, თუმცა მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობმა გამომცემლობამ „პოლინომიალი” გამოსცა სამი ახალი წიგნი, ქართულ ლიტერატურულ სივრცეს კი შეემატა სამი ახალი ავტორი. მწერლებს შორის ერთ-ერთია მარის კონდე რომანით – „მე, ტიტუბა… შავკანიანი ალქაჯი სეილემიდან”.

ტიტუბა  ართურ მილერის პიესის „სეილემის პროცესის” (ინგლ. The Crucible) უმნიშვნელო პერსონაჟია, რომელსაც სეილემში პირველს დასდებენ ბრალს ჯადოქრობაში. პიესის გამოსვლიდან წლების შემდეგ  მარის კონდე  მთავარ პროტაგონისტად აქცევს ტიტუბას და ჰყვება მის ამბავს. ავტორი მხატვრულ ტექსტად  გარდაქმნის ტიტუბას შესახებ არსებულ მწირ ისტორიულ მასალას.

 

5. რევაზ ინანიშვილი – მოთხრობების კრებული –  „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საფესტივალო კატალოგიში იპოვით რევაზ ინანიშვილის თვალშისაცემად ფასდაკლებულ მოთხრობების კრებულს. ეს კი იმ შემთხვევაში ხდება, როცა წიგნის ტირაჟი იწურება ან/და ისედაც, დიდად არც იყიდება.

რევაზ ინანიშვილის (ხანდახან, სულ ნახევარგვერდიანი) მოთხრობებიდან მკითხველი ძალიან ბევრ ძვირფას მოგონებას დაიტოვებს ან/და მივიწყებულ მოგონებებს დაუბრუნდება. პერსონაჟებს ხან უახლოეს მეგობრად გაიხდის, ხანაც კი შემოდგომის მიწურულს ქუჩაში სიარულისას ნეკერჩხლის წითელ ფოთოლს მოიგონებს, რომელიც მისთვის ისეთივე მეგობრად და სრულფასოვან პერსონაჟად დარჩება, როგორც ნებისმიერი სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ კრებული რამდენიმე წლის წინ გამოიცა,  წლევანდელი სია ამ წიგნით სრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი