რეკლამახელოვნება

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მადრიდის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

19 ოქტომბერი, 2021 • 2177
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მადრიდის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

13-15 ოქტომბერს მადრიდში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც იუნესკოს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ საკუთარი სტენდით იყო წარდგენილი. ფესტივალის დღეებში პროექტის დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა, არაერთი საქმიანი შეხვედრა გამართა და მონაწილეობდა წიგნის მსოფლიო დედაქალაქისადმი მიძღვნილ პანელზე.

  • ნინია, რით იყო გამორჩეული მადრიდის წლევანდელი ფესტივალი და თქვენ რა მისია გქონდათ?

მადრიდის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და მრავალწლიანი ტრადიციის მქონე წიგნის ფესტივალია. უშუალოდ წიგნის ბაზრობის გარდა მისი მთავარი მიზანი საგამომცემლო საქმისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობაა.

ფესტივალის ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში, ჩავატარე „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ინგლისურენოვანი პრეზენტაცია, რომელსაც როგორც ესპანეთის საგამომცემლო სფეროდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, უამრავი მსმენელი ჰყავდა, რადგან წიგნის სფეროს ამ უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური პროექტის მიმდინარეობა ყველას აინტერესებს. ჩვენს ანგარიშში დაწვრილებით მოვუყევით, თუ რა პროექტებს ახორციელებს თბილისი, როგორც წიგნის მსოფლიო დედაქალაქი და რა იგეგმება აპრილის ჩათვლით.

წელს ფესტივალის სტუმარი გვადალახარა იყო, რომელიც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს 2022 წლის აპრილში თბილისისგან გადაიბარებს. მოსამზადებელი ანგარიში მათგანაც მოვისმინეთ და გავიგეთ, თუ როგორ გეგმავენ, რომ მექსიკის ეს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი წიგნის მსოფლიო დედაქალაქად აქციონ.

ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა სწორედ გვადალახარას წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებთან გვქონდა, რა დროსაც მომავალ ბაზრობაზე ქართული ლიტერატურისა და თანამედროვე ავტორების წარდგენაც დავგეგმეთ.

  • წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამა ხორციელდება. ხომ არ იგეგმება ამ პროექტის გვადალახარაში გაგრძელება?

დიახ, შეხვედრაზე ეს საკითხიც განვიხილეთ. 2022 წლის იანვარში გამოვაცხადებთ კონკურსს ქართველი ავტორებისთვის. გამარჯვებული რამდენიმე კვირით გვადალახარაში გაემგზავრება და ახალ წიგნზე იმუშავებს, თბილისში კი მექსიკელ ავტორს ვუმასპინძლებთ.

  • რას გვეტყვით პანელის შესახებ, რომელიც ოფიციალურ პირებთან ერთად გამართეთ?

პანელზე ვმონაწილეობდი იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროგრამის კოორდინატორ იან დენისონთან, მადრიდის მერიის კულტურის მიმართულების დირექტორ ხავიერ პასკუალთან და გვადალახარას მერის მრჩეველ როდრიგო მედინასთან ერთად.

იან დენისონმა სწორედ პანელის მიმდინარეობისას განაცხადა პირველად იუნესკოს ახალი ინიციატივის შესახებ, რაც წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შექმნას გულისხმობს. აღნიშნული ქსელი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოპოვების მსურველ ქალაქებს დაეხმარება განაცხადის შევსებაში, გაუზიარებს გამოცდილებას და, რაც მთავარია, დაეხმარება დაფინანსების მოპოვებაში, თუ პროგრამის განხორციელებისას ამ სახის პრობლემები შეექმნებათ. ჩვენ ეს საკმაოდ რთული და შინაარსობრივად დატვირთული პროცესი უკვე გავლილი გვაქვს და ვიცით, რა წინაღობების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქალაქი აპლიკაციის შევსებისას. მოხარული ვიქნები, თუ რომელიმე ქალაქს ამ პროცესის გავლაში დავეხმარებით.

 

თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.

 

თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

მასალების გადაბეჭდვის წესი