ტრიენალეს ფარგლებში მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები, მათ შორის: ვორკშოფები, გამოფენები და ლექციები. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს ციკლი მხოლოდ თბილისს არ მოიცავს. მათი თქმით, ქალაქ რუსთავში 8 პროექტი ჩატარდება. ასევე, სოფელ მაჩხაანში იგეგმება პროექტი გერმანელ ხელოვანებთან ერთად.
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას 14 სხვადასხვა ქვეყნის 109 წარმომადგენელი იღებს. ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნებს შორის არიან საქართველო, დანია, ფინეთი, ავსტრია, ავსტრალია, ესპანეთი, აშშ, თურქეთი და ა.შ.
ღონისძიების ორგანიზატორი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ “თვითორგანიზებადი სისტემების” თემა საზოგადოების რეალური პრობლემებიდან გამომდინარე შეირჩა.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იყო პრობლემა და გვინდა, რომ ამაზე აქტუალურად დავსვათ ფოკუსი. ჩვენს საზოგადოებას ძალიან დიდი პრობლემა აქვს თვითორგანიზებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის ცოდნა, რაც ჩვენ გვქონდა ძველი და მერე უკვე მოდერნიზებული თვითორგანიზების კომუნისტებამდე, იქნებოდა ეს ამხანაგობები, კოოპერატივები თუ სხვა რამ, ყველაფერი წაშალა საბჭოთა კავშირმა და დავრჩით უსისტემოდ. ეს ელემენტალური მექანიზმები, ელემენტალური სისტემებია შრომისა და პასუხისმგებლობის განაწილების. ეს ის სისტემებია, რომლებიც უნდა განვავითაროთ. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, თავისით ვერ განვითარდება,” – ამბობს ვატო წერეთელი.
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო გამოფენას ქართველი ხელოვანებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, პოეტი და პროზაიკოსი შოთა იათაშვილი.
“თანამედროვე ხელოვნება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველთვის რაღაც ახალი უნდა ხდებოდეს, სიცოცხლე უნდა ჩქეფდეს. აი, ასეთ სივრცეებში ჩქეფს სიცოცხლე. ჩემი უახლოესი მეგობარი ჩამოვიდა, პოეტია, ხელოვანია, ერთად დავგეგმეთ ხვალ პერფორმანსი. ყველაფერი იქნება, რაღაცებს ძველს გავიხსენებთ, ახალს დავუმატებთ. იმ ძველს ახალი უნდა დაუმატო, ახალს რომ დაუმატებ, მერე კონიაკივით უნდა დააძველო. რომ დაძველდება, მერე ისევ უნდა განაახლო. სულ ეს არის,” – ამბობს იათაშვილი.
ტრიენალე სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. ეს ღონისძიება თბილისში პირველად 2012 წლეს ჩატარდა და მისი ორგანიზატორი თანამედროვე ხელოვნების ცენტრია. პირველი ტრიენალეს მთავარ თემა არაფორმალური სახელოვნებო განათლება იყო. პროგრამა ერთი თვის განმავლობაში გამოფენების, ვორკშოპებისა და სხვა საზოგადოებრივი აქტივობის სერიას წარმოადგენდა. მასში ჩართულები იყვნენ არტისტები, კურატორები, შემოქმედებითი კოლექტივები და თეორეტიკოსები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან.
2014 წლის ივლისში თბილისის ტრიენალე მსოფლიო ბიენალეების საერთაშორისო ასოციაციების (IBA) ასოცირებული წევრი გახდა.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) დაფინანსებულია. ცერემონიის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე დაესწრო.