ხელოვნება

სერგო რატიანის თქმით, RMG-მ საყდრისის დაუზიანებელი ნაწილი ააფეთქა

7 აპრილი, 2015 •
სერგო რატიანის თქმით, RMG-მ საყდრისის დაუზიანებელი ნაწილი ააფეთქა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ სერგო რატიანის თქმით, რამდენიმე დღის წინ წყარომ შეატყობინა, რომ საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე ბურღი იყო განთავსებული, რაც იმას მიანიშნებდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიას აფეთქებისთვის ამზადებდნენ.

 

“ჩამოვედი და დავნიშნე ბრიფინგი, რომ გამეფრთხილებინა საზოგადოება, რომ აპირებენ იმ ტერიტორიის აფეთქებას, რომელიც ჯერ არ იყო დაზიანებული. სანამ ბრიფინგს დავიწყებდი, შემატყობინეს, რომ უკვე აფეთქებულია”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

 

ნეტგაზეთი RMG Gold-ს დაუკავშირდა, რომ ინფორმაცია გადაემოწმებინა, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

 

საყდრისის მაღარო არის არქეოლოგიური ობიექტი ბოლნისის რაიონში, რომელსაც 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. საყდრისი მაღაროს გარშემო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია RMG-მ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ ძეგლი, რომლის მნიშვნელობა გაზვიადებული იყო, მის სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარეობდა და ოქროს მოპოვებაში ხელს უშლიდა.

 

ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საყდრისი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ობიექტს. მის მნიშნელობაში ეჭვი შეჰქონდა კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 2014 წლის 13 მარტს კომპანია MRG-ს საყდრისის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. თუმცა მოგვიანებით, სააგენტოს მიერ მოწვეულმა ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ საყდრისის მაღარო უძველესია და იქ ოქროს ან სპილენძს მოიპოვებდნენ. ეს საკითხი კი შემდეგ კვლევებს უნდა გაერკვია.

 

ამის მიუხედავად, კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა

 

კომპანიის ქმედების შემდეგ განახლდა აქციებიც საყდრისის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები საყდრისში მიწის სამუშაოების შეჩერებასა და კვლევის გაგრძელებას მოითხოვენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კი აცხადებს, რომ ობიექტი იმდენად დაზიანებულია, რომ კვლევის გაგრძელება შეუძლებელია.

საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი. 15.12.2014
საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი. 15.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი