გამოფენა 24 ივნისს, 19:00 საათზე გაიხსნა. გამოფენის ავტორების, მხატვარ თამარ ჭაბაშვილსა და ანტროპოლოგ აგნეშკა დუდრაკს სურდათ, რომ სუფრის წინა პლანზე წამოეწიათ ქალთა ტკივილიანი ისტორიები, რომლებიც სუფრის მიღმა რჩება და ყოველდღიურ ყოფაში შეუმჩნეველი ხდება.
პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალთა მტკივნეული გამოცდილება ხშირად შეუმჩნეველი, დამალული ან ტაბუდადებულია. გამოფენის მიზანია შექმნას სივრცე, ვირჯინია ვულფისეული „საკუთარი ოთახი“, სადაც მოისმენთ იმ ქალების მონათხრობს, რომლებიც პირადად გახდნენ გენდერული ძალადობის მსხვერპლნი. ჩვენი სურვილია მათი გამოცდილება პრობლემის ახლებურად გააზრების, კვლევისა და განსჯის საგნად იქცეს, ამბობენ ავტორები.
გალერეა ნექტარის საგამოფენო სივრცე გამოფენის ავტორებმა ძველი, ზოგი ლაქიანი სუფრებით გადატიხრეს და პირობითი ოთახები მოაწყვეს. ერთ-ერთ “ოთახში” ფორმატის ფურცელზე თავმოყრილი იყო ამონარიდები იმ ქალების ისტორიებიდან, რომელმაც ბოლო ორი თვის მანძილზე გენდერულ ნიადაგზე განიცადეს ძალადობა.

აგნეშკა დუდრაკმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მათ ძალადობაგამოვლილ ქალებთან ინტერვიუები ჩაწერეს. ამის გარდა, აგნეშკა დუდრაკი და ელიზა პროშჩუკი რესპონდენტებს ეუბნებოდნენ თითო-თითო წინადადებას, რომელიც მათ უნდა განევრცოთ და შემდეგ მოთხრობა დაეწერათ. გალერეა ნექტარის ნულოვან სართულზე, სადაც სტუმრებს ქართული კერძების დაგემოვნებაც შეეძლოთ, 12 ამგვარი მოთხრობის მოსმენა ყურსასმენით იყო შესაძლებელი.
“საკუთარი სუფრა” სხვადასხვა ავტორის თანამშრომლობის შედეგია. გამოფენა უმასპინძლებს მარაიკე ვენცელის (გერმანია) პერფორმანსს. ვენცელმა განაცხადა, რომ სამი დღის განმავლობაში იცხოვრებს გალერეაში, სადაც საწოლიც დგას.
პერფორმანსის ფარგლებში მსახიობი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცხოვრებს საინსტალაციო სივრცეში, რათა უკეთ შეისწავლოს ის და შექმნას ჩრდილოვანი პერსონაჟი, რომელიც მაყურებელში გამოიწვევს არაერთგვაროვან ემოციებს. ეს არ იქნება სანახაობრივი დადგმა, არამედ გარკვეული სურათი იმისა, თუ როგორი უხილავი რჩება საზოგადოებაში ის ქალი, რომელიც ძალადობის მსხვერპლია. მარეიკეს პერფორმანსი დაიწყება სამშაბათს დილით, ინსტალაციის გახსნის დღიდან, და გასტანს პარასკევს დილამდე. გამოფენა გაგრძელდება 22 ივლისამდე.
