საღამო, რომელიც 19 საათზე დაიწყება, მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი პუბლიკისთვის ევროპული ვიდეოხელოვნების წარმომადგენლების ნამუშევრების გაცნობას და პირიქით, თანამედროვე ქართული ვიდეოხელოვნების გაცნობას მისი ევროპელი კოლეგებისთვის.
საღამოში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან ვიდეოხელოვანი გერმანიიდან – იულია შარლოტე რიხტერი, ბრენდან ჯექსონი – დიდი ბრიტანეთიდან და რობენ კაენი- საფრანგეთიდან. ვიდეოჩართვით ისაუბრებს ხელოვნების ისტორიის დოქტორი ტიფენ ლაროკი. ალექსი სოსელია კი ისაუბრებს და წარადგენს ქართული ვიდეოხელოვნების არქივს.
პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროექტის საშუალებით ქართველ, ბრიტანელ, გერმანელ და ფრანგ ვიდეოხელოვანებს შორის დიალოგის და ორმხრივი სასარგებლო ურთიერთობების ხელშეწყობა მოხდება.
საღამოს ორგანიზატორები არიან ევროპის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების (EUNIC-ის) წევრები: ბრიტანეთის საბჭოს, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტის, ევროპის სახლი და ორგანიზაცია „აქტივი კულტურისთვის“.

ბრენდან ჯეკსონი ბრიტანელი ხელოვანია, რომელიც მრავალ განსხვავებულ მედიაში მუშაობს. ის ახორციელებს მრავალფეროვან ინსტალაციებსა და სხვადასხვა აუდიო-ვიზუალურ პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან კონკრეტულ ისტორიასთან, ადგილთან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან.
ბრენდან ჯეკსონს მიღებული აქვს საუთჰემპტონის უნივერსიტეტის სტიპენდია. იქვე დააარსა ჯონ ჰენსარდის გალერეა. განხორციელებული აქვს მნიშვნელოვანი პროექტები სამუზეუმო და კულტურული მეკვიდრეობის სფეროებში. რამდენიმე წელია თანამშრომლობს ვარშავის უნივერსიტეტის პოლონური კულტურის ინსტიტუტთან და ფონდთან ,,ფუნდასია პოგრანიცე.’’ ამჟამად ბრენდან ჯეკსონი სენდველის ადგილობრივი ისტორიის არქივთან თანამშრომლობით ახორცილებს პროექტს – ‘’უცნობი სენდველი.’’ პროექტის მიზანია მედიით გამდიდრებული ვებსაიტის შექმნა, სადაც ნარატივი განხორციელდება ფოტოგრაფიის, მოძრავი იმიჯების, ექსპონატების, აუდიო და ინტერპრეტატიული ტექსტების და სასწავლო მასალების გამოყენებით.
13 ივნისის ვიდეოხელოვნების ღამეს ბრენდან ჯეკსონი წარმოადგენს ბრიტანეთსა და პოლონეთში განხორციელებულ პროექტებს, რომლებშიც კომბინირებულია თანამედროვე სახელოვნებო პრაქტიკის სამი ასპექტი: ტექნოლოგია (მედიასაშუალებების ხელმისაწვდომობა და ყველგანმყოფობა) ურთიერთობები (სხვადასხვა სფეროს და ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირება და ქსელური თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა) და აქტივობა (მუდმივი პრაქტიკული საქმიანობა კონკრეტულ ადგილებში, რაც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება).







