15 მაისს საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიმარტება გამოფენა „Re: Museum“- თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი. გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები გერმანიიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. გამოფენა ეროვნულ გალერეაში 18 საათზე დაიწყება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სტილის ნამუშევრები, რომლებიც ასახავს მუზეუმს, როგორც დაწესებულებას, კოლექციას, არქიტექტურულ ქმნილებასა თუ დიზაინერის მიერ შესრულებულ ექსპოზიციას. გამოფენის მიზანია აჩვენოს, თუ როგორი დამაკავშირებელი ფუნქცია აქვს მუზეუმს ხელოვნებას, არქიტექტურას, ადმინისტრაციასა და განათლებას შორის.
გამოფენის კურატორები აღნიშნავენ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მუზეუმი ახლად შემდგარი რესპუბლიკების საზოგადოებრივი აღქმის ფორმაა – ერთგვარი კვეთის ადგილია მატერიალურსა და არამატერიალურს შორის და ამდენად, ხელოვანები ამ ქვეყნებში საკუთარი იდენტობის ძიების პროცესებს სწორედ მუზეუმებში აკვირდებიან.
გამოფენა გოეთეს ინსტიტუტის საქართველოში დაარსების 20 წლის თავს ეძღვნება. მისი ინიციატორი და ორგანიზატორი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტია, ხოლო მისი პარტნიორი- საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

გამოფენის, „Re:Museum“-ის გახსნამდე ერთი დღით ადრე, 14 მაისს, გალერეა ნექტარში გაიმართება მცირე გამოფენა და მოკლე მოხსენებები ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში განხორციელებული პროექტების შესახებ. ეს შეხვედრა და დისკუსია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა შორის ურთიერთობის გამყარებასა და განვითარებას ემსახურება.
14 მაისი, 18:00 სთ., გალერეა ნექტარი, დ. აღმაშენებლის გამზირი #16
“ხსოვნის ობიექტები” – იულია საროკინა (ყაზახეთი) გამოფენის გახსნა
სამუზეუმო პროექტების პრეზენტაციები:
“ასტრალ ნომადს”, იულია საროკინა
“მუზეუმი კიევის ევრმაიდანზე”, მაშა ზადოროჟნა და იულია ვაგანოვა (უკრაინა)
სამუზეუმო პროექტები ნოვოსიბირსკში, სერგეი კოვალევსკი (რუსეთი);
საბინა შიხლინსკაია (აზერბაიჯანი ) და ევა ხაჩატრიანი (სომხეთი) ერთობლივი პროექტის წარდგენა;
16 მაისს, 17:00 საათზე კი, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება უნგრული წარმოშობის, ირანში მცხოვრები მხატვრის, გიზელა ვარგა სინაის გამოფენა, სახელწოდებით ,,მოგზაური დღიური”. გიზელა ვარგა სინაი დაიბადა უნგრეთში. ხელოვნებას სწავლობდა ავსტრიაში, ვენის აკადემიაში. ადრეულ ასაკში დაინტერესდა უნგრული ზღაპრებით, თქმულებებით, ქვეყნის აღმოსავლური წარსულით.

ირანში ყოფნის დროს მხატვარს გაუჩნდა სურვილი, წარსული და მომავალი ერთ სურათში გადმოეცა. თავისი შემოქმედების ძირითად თემებს მხატვარი მითოლოგიაში ეძებს და მის სტილს ფრესკული ფერწერის ნიშნები ახლავს თან. გიზელა ვარგა სინაი 1968-დან 2005 წლამდე ირანში მოღვაწეობდა. ამ პერიოდში ექვსი დიდი პროექტის ავტორი იყო: ,,დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ”, ,,ბრმა თოჯინები”, ,,სიჩუმის ექო”, ,,სამხრეთი და მისი ნიღბები”, ,,გამოსახულებები და კედლები”, ,,მოგზაური დღიური”.
გიზელა ვარგა სინაი პედაგოგია, ასწავლის ირანსა და გერმანიაში, ჰქონდა პერსონალური გამოფენები თეირანში, ავსტრიაში, გერმანიაში, ინგლისში და მონაწილეობდა 30-მდე ჯგუფურ გამოფენაში.
პროექტი მოიცავს დიდ კულტურულ პროგრამას – თავად მხატვრის გამოფენას და მისი მეუღლის, ირანელი დოკუმენტალისტის, ხოსრო სინაის ფილმების ჩვენებას კინოს სახლში.
19 მაისს, 18:00 საათზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაგეგმილია საქართველოს სახალხო მხატვრის, რადიშ თორდიას პერსონალურ გამოფენა. გამოფენა რეტროსპექტული ხასიათისაა, მასზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის განვლილი შემოქმედებითი გზის ამსახველი მნიშვნელოვანი ნამუშევრები, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს მხატვრის 100-მდე ფერწერულ ტილოს.
საქართველოს სახალხო მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის პროფესორი რადიშ თორდია შემოქმედებით ასპარეზზე გასული საუკუნის ადრეულ 60-იან წლებში გავიდა.
1962 წლიდან მოყოლებული რ. თორდია მუდმივად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო გამოფენებზე, რაც არაერთხელ აღინიშნა სპეციალური ჯილდოთი; სხვადასხვა დროს მას ჰქონდა 9 პერსონალური გამოფენა (თბილისი, მოსკოვი, კელნი, დრეზდენი, ტუნისი, ვაშინგტონი, ნიუ იორკი). 2002 წელს Joyce Dutka Arts Foundation-ის მიერ აშშ-ში ჩატარებულ სახვითი ხელოვნების საერთაშორისო კონკურსში რადიშ თორდია გამარჯვებულთა ათეულში დასახელდა. მისი ნამუშევრები ინახება როგორც საქართველოს, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში, გალერეებსა თუ კერძო კოლექციებში.
გამოფენის გახსნაზე შედგება რადიშ თორდიას ნამუშევრების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.







