გამოფენა, რომელიც 7 მაისს, 19 საათზე გაიხსნა, მოიცავს სისხლისა და აბრეშუმის ურთიერთქმედებასა და “აბრეშუმის გზის” თემატიკას. ფიონა დევისმა განმარტა, რომ მან თავად ისურვა თბილისში გამოეფინა მისი ნამუშევრები, რომლებმაც უკევ მოიარა ლონდონის, სიდნეის, სტამბულის, საგამოფენო სივრცეები.

ავსტრალიელმა ხელოვანმა აღნიშნა, რომ თბილისის აბრეშუმის მუზეუმი ერთერთი უძველესია აბრეშუმის მუზეუმებს შორის მსოფლიოში, რომელმაც ძალიან მძიმე პერიოდში დაიცვა მასში არსებული საინტერესო ექსპოზიცია.
ფიონა დევისის გამოფენა-ინსტალაცია სამი სფეროს წარმომადგენლის ერთობლივი შრომისა და ინსპირაციის შედეგია. ესენი არიან- ფიზიკოსი, პროფ. პიტერ დომაჩუკი (სიდნეის უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა), მწერალი, პროფესორი ლი-ანნ ჰოლი და ვიზუალური არტისტი ფიონა დევისი.

პროექტს საფუძვლად დაედო პ. დომაჩუკის კვლევა, რომელიც ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში აბრეშუმის ბიოფოტონური მიკროჩიპის ჩანერგვას ეძღვნება. მიკროჩიპის დანიშნულებაა სისხლის უჯრედების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მონაცემების განსაზღვრა და გაზომვა ორგანიზმშივე, სისხლის სინჯის აღების გარეშე. აბრეშუმი საოცარი მასალაა – მისგან მშვენიერი ქსოვილიც მზადდება და ინტენსიური თერაპიისათვის გამოსადეგი უვნებელი ბიოჩიპიც.

აღნიშნული ბიოჩიპით დაინტერესდნენ “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” კავშირის წევრები, რომლებიც გამოფენას დაესწრნენ. ისინი დაინტერესდნენ იმითი, თუ სხეულის რომელ ნაწილში უნდა მოთავსდეს ბიოჩიპი და რა დანიშნულება აქვს მას. ისინი ავტორს ესაუბრნენ იმაზე, რომ ბიოჩიპი არის საშიში, რომელმაც შესაძლოა ადამიანი “გარედან მართული გახადოს.”


![ფიონა დევისის გამოფენა “სისხლი აბრეშუმზე” [ვიდეო/ფოტო] ფიონა დევისის გამოფენა “სისხლი აბრეშუმზე” [ვიდეო/ფოტო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000024878.jpg)






