თბილისის რიგით IV საგუნდო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში კონცერტები 28, 29 აპრილს და 1, 2 მაისს ჩატარდება.
კულტურის სამინისტროს ცნობით, კონცერტში მონაწილეობენ როგორც თბილისის, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის საგუნდო კოლექტივები, მათ შორის: თბილისის გოგონათა სტუდენტური გუნდი, თბილისის VI ხელოვნების სკოლის ბავშვთა გუნდი, თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი, რუსთავის მე-5 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა გუნდი „ლილე“, გორის სამუსიკო კოლეჯის ბავშვთა გუნდი, ბიჭუნათა ფოლკლორული გუნდი „მძლევარი“ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი.

ფესტივალში მონაწილეობს სომხეთის სახელმწიფო კამერული გუნდი, ასევე, საქართველოს აკადემიური და ბავშვთა საგუნდო კოლექტივები და მათ გამოსვლას ერთი საკონცერტო დღე დაეთმობა.
კულტურის სამინისტროს განმარტებით, ფესტივალის მიზანია საქართველოში საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია, ასევე, უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და მათი შემოქმედების მსმენელისათვის წარდგენა.







