ხელოვნება

არასამთავრობოები: მინისტრმა საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა აღუდგინოს

18 თებერვალი, 2014 • • 1878
არასამთავრობოები: მინისტრმა საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა აღუდგინოს

განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ეროვნული პლატფორმის 66 წევრი და 8 არაწევრი ორგანიზაცია, ნათქვამია, რომ გურამ ოდიშარიამ უნდა გაიზიაროს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული სექციის რეკომენდაცია საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ. 

 

ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო წრეების ჩარევით ძეგლზე საერთაშორისო კვლევები უნდა გაგრძელდეს.

 

“ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ალექსანდრა კალატოზიშვილი, საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-4 სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, ნატო ცინცაბაძე, ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) საქართველოს ეროვნული კომიტეტი, მარინე მიზანდარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გოდერძი ნარიმანაშვილი, არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ნინო გუჯარაიძე, ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა” ესწრებოდნენ.

 

პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა სულხან სალაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტროს სტრატეგიულმა საბჭომ მინისტრს მისცა რეკომენდაცია საყდრისისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ, მას შემდეგ მინისტრმა ყველანაირი ვადა დაარღვია და დღემდე უცნობია, თუ რა პოზიცია აქვს კულტურის მინისტრს.

 

იურისტის განმარტებით, მართალია, საბჭოს რეკომენდაცია შესასრულებლად სავალდებულო არ არის, მაგრამ მინისტრს უნდა გაეცხადებინა, აკმაყოფილებს თუ არა ამ რეკომენდაციას. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, რომ მინისტრი ელოდება სამთავრობო გადაწყვეტილებას, სალაძე პასუხობს, რომ გადაწყვეტილება სტატუსის აღდგენის შესახებ მხოლოდ მინსტრმა უნდა მიიღოს, რომლის დროსაც ამ დარგის სპეციალისტების აზრი უნდა გაითვალისწინოს და არა ეკონომიკის ან სოფლის მეურნეობის სამინისტროსი. 

 

“დღეის მდგომარეობით ყველანაირი ადმინისტრაციული წარმოების ვადაა დარღვეული. სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია. მთავრობამ შესაძლოა საკუთარი აზრი დააფიქსიროს, მაგრამ გადაწყვეტილება მინისტრმა უნდა მიიღოს ინდივიდუალურად და ყურადღება უნდა მიაქციოს არა მთავრობის წევრების გადაწყვეტილებას, არამედ საბჭოს წევრების დასკვნას”, – მიიჩნევს სალაძე.

 

იურისტის განმარტებით, კულტურის მინისტრი უფლებამოსილია საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღუდგინოს, სანამ იგი სრულად შეისწავლება, ან 6 თვის ვადით გაუგრძელოს.

 

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი, რომელიც ასევე ესწრებოდა პრესკონფერენციას, ხაზს უსვამს საყდრისის კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობის აუცილებლობას. მაშინ, როცა საყდრისი დგას ეკონომიკური სარგებლის საპირწონედ, დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურის როლის გააზრებას ეკონომიკური წინსვლისთვის, მიიჩნევს მიზანდარი.

 

“ასე მოხდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ინტერესი შეეჯახა ეკონომიკურ ინტერესს. საკითხის ასე დაყენება არაა სწორი. იმის გამო, რომ არა გვაქვს ბოლომდე გაცნობიერებული კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკური სარგებლის მნიშვნელობა და როლი. ამიტომ კარგი იქნებოდა საერთაშორისო ექსპერტების მოწვევაც, რომელთა მონაწილეობა სრულად გაგვაცნობიერებინებდა კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობასა და ღირებულებას და მის შესაძლო გამოყენების გზებსაც მიგვანიშნებდა”,- აღნიშნა მიზანდარმა. 

 

ნატო ცინცაბაძე, “ICOMOS საქართველოს” აღმასულებელი დირექტორი ამბობს, რომ საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მხოლოდ საყდრისს არ ეხება. მას მიაჩნია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება იქნება გზავნილი დეველოპერებისთვის.

 

ცინცაბაძე წუხს, რომ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითრების პოლიტიკის პროექტში კულტურა არ არის ნახსენები, როგორც სოციალური ფასეულობა, რაც მიანიშნებს იმას, რომ კულტურული მემკვიდრეობია უკანა პლანზეა. 

 

“ეს არის მაგალითი, რომელმაც შეიძლება მიიღოს ძალიან არასასურველი განვითარება მომავალში კულტურული მემკვიდროების დაცვის თვალსაზრისით. ნელ-ნელა ვაიძულოთ ხელისუფლება, კულტურის როლი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში აღიაროს და რეალურად გადადგას ნაბიჯები. სხვა შემთხვევაში არაერთი საყდრისი გვექნება მომავალში. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ მიიღო კულტურა როგორც ეკონომიკური განვითარების რესურსი”,- აღნიშნა ცინცაბაძემ. 

 

საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს, რომელიც ბოლნისის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოუხსნა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყდრისი მოძრავ ძეგლად უნდა გადაქცეულიყო, ხოლო ამ ტერიტორიაზე წიაღისეულის მომპოვებელ კომპანია RMG-ის ოქროს მოპოვების შესაძლებლობა მიეცემოდა.

 

თუმცა 2014 წლის 13 იანვარს მინისტრმა კომპანიას ნებართვა არ მისცა, რომ საყდრისში წიაღისეულის მოპოვება დაეწყო. ამავე წლის 27 იანვარს კულტურის სამინისტროში არსებულმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტრატეგიულმა საბჭომ მინისტრს რეკომენდაცია მისცა, რომ საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღუდგინოს. თუმცა მინისტრი გადაწყვეტილების მიღებას სამთავრობო შეთანხმების მიღწევამდე არ აპირებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი