მინისტრ გურამ ოდიშარიას განცხადების მიხედვით, სამინისტრო “არქეოლოგთა გაერთიანების” მიერ RMG Gold-ის დაკვეთით საყდრისის არქეოლოგურ ობიექტზე ჩატარებულ კვლევას არ ენდობა. კვლევის მიხედვით, საყდრისის ბორცვზე არქეოლოგიური ობიექტის არსებობა არ დადასტურდა.
მინისტრის განცხადებით, ეს ინფორმაცია არ ეთანმხება კვლევას, რომელიც 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საყდრისში. აღნიშნული კვლევის მიხედვით, საყდრისი 5 400 წლის წინანდელი ოქროს მომპოვებელი უძველესი მაღაროა. ამიტომ სამინისტრო მიიჩნევს, რომ საყდრისის შესწავლა კიდევ უნდა გაგარძელდეს.
“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “არქეოლოგთა გაერთიანების” მიერ განხორციელებული სამუშაოების ანგარიშზე დაყრდნობით სამინისტრო ვერ გასცემს დადებით დასკვნას სალიცენზიო ტერიტორიის ამ მონაკვეთში წიაღისეულის მოპოვებასა და ამასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩასატარებლად. ამდენად, ობიექტის სრულად შესწავლის მიზნით საჭიროდ მიგვაჩნია აღნიშნულ ბორცვზე ჩატარდეს არქეოლოგიური სამუშაოები”,- ნათქვამია კულტურის მინისტრის განცხადებაში.
განცხადების ადრესატი RMG Gold-ის გენერალური დირექტორი სერგეი ეგანოვია.
საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე წიაღისეულის მომპოვებელმა კომპანია RMG Gold-მა კულტურის სამინისტროს ლიცენზიის მიცემის თხოვნით მიმართა. კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს პრესკონეფენრცია გამართეს, სადაც სამინისტრო კომპანიიისთვის მიზანმიმართულად ხელის შეშლაში დაადანაშაულეს.
საყდრისს 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა და “უძველეს ოქროს მაღაროდ” მიიჩნეოდა. 5 ივლისს კულტურის მინისტრმა მას მხოლოდ არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 1 ოქტომბერს ეს სტატუსიც მოეხსნა.
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით, ლიცენზიის მფლობელი კომპანიას ეკრძალება კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე წიაღისეული მოიპოვოს იმ ადგილას, სადაც არქეოლოგუური ობიექტი მდებარეობს.