ხელოვნება

RMG Gold: კულტურის სამინისტრო მიზანმიმართულად ხელს გვიშლის

13 იანვარი, 2014 •
RMG Gold: კულტურის სამინისტრო მიზანმიმართულად ხელს გვიშლის

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მეკვიდრეობის საკითხებში RMG Gold-ის მრჩეველმა სოსო ცაბაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო კომპანიას მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების დაწყების უფლებას არ აძლევს. ცაბაძე კონკრეტულად მარინე მიზანდარს, კულტურის მინისტრის მოადგილეს ადანაშაულებს მიკერძოებაში.

 

“მიზანდარს არაერთხელ გამოუმჟღავნებია ტენდენციური დამოკიდებულება საკითხის მიმართ, რომელიც საჯარო გამოსვლებისა თუ პრეზენტაციების დროს აფიქსირებდა სამინისტროს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო მოსაზრებას. ეს არის კარგად ორგანიზებული შეტევა კომპანიაზე. მივედით იმ სიტუაცამდე, როცა სამინისტრომ დადგენილ ვადაში არ გასცა ნებართვა და პრაქტიკულად გვითხრა უარი. ჩვენ ველოდებით სამინისტროსგან დასაბუთებულ დასკვნას,”- თქვა სოსო ცაბაძემ. 

 

მისი თქმით, RMG GOLD-ს მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები არ დაუწყია, მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა. 

 

“კომპანიის მსხვილმასშტაბიანი და სრული მასშტაბით სამუშაოები ბურღვა და აფეთქებითი სამუშაოებია, რომელსაც ჯერ არ ვაწარმოებთ. მაინც ჩვენ ველოდებით კულტურის სამინისტროს დასკვნას, და მანამდე ვაკეთებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, რომლის სრული უფლება გვაქვს”,- აცხადებს ცაბაძე. 

 

ცაბაძე იშველიებს კულტურის მინისტრის 2013 წლის 8 აგვისტოს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც კომპანიას წიაღისეულის მოპოვების უფლება არქეოლოგიური კვლევის პარალელურად მიეცემოდა. მისი თქმით, კომპანია მაინც ელოდება კულტურის მინისტრის ნებართვას, რომ ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები დაიწყოს.

 

RMG Gold-ს მიაჩნია, რომ საყდრისს არავითარი ისტორიული ღირებულება არ გააჩნია. კომპანიის წარმომადგენლის მტკიცებით, მათ 10 დეკემბრისთვის კიდევ შეისწავლეს არქეოლოგიურად საყდრისის ტერიტორია და  არ აღმოუჩენიათ არტეფაქტი, რომელიც 2013 წლის 28 მაისს კულტურის სამინისტროსთან შექმნილი კომისიის დასკვნის შედეგს ეჭვქვეშ დააყენებდა.

 

ნეტგაზეთის კითხვას, რატომ შეიცვალა RMG Gold-ის დამოკიდებულება საყდრისის მიმართ, რომელიც 2011 წლამდე შედგენილ საინფორმაციო-გეოლოგიურ ანგარიშებში “უძველესი ოქროს მაღაროდაა” მოხსენიებული, ცაბაძე კომპანიის მენეჯმენტის ცვლას უკავშირებს. 

 

“ძველი მენეჯმენტი, რომელიც საკმაოდ პოლიტიზებული იყო, არასოდეს არ დახევდა მაშინდელი სამინისტროს გადაწყვეტილებას, ვგულისხმობ გაბაშვილის გადაწყვეტილებას. ძალაუნებურად ისინი ეთანხმებოდნენ ამას. რატომ ეთანხმებოდა კომპანიის მაშინდელი მენეჯმენტი ამას, მე არ ვიცი. ახალი ინვესტორი რომ შემოვიდა, დავიწყეთ კვლევა სიტუაციის – რა მემკვიდრეობა გვაქვს. როცა შეისწავლეს ობიექტი… არქეოლოგმა გვითხრა, რომ აქ ძეგლის ნიშნები ვერ ვნახეო”, – ამბობს ცაბაძე.

ცინცაძის თქმით, ინტერნეტ სივრცეში ყველაზე მეტად გავრცელებულ საყდრისის ფოტოზე არა 5400 წლი წინ გაყვანილი გვირაბი არამედ 1980-იან წლებში გეოლოგების გაყვანილი გვირაბია
ცინცაძის თქმით, ინტერნეტ სივრცეში ყველაზე მეტად გავრცელებულ საყდრისის ფოტოზე არა 5400 წლი წინ გაყვანილი გვირაბი არამედ 1980-იან წლებში გეოლოგების გაყვანილი გვირაბია

კულტურის სამინისტროში მინისტრის მოაგილე მარინე მიზანდარი კომენტარს დღეს, მოგვიანებით გააკეთებს.

 

კომპანია RMG Gold-მა 2013 წლის თებერვალში პრემიერმინისტრს მიმართა თხოვნით, რომ კულტურის სამინისტროს საყდრისისთვის მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, რადგან, ერთი მხრივ, ძეგლის ღირებულება არ ჰქონდა, ხოლო სტატუსი კანონდარღვევით ჰქონდა მინიჭებული, მეორე მხრივ კი, კომპანიას არ შეეძლო წიაღისეულის მოპოვება და ბიუჯეტში რვა წელიწადში შესატან 110 მილიონ ლარს კარგავდა. 

 

კულტურის მინისტრმა საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის ხუთ ივლისს მოუხსნა, ხოლო იმავე წლის 1 ოქტომბერს არქეოლოგუური ობიექტის დაცვის ზონაც მოეხსნა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი