ხელოვნება

ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში სტუდენტებმა დოკუმენტური ფილმები გადაიღეს

22 სექტემბერი, 2013 • 1367
ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში სტუდენტებმა დოკუმენტური ფილმები გადაიღეს

Postcode Films-ის შემოქმედებითი პროდიუსერის, ელჰუმ შაკერიფარის თქმით, პროექტი ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში წელს მეორედ ჩატარდა. მან აღნიშნა, რომ შარშანდელი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ კვლავ გადაწყვიტეს ფილმის გადაღება. 

 

„ამ პროექტში ვინტერესდებით იმ გარემოთი, რომელიც გვხვდება ლოკალურად და ვინტერესდებით კონკრეტული გმირებით. შარშან ფანტასტიკური კვირა გვქონდა, რომლის დროსაც კარგი ფილმები გადავიღეთ. უკან დავბრუნდით იმიტომ, რომ გვინდოდა არქივის გამდიდრება, რომ კიდევ ახალი ფილმები შეგვექმნა,“- განაცხადა შაკერიფარმა.

 

ელჰუმ შაკერიფარის თქმით, სტუდენტები სამი ინსტიტუტიდან შეირჩა: სამი იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან, ოთხი- ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტიდან, რვა- სტუდენტი სხვადასხვა სასწავლებლიდან. 

 

“საერთოდ, სამ სტუდენტთან ერთი ტრენერი მუშაობს ხოლმე, მაგრამ ახლა უფრო დიდი რაოდენობის სტუდენტებთან მოგვიხდა მუშაობა. ჩვენ ვცდილობთ, ამ ვორკშოფებში იმ ადამიანების ინტეგრირებას, რომლებიც საერთაშორისო ინდუსტრიაში არიან ჩართული. ჩვენ განსაკუთრებული შერჩევა არ გაგვიკეთებია. ნებისმიერ სტუდენტს, ვისაც მონაწილეობის სურვილი ჰქონდა, შეეძლო მოემართა ჩვენთვის,“- განმარტა შაკერიფარმა. 

 

მან განაცხადა, რომ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალთან თანამშრომლობა სურთ, თუმცა არ იცის, პერმანენტული იქნება თუ არა მათი თანამშრომლობა.

 

მარიამ ფირცხალავამ ჯიპას მეგისტრატურის მედიამემენეჯმენტის კურსი წელს დაამთავრა. პროექტის შესახებ ყოფილმა ლექტორმა უთხრა. მარიამმა ფილმი ბიბლიოთეკარის შესახებ გადაიღო, რომელიც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობს. მისი თქმით, ფილმს ორი დღის განმავლობაში იღებდა, რომლის დროსაც პროექტის ხელმძღვანელებისგან რჩევები მიიღო. სამუშაო შეხვედრები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

„მარტოები ვაკეთებდით. თავიდან იდეები წარვადგინეთ. ჩვენ ვიღებდით დამოუკიდებლად და მონტაჟიც ჩვენით გავაკეთეთ. კარგი პრაქტიკა იყო ოთხ დღეში ფილმის შექმნა,“- განაცხადა მარიამ ფირცხალავამ.

 

Postcode Films 2007 წელს დაარსებული ორგანიზაციაა, რომლის მიზანი დოკუმენტური ფილმების შექმნა და ხელშეწყობაა. ორგანიზაცია ინტერესდება ისეთი ფილმებით, რომლებიც მიკუთვნებულობასა და ადგილმდებარეობასთან კავშირში არიან.

 

Potcode Films სამი მიმართულებით მუშაობს: მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აწყობს ვორქშოფებს. სწავლობს დოკუმენტურ ფილმებს, რომელთა ინტერესის საგანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკაა. ისინი ქმნიან მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს დამოუკიდებელ რეჟისორებთან თანამშრომლობით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი