ხელოვნება

ახალი საგამოფენო სივრცე თბილისში

8 ივნისი, 2013 • 2583
ახალი საგამოფენო სივრცე თბილისში

აღმაშენებლის გამზირის #16 მდებარე გალერეა, მისი მფლობელის ნინო სეხნიაშვილის თქმით, ამიერიდან სხვადასხვა კურატორის მიერ შერჩეული არტისტების გამოფენას შესთავაზებს დამთვალიერებელს.

 

გამოფენა 7 საათზე დაიწყო. მისული დამთვალიერებელი გალერეის შენობის გარდა აღმაშენებლის გამზირის ტროტუარზეც იყო შეკრებილი. 30 კვადრატული მეტრის ფართის გალერეა ყველას ვერ იტევდა. გამოფენის სტუმრები ტროტუარზე დადგმულ ხის სკამებზე სხედან, ზოგი ავტომობილებს მიყუდებული ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ.

 

საგამოფენო სივრცეს ქუჩისგან მხოლოდ მინიანი ფასადი და ფართოდ გაღებული კარი ჰყოფს. გალერეა ქუჩაში იჭრება, ქუჩა კი გალერეაში. შევამჩნიე, როგორ უყურებს შორიდან, გამზირის მოპირდაპირე მხრიდან უცნობი ქალი და გარედან ათვალიერებს გამოფენას. ნინო სეხნიაშვილის თქმით, აქ ადრე მაღაზია იყო.

 

ნამუშევრების დათვალიერებისას ჯერ კიდევ იგრძნობ საღებავის სუნს. ახლად გარემონტებული სივრცე, ნინოს თქმით, საკუთარი ძალებითა და თანამოაზრეების დახმარებით გაახლა. ნინოსთვის “ნექტარი” ექსპერიმენტია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს უშლის მასაც და თანამედროვე ქართველ არტისტებს.

 

გამოფენაზე 14 ექსპონატია წარმოდგენილი. მათ იდენტიფიკაციისთვის “გზამკვლევია” საჭირო, რომელზეც მოცემულია ნამუშევრების სახელი და ავტორი. გზამკვლევი კართან დევს. წარმოდგენილი ნამუშევრები ექვსი კურატორის მიერაა შერჩეული.

 

გამფენის დათვალიერება მარჯვნიდან მარცხნივ იწყება. პირველად სალომე ერაძის მუყაოზე ზეთში შესრულებული “მობანავე ქალია.” კედელზე გამოფენილ “მობანავე ქალის” წინ გიორგი ხანიაშვილის მიერ შესრულებული ხის სკულპტურა “ვენერა” დგას. ორივე ნამუშევრის წარმომდგენი კურატორი ირინა პოპიაშვილია. ხის “ვენერას’ ბერძნული ქანდაკების სახე, ორთოპედიული კაბინეტის მანეკენის ხერხემალი და ჰანს ბარმელისეული მანეკენის ფეხები აქვს.

 

ირინა პოპიაშვილმა კიდევ სამი არტისტის- ლევან ჭელიძის, ლადო ონიანისა და მაიკლ ჰიუის ნამუშევრები აარჩია.

 

ლევან ჭელიძეს ნატურმორტი ტილოზე ზეთში შესრულებული “ყვავილები” და “მონაზონი” აქვს წარმოდგენილი. ჩვენ მასთან ვიდეოინტერვიუ ჩავწერეთ. ლადო ონიანს რკინის, ცემენტისა და გუდრონისგან შესრულებული ობიექტები აქვს წარმოდგენილი. სალომე ერაძეს მობანავე ქალის გარდა ორი ნახატი სახელწოდებით- “მკითხავი” და “ბოშები” აქვს წარმოდგენილი, რომლებიც გამოფენაში რიგით მესამე და მეოთხე ექსპონატებია.

 

“მობანავე ქალის” შემდეგ ანა ლორთქიფანიძის “იდენტიფიკაციაა”. აკვარელის ქაღალდზე ციფრული ბეჭდვის ეგზემპლარი კურატორ გურამ წიბახაშვილის მიერაა წარმოდგენილი. ანა რეხვიაშვილი სინდი შერმანის ტრადიციის მიხედვით საკუთარ თავს უღებს ფოტოებს და სხვა ფილმის გმირების ფიზიკურ თუ სულიერ პროეცირებას ახდენს საკუთარ სხეულზე.

 

კურატორმა ლიკა ჭკუასელმა მაქსიმე მაჩაიძის ლექსები- ნახატების ინსტალაცია შეარჩია. მაჩაიძის ლექსი–ნახატები გამოფენაზე სხვადასხვა ნამუშევრებს შორისაა გაფანტული. ისინი ქართულ ენაზე- ზოგჯერ ქართული, ზოგჯერ ლათინური ასოებითაა შესრულებული. ყველა ლექსი მაქსიმე მაჩაიძეს ეკუთვნის. ლექსის ტექსტი კმომპოზიციის ნაწილია, ქაღალდის ნაკეცებსა და ამავე ქაღალდზე ნაბეჭდი მზა ნახატებთან ერთად.

 

ახალგარზდა მხატვრის ნიკ ო ნიკიას ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრები კურატორმა ანი ჩორგოლაშვილმა შეარჩია. ნიკ ო ნიკიას ნამუშევრები ეროტიკული ვებგვერდების ფოტოებითაა ინსპირირებული. მისი ნამუშევრები 13 გრაფიკული უსათაურო ნახატების სერიიდან იყო, რომელიც “ლუსკუმაში” იყო მოთავსებული, თითქოს ეროტიკული ისტორიების გმირებს პირადი სივრცე სჭირდებათ. თუმცა მინის ვიტრინა მაინც უტოვებს დამთვალიერებელს მათი “თვალთვალის” შესაძელბლობას.

 

ნინო ჩუბინიშვილის სამგანზომილებიანი ტყავის სკულპტურის მაკეტი ვატო წერეთელმა წარმოადგინა. ჩუბინაშვილის სკულპტურა არის ექსპერიმენტული ნამუშევარი. სკულპტურა “მტკივნეული ფერები” შერეული ტექნიკით არის გაკეტებული.

 

გამოფენაზე ხათუნა ხაბულიანის მიერ წარდგენილი მხატვრის მაია სუმბაძის Dreamworld ნახატები გამოიფინა. სუმბაძე ნამუშევრებში ხშირად იყენებს ციფრულად ნაბეჭდ და ხელით შესრულებულ ტექნიკას.

 

გამოფენა 6 ივლისამდე გაგრძელდება.

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი